ახალი ამბები

საქართველო ნატოს გენერალური მდივნის ყოველწლიურ ანგარიშში

ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა 17 მარტს ყოველწლიური ანგარიში გამოაქვეყნა, რომელიც 2020 წლის მოვლენებს ასახავს და რომლის ნაწილი საქართველოსაც ეხება. დოკუმენტში ნათქვამია, რომ წლის განმავლობაში გაგრძელდა თანამშრომლობა საქართველოს თავდაცვითი შესაძლებლობების გასაძლიერებლად და ალიანსში „საბოლოო წევრობისთვის“ ქვეყნის მოსამზადებლად.

ანგარიშში ნათქვამია, რომ ამ მიმართულებით, საქართველომ და ალიანსმა ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის განახლებაზე იმუშავეს და „ის უფრო ამბიციურ, თანმიმდევრულ და მიზნობრივ პაკეტად“ აქციეს. ანგარიშის თანახმად, დოკუმენტს სამი ახალი ინიციატივა დაემატა. ესენია – სამხედრო სამედიცინო შესაძლებლობის განვითარება, ინგლისური ენის შესაძლებლობის განვითარება, ასევე სტანდარტიზაცია და კოდიფიკაცია.

გარდა ამისა, დოკუმენტში ხაზგასმულია, რომ საქართველო გაზრდილ დახმარებას მიიღებს, მათ შორის, კიბერლაბორატორიის შესაქმნელად, ალიანსთან უსაფრთხო კომუნიკაციის დასამყარებლად, და საზღვაო და საჰაერო სიტუაციის შესახებ ცოდნის ასამაღლებლად.

გენერალური მდივნის ანგარიშის თანახმად, მოკავშირეები კვლავაც მზად არიან, „მხარი დაუჭირონ საქართველოსა და უკრაინის საბოლოო წევრობას ალიანსში, 2008 წლის ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილების შესაბამისად“.

დოკუმენტში ასევე ნათქვამია, საქართველოს კვლავაც მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს ნატოს ოპერაციებსა და მისიებში, მათ შორის, ავღანეთის მტკიცე მხარდაჭერის მისიაში და ოპერაციაში „ზღვის მცველი“, ასევე ნატოს რეაგირების ძალებში.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button