skip to content
ახალი ამბები

დავით ზალკალიანმა ეუთოს მინისტერიალის ფარგლებში შეხვედრები გამართა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, დავით ზალკალიანი 2-3 დეკემბერს სტოკჰოლმში ეუთოს მინისტერიალის ფარგლებში პოლონელ, სერბ, შვედ და კანადელ კოლეგებს შეხვდა.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 2 დეკემბერს, პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან, ზბიგნევ რაუსთან შეხვედრაზე მხარეებმა პოლონეთის, როგორც ეუთოს მომავალი თავმჯდომარის საკითხი განიხილეს.

მინისტრმა ზალკალიანმა ხაზი გაუსვა ეუთოში პოლონეთის თავმჯდომარეობის პერიოდში აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ოკუპაციის საკითხის მაღალ დონეზე შენარჩუნების მნიშვნელობას, ასევე ეუთოს მონაწილეობას ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების პროცესში.

თავის მხრივ, პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა პირობა დადო, რომ ყურადღებას გაამახვილებს რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე და მხარს დაუჭერს კონფლიქტით დაზარალებულ თემებს.

ზბიგნევ რაუმ კიდევ ერთხელ გამოხატა პოლონეთის მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მიმართ და ქვეყნის მიერ დემოკრატიული რეფორმების გაგრძელების საჭიროებას გაუსვა ხაზი.

იმავე დღეს, ზალკალიანი შვედ კოლეგას, ეუთოს მოქმედ თავმჯდომარეს ენ ლინდეს შეხვდა. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე განსაკუთრებით აღინიშნა ეუთოს თავმჯდომარეობის პერიოდში შვედეთის აქტიური ჩართულობა რეგიონში უსაფრთხოების უზრუნველყოფის პროცესში და მისი ძალისხმევა ეუთოს მაღალ დონეზე საქართველოს საკითხის შენარჩუნების თვალსაზრისით.

შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა Twitter-ზე დაწერა, რომ მათ კონფლიქტების მოგვარებისა და სამხრეთ კავკასიასთან რეგიონული თანამშრომლობის პოტენციალი განიხილეს. „გამოვხატე მაღალი მოლოდინები მომდევნო რეფორმების შედეგებთან დაკავშირებით“, – დასძინა ლინდემ.

ასევე 2 დეკემბერს, დავით ზალკალიანი სერბეთის საგარეო საქმეთა მინისტრს ნიკოლა სელაკოვიჩს შეხვდა. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ორმა მინისტრმა ხალხთა შორის ურთიერთობებზე, ასევე ეკონომიკური და სავაჭრო ურთიერთობების გაღრმავებაზე იმსჯელა.

სერბეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ ნიკოლა სელაკოვიჩმა გამოხატა მზადყოფნა, რომ გაძლიერდეს ურთიერთპოლიტიკური დიალოგი და შედგეს ორმხრივი ვიზიტები. მან საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი სერბეთში მიიწვია.

ამავე განცხადების თანახმად, სელაკოვიჩი მიესალმა საქართველოს „პრინციპულ პოზიციას სერბეთის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემისა“ და კოსოვოს არაღიარების თაობაზე.

3 დეკემბერს, დავით ზალკალიანმა კანადის ახლადდანიშნულ საგარეო საქმეთა მინისტრ მელანი ჟოლისთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა. საქართველოს საგარეო უწყების ინფორმაციით, მინისტრებმა მაღალი შეფასება მისცეს ნატოს რიგის მინისტერიალს და მის შედეგებს. კანადამ კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს ერვო-ატლანტიკური ინტეგრაციისადმი დიდი მხარდაჭერა.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button