ევროპამთავარი თემა

თურქეთს ნატოსა და რუსეთს შორის ბალანსირება გაუჭირდება

ავტორი: მარკ პიერინი კარნეგის ბრიუსელის ცენტრის უფროსი მკვლევარია


თურქეთის სამხედრო მრეწველობა ბოლო წლებში მნიშვნელოვნად განვითარდა და ყველა სახის აღჭურვილობას აწარმოებს. ქვეყანა ცდილობს, საკუთარი მოთხოვნილებები რაც შეიძლება მალე თავად დააკმაყოფილოს და ეს იარაღი საერთაშორისო არენაზე გავლენის განსამტკიცებლადაც გამოიყენოს – გინდ მისი გამოყენებით, გინდაც ექსპორტზე გატანით. ამგვარი პოლიტიკის ლოგიკა გასაგებია, მაგრამ მისი განხორციელება სულ უფრო რთულდება.

ანკარას ქცევას ყურადღებით აკვირდებიან მოსკოვში, ვაშინგტონსა და ბრიუსელში. მართალია, თურქეთი ნატოს წევრია, მაგრამ მოსკოვი 2016 წლიდან გულდასმით აშენებს სტრატეგიულ ურთიერთობას ანკარასთან, ნატოს რაკეტსაწინააღმდეგო გეგმებთან დასაპირისპირებლად. თუკი უკრაინა-რუსეთის კრიზისის ესკალაცია გაგრძელდება, თურქეთის გადაწყვეტილებები სულაც გამადიდებელი შუშის ქვეშ მოექცევა და აი, რატომ:

ჯერ ერთი, უკრაინამ თურქული წარმოების Bayraktar TB2 დრონები მრავლად შეიძინა და უკვე გამოიყენა კიდეც დონბასში, პრორუსული სეპარატისტული ძალების წინააღმდეგ. ამას მოსკოვის მწვავე რეაქცია მოჰყვა. ასეთი გაყიდვების გაგრძელება, მათ შორის დრონებისთვის საბრძოლო მასალების მიყიდვა და მათი ტექნიკური მომსახურება, ქმნის საფრთხეს, რომ დრონების ბაზირების აეროპორტები რუსული დარტყმის ქვეშ მოხვდება. მეორე მხრივ, თურქეთის მხრიდან უკრაინის ამგვარი მხარდაჭერა (რაც რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიის დაგმობასთან ერთად ხორციელდება), ნატოში თურქეთის პოზიციებს ამყარებს.

მეორე, ანკარას სავარაუდო მონაწილეობა ნატოს მასშტაბით მოსალოდნელ სანქციებში რუსეთის წინააღმდეგ ღრმად შეცვლის კრემლის მიერ თურქეთის როლის აღქმას. რა თქმა უნდა, არსებობს პრეცედენტები, როცა ნატოს წევრებს მხოლოდ ნაწილობრივ გაუზიარებიათ ალიანსის მხრიდან დაწესებული სანქციების რეჟიმი, ანდა სულაც უარი უთქვამთ მათ განხორციელებაზე. მაგრამ როგორც მონაწილეობის, ისე უარის თქმის შემთხვევაში თურქეთის რეპუტაციას დიდი ზიანი მიადგება – ან ვაშინგტონში, ანაც მოსკოვში.

მესამე, დაძაბულობის ფონზე აშშ და ნატო უფრო აქტიურად მოქმედებენ შავ ზღვასა და უკრაინაში, განსაკუთრებით დაზვერვისა და შეკავების მიზნებისთვის. დღის წესრიგში დგება თურქეთის მონაწილეობის საკითხი, მაგალითად, ნატოს კომბინირებულ ოპერაციებში ზღვაზე ან საჰაერო სივრცეში. დაუშვებს თუ არა ანკარა, რომ მისმა სამხედრო ხომალდებმა ანდა საჰაერო ტანკერებმა მონაწილეობა მიიღონ ასეთ ოპერაციებში?

ყოველი ეს კითხვა იმ მრავალწახნაგოვან ურთიერთობას ეხება, რაც თურქეთსა და რუსეთს შორის არსებობს და რომელიც მრავალმხრივ შეიძლება დაზიანდეს უკრაინა-რუსეთის კრიზისის გაუარესების შემთხვევაში.

მოსკოვს აქვს მტკიცე რეაქციის ვარიანტები: შეუძლია თურქული წარმოების ის სამხედრო ტექნიკა გაანადგუროს, რომელსაც უკრაინა იყენებს; ან ეკონომიკური კონტრსანქციები დაუწესოს თურქეთს (წინა კრიზისების დროს, მოსკოვმა უკვე შეზღუდა რუსული ტურიზმი და შეაჩერა თურქული სოფლის მეურნეობის ნაწარმის იმპორტი); ასევე, მოსკოვს შეუძლია უფრო აგრესიულად იმოქმედოს ჩრდილოეთ სირიაში თურქეთის ჯარების ანდა იძულებით გადაადგილებული სირიელების წინააღმდეგ თურქეთის საზღვართან.

კრემლთან, თეთრ სახლთან და ნატოსთან ურთიერთობებით ჟონგლირება ერდოღანის ერთ-ერთი ყველაზე დიდი გამოწვევაა. ამიტომაც ერდოღანმა უკვე რამდენჯერმე შესთავაზა შუამავლობა ამ კონფლიქტში  ჩართულ მხარეებს.

მაგრამ მიმდინარე საზრუნავის გარდა, თურქეთის ლიდერი უფრო ფართოდაც ხედავს პრობლემას.

ანკარამ აირჩია ისეთი პოლიტიკა, რომელიც ახლებური წონასწორობის წერტილის პოვნას გულისხმობს ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში მის სამოცდაათწლიან წევრობასა და  მოსკოვთან ჩამოყალიბებულ ახალი სტრატეგიულ კავშირებს შორის. რუსეთსა და უკრაინას შორის ღია დაპირისპირება აუცილებლად კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენებს გაწონასწორების ამ პოლიტიკას. ფსონზე ანკარას დაგეგმილი დიპლომატიური როლია: რატომ უნდა დაეთანხმოს მოსკოვი დასავლეთთან თურქეთის შუამავლობას, თუკი თურქეთის ნატოს ოპერაციებს შეუწყობს ხელს შავ ზღვაში?

ეს ეჭვქვეშ დააყენებს რუსეთის სამხედრო-დიპლომატიურ სტრატეგიასაც. მოსკოვმა წარმატებით გამოიყენა თურქეთი 2019-21 წლებში ნატოს წინააღმდეგ ქულების ჩასაწერად, როცა ანკარას რუსული S-400 საჰაერო თავდაცვის სისტემა მიჰყიდა. ამით რუსეთმა თურქეთში ამერიკული „პეტრიოტის“ სისტემების განთავსებაც დაბლოკა და, რადგან განრისხებულმა აშშ-მ ანკარას სანქციები დაუწესა, თურქეთისათვის სულ მცირე ასი F-35 სტელსის სისტემის გამანადგურებლის მიყიდვაც გამოირიცხა.

კრემლისთვის ეს მნიშვნელოვანი წარმატება იყო მის სამხრეთ ფლანგზე ატლანტიკური ალიანსის წინააღმდეგ. ოღონდაც ახლა ვითარება იცვლება – თურქული წარმოების დრონები დონბასში მის მოკავშირეებს ბომბავს, ხოლო თავად თურქეთი კი მზადაა, ნატოს სანქციებსა და რუსეთის წინააღმდეგ მიმართულ ოპერაციებში ჩაერთოს.

მოსკოვი, ალბათ, პირველ რიგში მხოლოდ ნატოს კონტექსტში გაუწევს წინააღმდეგობას ანკარას: მაგალითად, შავ ზღვაში თურქეთის მზარდ საზღვაო კონტინგენტზე გაზრდილი ზეწოლით.

რუსეთს ძალიან სურს რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის მხრივ თანამშრომლობის გაგრძელება. ზეწოლის ნაცვლად (ან მასთან ერთად) მოსკოვს ასევე შეუძლია თურქეთს უფრო მჭიდრო თანამშრომლობას დაპირდეს ისეთ რეგიონებში, სადაც ორი ქვეყანა პოტენციური კონკურენტია – ლიბიაში და მალიში – და ამით თურქეთი ანტიდასავლურ ტრაექტორიაზე დააყენოს, იქ სადაც კი ეს შესაძლებელი იქნება.

ნატოელი მოკავშირეების თვალში თურქეთს ჯერ გამოსასყიდი აქვს რუსული S-400-ის ყიდვით მოტანილი კრიზისი. თუკი ის უკრაინის გარშემო მიმდინარე დაპირისპირებაში საიმედო პარტნიორად გამოიჩენს თავს, ამით ეგებ ვაშინგტონთან არეული ურთიერთობებიც გამოასწოროს.

დრონების წარმოებაში მიღწეული უზარმაზარი პროგრესი თურქეთისთვის პოლიტიკურად საშურიცაა და სავალალოც: ლიბიაში, სირიაში, აზერბაიჯანსა და უკრაინაში თურქული დრონების წარმატება მის საერთაშორისო პრესტიჟს ზრდის, თუმცა, მეორე მხრივ, ამით უკმაყოფილო ძალების რიცხვიც იმატებს, რაც ფილიგრანულ დიპლომატიას მოითხოვს.

თურქეთის პრეზიდენტი რეჯებ ტაიპ ერდოღანი უკრაინა-რუსეთის კრიზისს ალბათ საკუთარი სამხედრო ინდუსტრიის საკეთილდღეოდ გამოიყენებს და თანაც შეეცდება დასავლეთსა და რუსეთს შორის დანის პირზე გაიაროს ისე, რომ ორივე მხარისთვის საიმედო შუამავლად წარმოაჩინოს თავი. საშინაო პოლიტიკაში, სადაც ეკონომიკური და პოლიტიკური კრიზისი სახეზეა, ამგვარად მოქმედება ერდოღანისთვის ფრიად მომგებიანი უნდა იყოს, თუმცა საერთაშორისო პოლიტიკის თვალსაზრისით – რისკები ფრიად მაღალია.

Via
Carnegie Europe
პირველწყარო
The Russia-NATO Crisis Tests Turkey’s Balancing Policy

მსგავსი/Related

Back to top button