skip to content
ახალი ამბები

ხანგოშვილის მკვლელობა: გერმანია რუსეთის მიმართ „შემდგომი ქმედების უფლებას იტოვებს“ 

რუსული საინფორმაციო სააგენტო „ინტერფაქსისთვის“ 11 აგვისტოს მიცემულ ინტერვიუში, გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ჰეიკო მაასი, სხვა საკითხებთან ერთად, 2019 წელს ბერლინში საქართველოს მოქალაქის ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობასაც შეეხო, რომლის უკანაც, გერმანიის პროკურატურის თქმით, რუსეთის ხელისუფლება დგას.

ჰეიკო მაასმა, რომელიც 11 აგვისტოს რუსეთს ოფიციალური ვიზიტით სტუმრობდა, „ინტერფაქსს“ უთხრა, რომ გერმანიის ფედერალური პროკურატურის განცხადება, რომ მკვლელობაში ბრალდებული რუსეთის ხელისუფლების დავალებით მოქმედებდა, „უკიდურესად სერიოზული ბრალდებაა“.

„ამიტომ, ძალიან ყურადღებით ვადევნებთ თვალს სასამართლო პროცესს“, – განაცხადა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

„არაერთხელ გვითქვამს, რომ ახალი ზომების მიღების უფლებას ვიტოვებთ. ჩვენი სამომავლო ნაბიჯები, იმაზე იქნება დამოკიდებული, თუ რა გამოჩნდება სასამართლო პროცესისას“, – აღნიშნა მან.

ჰეიკო მაასის თქმითვე, მიუხედავად იმისა, რომ მკვლელობის გამოძიების პროცესში „კომპეტენტურმა ორგანოებმა რუსეთს სამართლებრივი დახმარების აღმოჩენის თხოვნით მიმართეს, მას ამისთვის სერიოზული მზადყოფნა არ გამოუხატავს“.

თავის რუს კოლეგასთან, სერგეი ლავროვთან შეხვედრის შემდეგ, გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ მკვლელობამ ქვეყნებს შორის ორმხრივი ურთიერთობა დაძაბა. „მე მკაფიოდ განვაცხადე, რომ ჩვენ დავიცავთ გერმანიის მოსახლეობას – ყოველგვარი კომპრომისის გარეშე“, – დასძინა მან.

40 წლის ზელიმხან ხანგოშვილი (იგივე თორნიკე ქავთარაშვილი) ბერლინში 2019 წლის 23 აგვისტოს მოკლეს. ჩეჩენი წარმომავლობის საქართველოს მოქალაქე გერმანიაში მას შემდეგ გაემგზავრა, რაც 2015 წელს თბილისში მკვლელობას გადაურჩა.

გერმანიის მთავარმა პროკურატურამ ხანგოშვილის მკვლელობაში რუსეთის მოქალაქე ვადიმ კრასიკოვს, ბრალი ოფიციალურად 18 ივნისს წარუდგინა. გერმანიის ფედერალური პროკურატურის მიერ გამოქვეყნებულ ბრალდებაში აღნიშნულია, რომ მკვლელი რუსეთის ხელისუფლების დავალებით მოქმედებდა.

მკვლელობის შემდეგ, დეკემბერში, გერმანიამ ბერლინში რუსეთის საელჩოს ორი თანამშრომელი გააძევა და ამის მოტივად, გამოძიებასთან თანამშრომლობაზე მათი უარი დაასახელა.

ასევე წაიკითხეთ: 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button