ახალი ამბები

აფხაზეთის ლიდერი გალის რაიონში ადგილობრივებს შეხვდა 

აფხაზეთის ლიდერი, ასლან ბჟანია 24 ნოემბერს გალის რაიონს ესტუმრა, სადაც ცენტრალური საავადმყოფო და ენგურის გამშვები პუნქტი მოინახულა, ასევე გალის მოსახლეობასა და აქტივისტებს შეხვდა.

გალის მცხოვრებლებთან საუბრისას, აფხაზეთის ლიდერი რაიონში არსებულ რამდენიმე მწვავე პრობლემას შეეხო, მათ შორის, დასაქმების, სოფლის მეურნეობის, სამედიცინო და ენერგეტიკის სფეროებში.

ბჟანიას პრესსამსახურის ინფორმაციით, აფხაზეთის ლიდერმა რაიონის ეკონომიკური პოტენციალის სრულად ამოქმედების საჭიროებას გაუსვა ხაზი და აღნიშნა, რომ იმ 14 814 ადამიანიდან, რომელიც გალის პოტენციურ სამუშაო ძალას წარმოადგენს, 11 000 ადამიანს მუდმივი სამუშაო არ აქვს.

მისი თქმით, გალში დამუშავებული მიწის მოცულობა საბჭოთა დროს არსებული, დაახლოებით, 60 000 ჰექტრიდან 10 000 ჰექტრამდე შემცირდა. მან ციტრუსის მოყვანის ზრდის საჭიროებას გაუსვა ხაზი.

აფხაზეთის ლიდერმა აღნიშნა, რომ სოფლის მეურნეობაში შემცირებული წარმოება კაპიტალის ნაკლებობიდან გამომდინარეობს და დასძინა, რომ საჭიროა, რომ რეგიონმა იმ ქვეყნებიდან, რომელთაც აფხაზეთის დამოუკიდებლობა აღიარეს, ინვესტიციები და დახმარება მოიზიდოს.

ენერგომომარაგების სფეროში ოკუპირებული რეგიონის პრობლემებზე საუბრისას, ბჟანიამ კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ ხელისუფლება ცდილობს შეებრძოლოს კრიპტოვალუტის უკანონო მოპოვებას. მან ელექტროენერგიის გადასახადის აკრეფის მონაცემების ზრდის საჭიროებასაც გაუსვა ხაზი.

„აფსნიპრესის“ ინფორმაციით, შეხვედრაზე გალის საჯარო სკოლის მასწავლებელმა იმის შესახებ ისაუბრა, რომ ადგილობრივ მოსწავლეებს აფხაზეთსა და რუსეთში სწავლის გაგრძელება აფხაზური დოკუმენტების არქონის გამო არ შეუძლიათ.

გავრცელებული ინფორმაციით, ბჟანიამ დაავალა თავის ადმინისტრაციას, რომ პრობლემიდან გამოსავალი გამოძებნოს და ჰკითხოს სკოლის კურსდამთავრებულებს, თუ სად სურთ მათ სწავლის გაგრძელება. „ჩათვალეთ, რომ ეს საკითხი ინდივიდუალური წესით მოგვარდება“, – განაცხადა ბჟანიამ.

ამავე ინფორმაციით, გალის მცხოვრებლებმა ბინადრობის ნებართვების გაცემაში შეფერხებების საკითხიც დააყენეს. ამგვარ ნებართვებს სოხუმი გალის მოსახლეობის იმ ეთნიკურად ქართველი უმრავლესობისთვის გასცემს, რომელთაც აფხაზეთის მოქალაქეობა 2014 და 2017 წლებში ჩამოერთვათ. აფხაზეთის ლიდერმა ადგილობრივ ხელისუფლებას პრობლემის მოგვარება დაავალა.


გალის რაიონის 30 000-ზე მეტ მოსახლეს აფხაზეთის მოქალაქეობა და შესაბამისად პოლიტიკური უფლებები, მათ შორის, რეგიონის არაღიარებულ არჩევნებში მონაწილეობის უფლება წართმეული აქვთ.

ბჟანიას ადმინისტრაციამ გალის ქართველებისთვის აფხაზური პასპორტების გაცემის იდეა გააჟღერა, რასაც მწვავე პროტესტი მოყვა. გასულ წელს, ომის ვეტერანთა გავლენიანი ჯგუფი „არუაა“ აფხაზეთის მოქმედ ადმინისტრაციას საპროტესტო აქციებით დაემუქრა იმ შემთხვევაში, თუ ისინი პასპორტებს გასცემდნენ. მაშინ მათ მოქმედ პრემიერ-მინისტრს, ალექსანდრე ანქვაბს შეახსენეს, რომ ქართველებისთვის აფხაზური პასპორტების გაცემას 2014 წელს მისი თანამდებობიდან გათავისუფლება მოჰყვა.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Back to top button