skip to content
ახალი ამბები

სასამართლომ სააკაშვილის კადრებზე ინსპექტორის გადაწყვეტილება პენიტენციური სამსახურის მიმართაც გააუქმა

თბილისის საქალაქო სასამართლომ 17 იანვარს გააუქმა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გადაწყვეტილება სპეციალური პენიტენციური სამსახურის მიერ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის პერსონალური მონაცემების უკანონოდ გასაჯაროების შესახებ.

სასამართლოს განმარტებით, პენიტენციურმა სამსახურმა მიხეილ სააკაშვილის პერსონალური მონაცემების შემცველი მასალა მნიშვნელოვანი საჯარო ინტერესების დასაცავად გამოაქვეყნა. „სახეზე არ არის პერსონალური მონაცემების კანონის მოთხოვნათა დარღვევით დამუშავების ფაქტი“, – განაცხადა სასამართლომ.

მანამდე, 11 იანვარს, სასამართლომ ინსპექტორის სამსახურის მიერ იუსტიციის სამინისტროს მიმართ მიღებული იგივე გადაწყვეტილებაც გააუქმა.

სასამართლოს გადაწყვეტილებები 30 დეკემბერს, ქართული ოცნების მიერ ინსპექტორის სამსახურის გაუქმების შესახებ კანონპროქტის მხარდაჭერას მოჰყვა. სამსახური მუშაობას 1 მარტიდან შეწყვეტს და მის ნაცვლად ორი ახალი ორგანო – სპეციალური საგამოძიებო და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურები ამოქმედდება.

ინსპექტორის სამსახურმა 2021 წლის 3 დეკემბერს დაადგინა, რომ იუსტიციის სამინისტრომ და სპეციალურმ პენიტენციურმა სამსახურმა პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონის 44-ე დაარღვიეს, რისთვისაც სამინისტრო 500 ლარით, პენიტენციური სამსახური კი – 2 000 ლარით დააჯარიმა.

ამასთან, სამსახურმა ორივე უწყებას Facebook-დან და ვებგვერდებიდან ამ ვიდეოების წაშლაც დაავალა, თუმცა დავალება არცერთმა მათგანმა შეასრულა.

იუსტიციის სამინისტრომ და სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა თბილისის საქალაქო სასამართლოს მათ მიმართ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის მიერ გამოტანილი გადაწყვეტილების გაუქმების შესახებ ცალ-ცალკე საჩივრებით 2021 წლის 17 დეკემბერს მიმართეს.

ინსპექტორის სამსახურის გამოხმაურება

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შეფასებით, სასამართლოს მიერ მისი გადაწყვეტილების სრულად გაუქმება პატიმრობაში მყოფი პირების უფლებებისა და საჯარო სექტორში მონაცემთა დაცვის კუთხით „საშიშ პრეცედენტს და სტანდარტს“ ადგენს და „მნიშვნელოვნად აზიანებს საქართველოში პერსონალურ მონაცემთა დაცვის მდგომარეობას“.

ამავე განცხადებით, ინსპექტორის სამსახურის გადაწყვეტილება იყო დასაბუთებული და ეფუძნებოდა საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკას და პერსონალურ მონაცემთა მარეგულირებელ შიდა კანონმდებლობას და საერთაშორისო სტანდარტებს.

ინსპექტორის სამსახურმა იმედი გამოთქვა, რომ სასამართლოსგან ორივე დასაბუთებული გადაწყვეტილება „შემჭიდროებულ ვადებში“ ჩაბარდება, რათა 1 მარტამდე, სანამ სამსახური გაუქმდება, მათი ზემდგომ ინსტანციაში გასაჩივრება შეძლოს.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button