ახალი ამბები

ასლან ბჟანია რუსეთის თავდაცვისა და ფინანსთა მინისტრებს შეხვდა 

ოკუპირებული აფხაზეთის ლიდერი, ასლან ბჟანია მოსკოვში ვიზიტის ფარგლებში, რუსეთის თავდაცვის მინისტრს, სერგეი შოიგუსა და ფინანსთა მინისტრს, ანტონ სილუანოვს შეხვდა.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 13 ოქტომბერს გამართულ შეხვედრაზე, ბჟანიამ და შოიგუმ „მოკავშირეობისა და სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ რუსეთ-აფხაზეთის ხელშეკრულების“ სამხედრო ასპექტები განიხილეს.

ბჟანიას პრესსამსახურის ინფორმაციით, შოიგუმ პირობა დადო, რომ მოსკოვი „კვლავაც საკმარის ყურადღებას მიაქცევს“ ოკუპირებულ აფხაზეთში მოქმედ მის სამხედრო ბაზას. მხარეებმა ასევე ისაუბრეს ოკუპირებული რეგიონის „შეიარაღებული ძალების“ მოდერნიზაციის ხარჯების დაფინანსებაზე.

15 ოქტომბერს, ასლან ბჟანია რუსეთის ფინანსთა მინისტრს, ანტონ სილუანოვს შეხვდა. „აფსნიპრესის“ ინფორმაციით, მხარეებმა 2022-2025 წლების ფინანსური თანამშრომლობის საკითხი განიხილეს.

აფხაზეთის ლიდერი მოსკოვში 8 ოქტომბერს გაემგზავრა. იგი უკვე შეხვდა რუსეთის ვიცე-პრემიერს, მარატ ხუსნულინს, საჰაერო ტრანსპორტის ფედერალური სააგენტოს ხელმძღვანელს, ალექსანდრ ნერადკოს და კომპანია „გაზპრომის“ წარმომადგენლებს.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button