Placeholder canvas
ახალი ამბები

ოპოზიციის საპროტესტო აქცია ბათუმში

ოპოზიციურმა პარტიებმა – ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ, ლელომ ,გირჩი-მეტი თავისუფლებამ, დროამ და ევროპულმა საქართველომ გუშინ, ბათუმში, სადაც 30 ოქტომბრის მეორე ტურში მმართველი გუნდის მერობის კანდიდატმა მცირედი სხვაობით მოიგო, „მოპარული“ არჩევნების გასაპროტესტებლად აქცია გამართეს.

აქციას ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე, ნიკა მელია და სხვა ოპოზიციონერები, მათ შორის, ლელოს ლიდერები – მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე, დროას ლიდერი – ელენე ხოშტარიაც ესწრებოდნენ. ბათუმის, ქუთაისისა და ზუგდიდის შემდეგ, ოპოზიცია დასკვნითი, ფართომასშტაბიანი აქციის გამართავს 6 ნოემბერს, თბილისში გეგმავს.

აქციაზე შეკრებილებს სიტყვით მიმართა ნიკა მელიამ და თქვა, რომ საპროტესტო აქციებით ოპოზიცია „ყველა დასაშვები გზით, მშვიდობიანად და არაძალადობრივად, მოპარული არჩევნების უკან დაბრუნებას“ აპირებს.

მანვე აქციის მონაწილეებს რიტორიკული შეკითხვითაც მიმართა და თქვა – „ბელორუსიად უნდა ვაქციოთ ეს სახელმწიფო?“. „ფართომასშტაბიანი საპროტესტო აქციები არ შენელდება მანამ, სანამ სიმართლე არ გაიმარჯვებს“, – ხაზი გაუსვა მანვე.

„ჩემი რწმენაა, რომ ამ ქვეყანას მომავალში უნდა ჰყავდეს კოალიციური მმართველობა. კოალიციური მმართველობა არის შესაძლებლობა, რომ ქვეყანამ ერთხელ და სამუდამოდ უარი უთხრას საბჭოთა წარსულს და სვლა ამაყად თავაწეულებმა ევროპული ოჯახისკენ განვაგრძოთ. ყველა საღად მოაზროვნე ადამიანი ასე ფიქრობს, ბიძინა ივანიშვილის გუნდის გარდა“, – განაცხადა მელიამ.

ენმ-ის თავმჯდომარემ პატიმრობაში მყოფ მოშიმშილე ყოფილ პრეზიდენტზე, მიხეილ სააკაშვილზე ისაუბრა და მისი სამოქალაქო საავადმყოფოში გადაყვანის აუცილებლობა აღნიშნა. მანვე ხაზი გაუსვა, რომ პერმანენტული აქციები იქნება რუსთავის მე-12 ციხესთან, სადაც მიხეილ სააკაშვილი სასჯელს იხდის.

„ბრძოლას ვაპირებთ მის [მიხეილ სააკაშვილის] გათავისუფლებამდე“, – დასძინა ნიკა მელიამ.

ბათუმში, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მერობის კანდიდატმა, გიორგი კირთაძე (48.98%) ქართული ოცნების კანდიდატთან, არჩილ ჩიქოვანთან (51.02%) მინიმალური სხვაობით დამარცხდა, აქციაზე სიტყვით გამოსვლისას ხაზი გაუსვა, რომ ვერავინ იტყვის, რომ ეს არჩევნები ქართული ოცნების გამარჯვებით დასრულდა.

მანვე აღნიშნა, რომ მიუხედავად „დაშინების“, შანტაჟისა“ და „მოსყიდვისა“ ბიძინა ივანიშვილი ბათუმში მაინც „დამარცხდა“.

მანვე განაცხადა, რომ ოპოზიცია პროტესტის პარალელურად სამართლებრივ მექანიზმებსაც მიმართავს და ხმების გადათვლასა და სამაგიდო სიების გახსნას მოითხოვს. „ბრძოლა იქნება უკომპრომისო და ბოლომდე“, – უთხრა მან აქციის მონაწილეებს.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button