skip to content
ახალი ამბები

არასამთავრობოები ხელისუფლებას სააკაშვილის სამოქალაქო საავადმყოფოში გადაყვანისკენ მოუწოდებენ  

რვა არასამთავრობო ორგანიზაციამ 9 ნოემბერს ერთობლივი განცხადება გამოაქვეყნა, სადაც ხელისუფლებას ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის „ალტერნატიულ სამედიცინო დაწესებულებაში“ დაუყოვნებლივ გადაყვანისკენ მოუწოდეს.

„მოვუწოდებთ ხელისუფლებას გადადგას კონკრეტული ნაბიჯები ვითარების დეესკალაციის მიმართულებით. მათ შორის, საქართველოს მესამე პრეზიდენტი დაუყოვნებლივ გადაიყვანოს იმ ალტერნატიულ სამედიცინო დაწესებულებაში, სადაც დაცული იქნება მისი ღირსება, სიცოცხლე,  ჯანმრთელობა და უსაფრთხოება“, – ნათქვამია განცხადებაში.

არასამთავრობო ორგანიზაციების თქმით, ქართული ოცნების წარმომადგენლების მიერ გაკეთებული საჯარო განცხადებები მიუთითებს, რომ სააკაშვილის ციხის სამკურნალო დაწესებულებაში გადაყვანის  გადაწყვეტილება „მათი ჩართულობითა და სურვილით, კონსილიუმისა და სახალხო დამცველის რეკომენდაციების უგულებელყოფით არის მიღებული“.

აღნიშნეს რა, რომ „მიმდინარე მოვლენებზე სრული პასუხისმგებლობა ხელისუფლებას ეკისრება“, არასამთავრობო ორგანიზაციებმა განაცხადეს, რომ მიხეილ სააკაშვილის მკურნალობაზე მთავრობის გადაწყვეტილებები „არაა მიმართული არც ქვეყანაში არსებული მძიმე პოლიტიკური კრიზისის განმუხტვისკენ და არც პატიმრის ჯანმრთელობის ინტერესებით არის ნაკარნახევი“.

„არსებული პოლიტიკური ვითარების გათვალისწინებით, ხელისუფლების გაუმართლებელი ნაბიჯების შედეგად ქვეყანა შესაძლოა სამოქალაქო დაპირისპირების წინაშე აღმოჩნდეს“, – განაცხადეს არასამთავრობო ორგანიზაციებმა და ხელისუფლებას ვითარების დეესკალაციისაკენ კონკრეტული ნაბიჯების გადადგმისკენ მოუწოდეს.

განცხადებას ხელს აწერენ „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა“, „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“, „ღია საზოგადოების ფონდი“, „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება“, „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი“, „უფლებები საქართველო“, „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ და მოძრაობა „სირცხვილია“.

სააკაშვილი გლდანის ციხის საავადმყოფოში მისი ნების საწინააღმდეგოდ გადაიყვანეს. სახალხო დამცველის აპარატმა განაცხადა, რომ ციხის საავადმყოფოში არსებული გარემო ექს-პრეზიდენტის ღირსებას ლახავს.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button