skip to content
ახალი ამბები

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ესტონელ კოლეგას თბილისში შეხვდა 

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ 26 ოქტომბერს თბილისში ესტონელ კოლეგას, კალე ლაანეტს უმასპინძლა. შეხვედრაზე მინისტრებმა ორმხრივი პარტნიორობის დინამიკა და მომავალი პერსპექტივები, ასევე შავის ზღვის სტაბილურობა და უსაფრთხოება განიხილეს.

შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე ჯუანშერ ბურჭულაძემ შავი ზღვის რეგიონისთვის თავდაცვის სფეროში საქართველო-ესტონეთის თანამშრომლობის როლზე გაამახვილა ყურადღება.

„შევთანხმდით, რომ გავაგრძელებთ მჭიდრო თანამშრომლობას, რაც შავი ზღვის რეგიონში სტაბილურობისა და რუსეთის აგრესიული ქმედებების შეკავების და ჰიბრიდული გამოწვევების წინაღმდეგ ბრძოლაში მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს“, – აღნიშნა მან.

მინისტრმა ბურჭულაძემ ხაზი გაუსვა ესტონეთის მხარდაჭერის მნიშვნელობას სამინისტროს ინსტიტუციური განვითარების, სამხედრო განათლებისა და ერთობლივი წვრთნების განხორციელების საქმეში. ასევე ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტით (SNGP) გათვალისწინებული კიბერუსაფრთხოების ინიციატივის განხორციელების მიმართულებით ესტონეთის მნიშვნელოვან წვლილზე გაამახვილა ყურადღება.

თავის მხრივ, ესტონეთის თავდაცვის მინისტრი მიესალმა საქართველოსა და ესტონეთს შორის თავდაცვის სფეროში არსებულ 30-წლიან „კარგ თანამშრომლობას“. „ჩვენ სხვადასხვა გამოცდილებები გვაქვს, მაგრამ ერთმანეთისგან ვსწავლობთ“, – განაცხადა მან.

ესტონეთის თავდაცვის მინისტრი საქართველოს თავდაცვის ძალების ეროვნული გვარდიის უფროსს, ბრიგადის გენერალს, რომან ჯოხაძესა და თავდაცვის მინისტრის მოადგილეს, დავით სუჯაშვილსაც შეხვდა.

ვიზიტის ფარგლებში, იგი თავდაცვის სამინისტროს კიბერუსაფრთხოების ბიუროსა და ნატო-საქართველოს წვრთნისა და შეფასების ერთობლივ ცენტრსაც ეწვევა.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button