Placeholder canvas
ახალი ამბები

გამარჯვებას ოპოზიციაც აღნიშნავს და ხმების დაცვის პირობას დებს

ტელეკომპანია „ მთავარი არხის“ დაკვეთით ჩატარებული ეგზიტპოლების შედეგების გამოცხადების შემდგ, რომელთა თანახმადაც, თბილისში, ქუთაისში, ბათუმში, რუსთავსა და ზუგდიდში ოპოზიციის კანდიდატები ლიდერობენ, გამარჯვება აღნიშნეს ოპოზიციაშიც.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარემ და დედაქალაქის მერობის კანდიდატმა ნიკა მელიამ განაცხადა, რომ „ყველა მსხვილ ქალაქში ოპოზიცია იმარჯვებს“.

მანვე, ოპოზიციონერ ლიდერებს, მათ წარმომადგენლებსა და ამომრჩევლებს ხმების დაცვისკენ მოუწოდა და თქვა, რომ „ახლა შტაბებში ყოფნის დრო არ არის“.

„ვისაც აქვს აკრედიტაცია, უნდა შევიდეთ უბნებზე და დავიცვათ ხმები“, – დასძინა ნიკა მელიამ.

ოპოზიციის საზეიმო განწყობაში სიფრთხილე შეინიშნებოდა, რაც დიდი ალბათობით, ტელეკომპანია „იმედის“ დაკვეთით ჩატარებული ეგზიტპოლებით არის განპირობებული, რომელთა მიხედვითაც, ქართული ოცნების დედაქალაქის მერობის კანდიდატი, კახა კალაძე თბილისს 57%-ით იგებს, ბათუმში, ქუთაისსა და რუსთავში კი – მმართველი პარტიის კანდიდატები მცირე უპირატესობით ლიდერობენ.

ცდომილების ზღვრის გათვალისწინებით, კანდიდატებს შორის მცირედი სხვაობა ფიქსირდება „მთავარი არხის“ დაკვეთით ჩატარებული ეგზიტპოლების შედეგებშიც.

ენმ-ის ბათუმის მერობის კანდიდატმა, გიორგი კირთაძემ, „მთავარ არხთან“ საუბარში თქვა, რომ მას ამავე ტელეკომპანიის დაკვეთით ჩატარებული ეგზიტპოლების სჯერა, რადგანაც ადგილზე არსებული განწყობები სწორედ ამის წინაპირობა იყო. „დასრულდა, ბათუმში უკვე გვყავს ჩვენ მრავალპარტიული უმრავლესობა საკრებულოში და გვყავს კოალიციური მერია“, – დასძინა მანვე.

„მე ერთი წუთი არ დამიკარგავს გამარჯვების რწმენა“, – განაცხადა ენმ-ის ქუთაისის მერობის კანდიდატმა, ხატია დეკანოიძემ და თითოეული ამომრჩევლის ხმის დაცვის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი. „ახლა აუცილებელია, ეს შედეგები, რომლებიც არის ქუთაისსა და ყველგან, ჩვენ შევინარჩუნოთ“, – ხაზი გაუსვა მანვე.

მეორე ტურებამდე ცოტა ხნით ადრე, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მერობის კანდიდატებმა თბილისში, ბათუმში, ფოთსა და ქუთაისში სხვა ოპოზიციურ პარტიებთან, მათ შორის, ლელოსთან, დროასთან და ევროპულ საქართველოსთან მთავრობის ერთიანი, კოალიციური კაბინეტები წარადგინეს.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button