ახალი ამბები

მოწმემ ხანგოშვილის მკვლელობის საქმეზე მთავარი ეჭვმიტანილის ვინაობა დაადასტურა 

მოწმემ უკრაინიდან გერმანულ სასამართლოს დაუდასტურა ვადიმ კრასიკოვის ვინაობა, რომელიც 2019 წელს ბერლინში საქართველოს მოქალაქის ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობის საქმეზე მთავარი ეჭვმიტანილია.

გერმანული მედიის ინფორმაციით, მოწმემ პირველი ინსტანციის სასამართლოს მხოლოდ მეორედ გამოცხადებისას დაუდასტურა, რომ ეჭვმიტანილი მისი ქვისლი, ვადიმ კრასიკოვია.

გავრცელებული ინფორმაციით, ივლისში სასამართლოში პირველი ჩვენების მიცემისას, მოწმემ, რომელიც მედიის მიერ იდენტიფიცირებულია როგორც „ვ“, კრასიკოვის ვინაობა არ გაამხილა. თუმცა, მოგვიანებით, თავად ითხოვა სასამართლოში მისვლა და წინა გადაწყვეტილების მიზეზად რუსეთიდან შურისძიების რისკები დაასახელა.

მედიის ინფორმაციით, „ვ“-მ გაიხსენა მისი საუბრები და შეხვედრები კრასიკოვთან, ასევე ისაუბრა მის შესაძლო კავშირებზე რუსეთის უშიშროების ფედერალურ სამსახურთან, ვინაიდან ერთ-ერთი ოჯახური სტუმრობის დროს კრასიკოვმა რუსეთის უშიშროების სამსახურის სპეცრაზმის, „ვიმპელის“ მაისურები მიიტანა.

40 წლის ზელიმხან ხანგოშვილი (იგივე თორნიკე ქავთარაშვილი) 2019 წლის 23 აგვისტოს ბერლინში მოკლეს. ჩეჩნური წარმომავლობის საქართველოს მოქალაქე გერმანიაში მას შემდეგ გაემგზავრა, რაც იგი 2015 წელს თბილისში მკვლელობას გადაურჩა.

გერმანიის მთავარმა პროკურატურამ ხანგოშვილის მკვლელობაში რუსეთის მოქალაქე ვადიმ კრასიკოვს, რომელიც გერმანიაში ვადიმ სოკოლოვის სახელით ჩავიდა, ბრალი ოფიციალურად 18 ივნისს წარუდგინა. გერმანიის ფედერალური პროკურატურის მიერ გამოქვეყნებულ ბრალდებაში აღნიშნულია, რომ მკვლელი რუსეთის ხელისუფლების დავალებით მოქმედებდა. იგი დაჟინებით აცხადებდა, რომ ის არა კრასიკოვი, არამედ სოკოლოვია.

მართალია, გერმანიის პროკურატურას, როგორც ცნობილია, ეჭვმიტანილის დანაშაულში მონაწილეობის შესახებ საკმარისი მტკიცებულება გააჩნია, მათ შორის, სასამართლო ექსპერტიზის მონაცემები, კითხვები არსებობს მისი ნამდვილი ვინაობისა და რუსეთთან სავარაუდო კავშირების შესახებ.

ხანგოშვილის მკვლელობის საქმეზე დამოუკიდებელი გამოცემების – „ბელინგქეთის“ (Bellingcat), „ინსაიდერისა“ (The Insider) და „შპიგელის“ (Der Spiegel) მიერ 2019-2021 წლებში ჩატარებულმა გამოძიებებმა ხელი შეუწყო ეჭვმიტანილის გამოვლენასა და მისი პერსონის დაკავშირებას რუსეთის უშიშროებისა და დაზვერვის სამსახურებთან. გერმანული გაზეთი „Die Welt“ იტყობინება, რომ თუ დადგინდება, რომ ეჭვმიტანილი კრასიკოვია, ამან, შესაძლოა, რუსეთის წინააღმდეგ სახელმწიფო ტერორიზმის ბრალდებები წარმოშვას.

ხანგოშვილის მკვლელობამ რუსეთსა და ევროკავშირს შორის დიპლომატიური ურთიერთობებიც დაძაბა. 2019 წლის დეკემბერში, გერმანიამ ბერლინში რუსეთის საელჩოს ორი თანამშრომელი გააძევა და მოტივად, გამოძიებასთან თანამშრომლობაზე მათი უარი დაასახელა.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button