skip to content
ახალი ამბები

სტრასბურგის სასამართლომ აგვისტოს ომის საქმეზე საქართველოს წინააღმდეგ შეტანილი სარჩელები დაუშვებლად ცნო

ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპულმა სასამართლომ 21 ოქტომბერს განაცხადა, რომ „დაუშვებლად“ ცნო საქართველოს წინააღმდეგ შეტანილი ორი სარჩელი, რომელიც 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დროს ადამიანის უფლებათა სავარაუდო დარღვევებს ეხებოდა.

სარჩელები რუსეთის რამდენიმე მოქალაქემ შეიტანა, რომლებიც ომის დროს ცხინვალის რეგიონში ან თავად ცხოვრობდნენ, ან შეიარაღებული კონფლიქტის დროს მათი ოჯახის წევრები დაზარალდნენ.

მოსარჩელეების თქმით, საქართველომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენცია რამდენიმე შემთხვევაში დაარღვია. კერძოდ, დაირღვა კონვენციის მე-2 მუხლი – სიცოცხლის უფლება, ასევე მე-3, მე-8, მე-13 და მე-14 მუხლები და პირველი ოქმის 1-ლი მუხლი. კიდევ ერთ შემთხვევაში, მათი თქმით, საქართველომ მე-5 მუხლი დაარღვია – თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლება.

ევროპული სასამართლოს მოსამართლეებმა 5 ოქტომბრის სხდომაზე დაადგინეს, რომ იურისდიქციის განხორციელება ამგვარი განაჩენისთვის „აუცილებელი პირობაა“. თუმცა, მათ ასევე აღნიშნეს, რომ იურისდიქციის „ნორმალური“ განხორციელება, შესაძლოა, შეიზღუდოს ისეთ გამონაკლის შემთხვევებში, როგორებიცაა სამხედრო ოკუპაცია ან ომი, რაც „მნიშვნელოვნად ამცირებს“ კონვენციით სახელმწიფოს პასუხისმგებლობას.

სასამართლომ განაცხადა, რომ ქვეყანა ვერ იქნება პასუხისმგებელი მხოლოდ იმიტომ, რომ ის ტერიტორია, სადაც საომარი მოქმედებები მოხდა, ფორმალურად, საქართველოს ეკუთვნოდა.

საქმეზე – „ბეკოევა და სხვები საქართველოს წინააღმდეგ“ – ოთხი მოსარჩელე ამბობდა, რომ მათი ოჯახის წევრები – ოთხი მშვიდობიანი მოქალაქე და ერთი სამხედრო – მოკლეს 2008 წლის 8 ან 9 აგვისტოს „საქართველოს სამხედრო შენაერთების მიერ არაპროპორციული სამხედრო ძალის გამოყენების“ შედეგად.

კიდევ ერთ საქმეზე – „შავლოხოვა და სხვები საქართველოს წინააღმდეგ“ – ხუთი მოსარჩელე აცხადებდა, რომ საქართველოს სამხედრო ქმედებებმა მათ და მათი ოჯახის წევრების სიცოცხლეებს „რეალური და უშუალო საფრთხე შეუქმნა“, მათი „მღელვარება და შიში“ გამოიწვია და „სერიოზულად დააზიანა მათი ბინები“.

გადაწყვეტილებაში, სასამართლომ აღნიშნა, რომ ომის დროს ცხინვალის რეგიონი აქტიურად იბომბებოდა ერთდროულად რუსეთისა და საქართველოს შეიარაღებული ძალების მხრიდან, რაც შეუძლებელს ხდის მოსარჩელეთა მწუხარებაზე პასუხისმგებელი მხარის გამოვლენას.

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ სასამართლოს გადაწყვეტილებას „ახალი მნიშვნელოვანი სამართლებრივი გამარჯვებაა მშვიდობიანი დეოკუპაციისკენ მიმავალ გზაზე”.

„სასამართლომ კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ საქართველო ისტორიის სწორ მხარესაა“, – დასძინა მან.


ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპულმა სასამართლომ 2021 წლის იანვარში განაცხადა, რომ რუსეთი პასუხისმგებელია ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის ექვსი მუხლის დარღვევაზე, ასევე პროცედურული თვალსაზრისით მე-2 მუხლის დარღვევაზე, რაც იმას გულისხმობს, რომ მან ვერ უზრუნველყო ეფექტიანი გამოძიება 2008 წლის ომის შემდეგ სიცოცხლის უფლების სავარაუდო დარღვევის ფაქტზე.

სასამართლოს თქმით, 2008 წლის 12 აგვისტოს შემდეგ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში „რუსეთის მტკიცედ დაფუძნებამ და სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის ხელმძღვანელთა რუსეთის ფედერაციაზე დამოკიდებულებამ წარმოაჩინა, რომ სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთზე „ეფექტიან კონტროლს“ რუსეთი ახორციელებდა.

სტრასბურგის სასამართლომ ასევე აღნიშნა, რომ 2008 წლის 8 აგვისტოდან 12 აგვისტომდე პერიოდში, რუსეთი „ეფექტიან კონტროლს“ ახორციელებდა მის მიერ დაკავებულ „ბუფერულ ზონაზეც“.

რაც შეეხება ვითარებას 2008 წლის 8-12 აგვისტოს მონაკვეთში, სასამართლო არ დაეთანხმა საქართველოს სარჩელის იმ ნაწილს, რომელიც რუსეთს ამ პერიოდში ჩადენილ დარღვევებზე პასუხისმგებლობას დაკისრებას მოითხოვდა. სასამართლოს თქმით, კონფლიქტის აქტიური ფაზა თავისთავად გულისხმობს, რომ ტერიტორიაზე კონტროლის მოსაპოვებლად ბრძოლა მიდიოდა.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button