Placeholder canvas
ახალი ამბები

გახარიას პარტია ენმ-ს და ქართულ ოცნებას საკრებულოებში თანამშრომლობას სთავაზობს

ყოფილი პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახაირიას პარტია საქართველოსთვის პოლიტიკურმა მდივანმა, კახაბერ ქემოკლიძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე ქართულ ოცნებასა და ერთიან ნაციონალურ მოძრაობას საკრებულოებში სამმხრივი თანამშრომლობის სქემა შესთავაზა.

მისი, თქმით, იმ მუნიციპალიტეტებში, სადაც პარტია საქართველოსთვის მანდატებს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატებს თავად დააყენებენ. ქემოკლიძემ იმედი გამოთქვა, რომ ქართული ოცნება და ნაციონალური მოძრობა მათ მხარს დაუჭერენ, თავად ამ პარტიების წარმომადგენლები კი – საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეების თანამდებობებს დაიკავებენ.

„ეს არის ჩვენი მხრიდან კიდევ ერთი გადადგმული ნაბიჯი იმისთვის, რათა ვიმოქმედოთ ქვეყნის თითოეული მუნიციპალიტეტის და მოქალაქეების საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე და თავიდან ავირიდოთ ნებისმიერი ტიპის კრიზისი მუნიციპალურ საკრებულოებში“, – განაცხადა მან.

გიორგი გახარიას პარტიას გადამწყვეტი როლი ექნება 7-დან სულ მცირე იმ 6 მუნიციპალიტეტის საკრებულოების თავმჯდომარეობის კანდიდატების არჩევაში, სადაც ქართულმა ოცნებამ უმრავლესობა ვერ მოაგროვა.

პარტია საქართველოსთვის ხმები გადამწყვეტი იქნება როგორც ქართული ოცნების, ისე ნაციონალური მოძრაობისთვის ბათუმში, რუსთავში, ზუგდიდში, წალენჯიხაში, ჩხოროწყუსა და სენაკის მუნიციპალიტეტების საკრებულოებში. მეშვიდე – მარტვილის მუნიციპალიტეტში ქართულ ოცნებას ევროპელ სოციალისტებთან თანამშრომლობა და ოპოზიციის დარჩენილი ნაწილის გარეშე შეუძლია საკრებულოს თავმჯდომარის არჩევა.

ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ 7 ოქტომბერს, თვითმმართველობის არჩევნებიდან რამდენიმე დღეში, ქართულ ოცნებასა და ნაციონალურ მოძრაობას თანამშრომლობისთვის მოლაპარაკებები შესთავაზა. მაშინ გახარიას პარტია პირობას დებდა, რომ საკრებულოების თავმჯდომარის პოსტზე ნებისმიერ იმ კანდიდატს დაუჭერდა მხარს, რომელზეც მმართველი გუნდი და ერთიანი ნაციონალური მოძრაობა შეთანხმდებოდნენ.

საპასუხოდ, მმართველმა პარტიამ შეთავაზება უარყო. ქართული ოცნების თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ მაშინ თქვა, რომ მმართველი გუნდი საკრებულოს წევრებთან ინდივიდუალური თანამშრომლობის გზით უმრავლესობის შექმნას მარტივად შეძლებდა.

გიორგი გახარიამ ახალი პარტია, პრემიერ-მინისტრობიდან წასვლის შემდეგ, მიმდინარე წლის მაისში დააფუძნა. პარტია საქართველოსთვის ქართულ ოცნებასთან და ნაციონალურ მოძრაობასთან ინდივიდუალურ თანამშრომლობაზე კატეგორიულ უარს ამბობს.

გიორგი გახარიას პარტიამ 2 ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნებში საქართველოს მასშტაბით 7.808%, თბილისში კი – ხმების 8.94% მიიღო.

საქართველოს პარლამენტმა პირველი მოსმენით უკვე მიიღო კანონპროექტი, რომელიც ყველა მუნიციპალიტეტში საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეების რაოდენობის სამამდე ზრდას ითვალისწინებს. ამჟამად, იმ მუნიციპალიტეტში, სადაც 100 000 ამომრჩეველზე მეტი ცხოვრობს, საკრებულოს თავმჯდომარე შესაძლოა ორი მოადგილე ჰყავდეს, უფრო მცირე მუნიციპალიტეტის საკრებულოებში კი – მხოლოდ ერთი. თბილისში ეს რაოდენობა დაკონკრეტებული არ არის.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button