ახალი ამბები

პრემიერი სააკაშვილზე: „ადამიანს აქვს თვითმკვლელობის უფლება“

„კანონში წერია, რომ ადამიანს აქვს თვითმკვლელობის უფლება“, – განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა 28 ოქტომბერს ტელეკომპანია „იმედთან“ ინტერვიუში მიხეილ სააკაშვილის შიმშილობის შესაძლო „ფინალის“ შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ.

„თუ ადამიანი გადაწყვეტს, რომ თავი მოიკლას, შეუძლია მოიკლას, მაგრამ ამაზე რა თქმა უნდა, სახელმწიფო პასუხისმგებლობას ვერ აიღებს“, – აღნიშნა მანვე.

ირაკლი ღარიბაშვილმა ასევე ხაზი გაუსვა, რომ ხელისუფლება „ყველაფერს აკეთებს“, ყოფილი პრეზიდენტის სრულყოფილი სამედიცინო მომსახურების უზრუნველსაყოფად. მიხეილ სააკაშვილი 1 ოქტომბერს დააკავეს და უკვე 29-ე დღეა, რაც შიმშილობს.

წამყვანის შენიშვნას, რომ როდესაც ადამიანი თავს იზიანებს, სახელმწიფო მას უნდა დაეხმაროს, ირაკლი ღარიბაშვილმა უპასუხა, რომ „საჭირო დროს, საჭიროების შემთხვევაში, გადავიყვანთ მას გლდანის საავადმყოფოში“.

მანვე მიხეილ სააკაშვილის კერძო კლინიკაში გადაყვანის შემთხვევაში უსაფრთხოების კუთხით არსებულ რისკებსა და შესაძლო პროვოკაციებზეც გაამახვილა ყურადღება და თქვა, რომ არის საფრთხე „მუდმივი ქაოსის და ჯაჯგურის“, რის გამოც „პოლიციას მოუწევდა ძალის გამოყენება“.

საქართველოს კონსტიტუციის მე-10 (1) მუხლის თანახმად, „ადამიანის სიცოცხლე დაცულია“. ასევე, სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლის თანახმად, აკრძალულია პირის თვითმკვლელობამდე მიყვანა. თვითმკვლელობის შემთხვევებისას, გამოძიება სწორედ ამ მუხლით იწყება.

ბოლო რამდენიმე დღეა, რაც საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მკურნალობის ადგილი კვლაც დაპირისპირების საგნად რჩება.

სხვადასხვა რისკის გათვალისწინებით, სააკაშვილის პირადი მკურნალი ექიმი, ადვოკატები და სახალხო დამცველი მიხეილ სააკაშვილის ციხის მე-18 სამკურნალო დაწესებულებაში გადაყვანას არ ეთანხმებიან.

27 ოქტომბერს გამოქვეყნებულ დამოუკიდებელ განცხადებებში, ევროპის სახალხო პარტიამ და ევროპარლამენტის ევროპის კონსერვატორთა და რეფორმატორთა ჯგუფმა საქართველოს ხელისუფლებას ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო საავადმყოფოში გადაყვანისკენ მოუწოდეს.

ოპოზიციის გამოხმაურება

„დაუჯერებელია, საქართველოს მთავრობის მეთაური ღიად ამბობს, რომ მოშიმშილე პრეზიდენტს სიკვდილის უფლებას მისცემს და პასუხისმგებლობას სრულად თავად პატიმარს აკისრებს“, – განაცხადა დროას ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ.

„ბერა ივანიშვილის სამარცხვინო კლოუნს, პრემიერად წოდებულს, ვინმემ აუხსნას-თვითმკვლელობის უფლება არა, მაგრამ თვითმკვლელობამდე მიყვანაზე კი, სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა ნამდვილად არსებობს. დრო მოვა, მალე, მოგეკითხებათ“, – დაწერა Facebook-ზე დამოუკიდებელმა დეპუტატმა და ნაციონალური მოძრაობის ყოფილმა წევრმა სალომე სამადაშვილმა.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button