Placeholder canvas
ახალი ამბები

შსს ოპოზიციის აქციისაკენ ბეტონის ნატეხის სროლის ფაქტს იძიებს

11 ნოემბერს, თბილისში, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ აქციაზე ერთ-ერთ მომიტინგეს, თამაზ სტეფნაძეს ახლომდებარე საცხოვრებელი კორპუსიდან ნასროლი, სავარაუდოდ, ბეტონის ნატეხი მოხვდა.

ინციდენტი თბილისში, ვაჟა-ფშაველას გამზირზე მდებარე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის „მოდულის“ შენობის წინ მოხდა, სადაც მიხეილ სააკაშვილის მომხრეები ექს-პრეზიდენტის ციხის საავადმყოფოდან სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანას ითხოვდნენ.

სტეფნაძის მონაყოლის თანახმად, უცნობმა პირმა აქციის მიმართულებით ბეტონის ნამსხვრევი კორპუსის მე-6 სართულიდან ისროლა. მამაკაცი მძიმედ არ დაზარალებულა, თუმცა სასწრაფო დახმარების ექიმებს მისთვის თავზე ნაკერების დადება მოუწიათ.

მამაკაცის მონათხრობით, ბეტონის ნამსხვრევები სხვა მომიტინგეებსაც მოხვდათ. მისი აზრით, უცნობმა ბეტონის ნატეხი ზოგადად აქციისკენ გამოისროლა და არა — განზრახ მისკენ.

სტეფნაძის თქმით, ინციდენტის შემდეგ იგი პოლიციამაც გამოკითხა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ „სამოქალაქო საქართველოს“ (Civil.ge) დაუდასტურა, რომ გამოძიება დაწყებულია, თუმცა არ დააკონკრეტა რომელი მუხლით. სამინისტროს დამატებითი დეტალები არ გაუმჟღავნებია.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button