ახალი ამბები

ნაციონალური მოძრაობა ქუთაისში, ბათუმსა დ ფოთში კოალიციური მთავრობის შექმნის პირობას დებს

რამდენიმე ოპოზიციურმა პარტიამ და დამოუკიდებელმა პოლიტიკოსმა ბათუმში, ქუთაისსა და ფოთში 30 ოქტომბრის მეორე ტურებისთვის ნაციონალურ მოძრაობასთან ძალები გააერთიანეს და კოალიციური მთავრობების ჩამოყალიბების პირობა დადეს. მანამდე, 20 ოქტომბერს, ნაციონალურმა მოძრაობამ და რამდენიმე ოპოზიციურმა პარტიამ ანალოგიური დაპირება თბილისთან დაკავშირებითაც გასცა.

ბათუმი

ბათუმში, სადაც გიორგი კირთაძე (41.96%) ნაციონალური მოძრაობიდან ქართული ოცნების კანდიდატს არჩილ ჩიქოვანს (41.06%) დაუპირისპირდება, ოპოზიციურმა პარტიებმა დასკვნითი პრეზენტაცია გამართეს.

აღნიშნეს რა, რომ ოპოზიციურმა პარტიებმა ბათუმის საკრებულოში უკვე მოიპოვეს უმრავლესობა, ნაციონალური მოძრაობის მერობის კანდიდატმა, გიორგი კირთაძემ გამარჯვების შემთხვევაში კოალიციური მთავრობის ჩამოყალიბების პირობა დადო.

ლელოს ადგილობრივმა ლიდერმა და ბათუმის საკრებულოს არჩეულმა წევრმა, ირაკლი კუპრაძემ ამომრჩეველს კირთაძის მხარდაჭერისკენ მოუწოდა. მისი თქმით, გიორგი კირთაძის მხარდაჭერით, ამომრჩევლები მხარს დაუჭერენ ლელოს, ევროპული საქართველოს, სტრატეგია აღმაშენებლის, ერთიანი საქართველოს, დროას და იმ სამოქალაქო აქტივისტების კოალიციურ ერთობას, რომლებიც წინა ათწლეულში და მანამდეც ბათუმს მათთან ერთად იცავდნენ.

ბათუმში, კირთაძის მოადგილეების კანდიდატები არიან გენრი დოლიძე – მწერალი და აქტივისტი, გოჩა გუგუნავა – დამოუკიდებელი კანდიდატი და გიორგი ცინცქილაძე – ერთიანი საქართველო – დემოკრატიული მოძრაობის წევრი.

ქუთაისი

ქუთაისში, ნაციონალური მოძრაობის მერობის კანდიდატმა, ხატია დეკანოიძემ ჩრდილოვანი კაბინეტი წარადგინა და თავისი მოადგილეობის კანდიდატებად დაასახელა – ანა ნაცვლიშვილი ლელოდან, იმედა კლდიაშვილი გირჩი-მეტი თავისუფლებიდან, სპორტსმენი რევაზ ჩომახიძე და გირჩის ყოფილი წევრი, თემურ ცამციშვილი.

25 ოქტომბერს ქუთაისში გამართულ პრეზენტაციაზე დეკანოიძემ პირობა დადო, რომ საზოგადოებრივ ორგანიზაციებს მერიის აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელის შერჩევის საშუალებას მისცემს.

პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ და ერთიანი საქართველოს ლიდერმა, ნინო ბურჯანაძემ, პარტია ლელოს ლიდერმა ბადრი ჯაფარიძემ და გირჩი – მეტი თავისუფლების ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ დეკანოიძეს მხარდაჭერა გამოუცხადეს.

ფოთი

25 ოქტომბერს, რვა ოპოზიციურმა პარტიამ – ნაციონალურმა მოძრაობამ, ევროპულმა საქართველომ, ლელომ, მესამე ძალა – სტრატეგია აღმაშენებელმა, გირჩი-მეტი თავისუფლებამ, დროამ, ერთიანმა საქართველომ და თავისუფალმა საქართველომ – ფოთში კოალიციური თანამშრომლობის შესახებ მემორანდუმს მოაწერეს ხელი.

ხელმოწერის ცერემონიაზე, ნაციონალური მოძრაობის ფოთის მერობის კანდიდატმა, გიგი უგულავამ არჩევის შემთხვევაში კოალიციური მთავრობის ჩამოყალიბების პირობა დადო და კოალიციურ მთავრობას ძალთა გადანაწილებისთვის საუკეთესო მექანიზმი უწოდა.

მისი თქმით, ისინი მზად არიან ყოფილი პრემიერის, გიორგი გახარიას პარტიასთანაც ითანამშრომლონ.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button