skip to content
ახალი ამბები

საქართველო ნატოს ბრიუსელის სამიტის კომუნიკეში 

ნატოს 30 წევრი სახელმწიფოსა და მთავრობების მეთაურებმა 14 ივნისს ბრიუსელის სამიტის კომუნიკე გამოაქვეყნეს, რომელიც, სხვა საკითხებთან ერთად, კიდევ ერთხელ იმეორებს 2008 წლის ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილებას, რომ „საქართველო გახდება ალიანსის წევრი, ხოლო წევრობის სამოქმედო გეგმა ამ პროცესის შემადგენელი ნაწილი იქნება“.

ნატოს ლიდერებმა ხაზი გაუსვეს, რომ ისინი მტკიცედ უჭერენ მხარს საქართველოს უფლებას, რომ თავად განსაზღვროს საკუთარი მომავალი და საგარეო პოლიტიკური კურსი, გარედან ჩარევის გარეშე. დოკუმენტის თანახმად, ალიანსი მხარს უჭერს საქართველოს ჰიბრიდული საფრთხეების წინააღმდეგ  მდგრადობის გაზრდაში, წვრთნებსა და სწავლებებში, ასევე უსაფრთხო კომუნიკაციებში.

კომუნიკეში ნათქვამია, ნატოს ოპერაციებში „მნიშვნელოვანი წვლილის“ შეტანით, საქართველომ, თავის მხრივ, აჩვენა მზადყოფნა და შესაძლებლობა, რომ ევრო-ატლანტიკურ უსაფრთხოებაში საკუთარი წვლილი შეიტანოს.

მიესალმნენ რა ევროკავშირის შუამავლობით 19 აპრილს მიღწეულ შეთანხმებას, ნატოს ლიდერებმა განაცხადეს, რომ შეთანხმება „მნიშვნელოვან რეფორმებს გაუკვალავს გზას, რაც საქართველოს, როგორც ასპირანტ ქვეყანას, დაეხმარება, რომ წევრობისკენ მიმავალ გზაზე წინ წაიწიოს“.

„მივესალმებით რეფორმების განხორციელების კუთხით იმ მნიშვნელოვან პროგრესს, რომელსაც საქართველომ მიაღწია და კვლავაც უნდა მიაღწიოს, რომელიც დაეხმარა საქართველოს გააძლიეროს საკუთარი თავდაცვითი შესაძლებლობები და ალიანსთან თავსებადობა“, – აღნიშნეს ნატოს ლიდერებმა კომუნიკეში.

ნატო-საქართველოს ურთიერთობების შესახებ ლიდერებმა განაცხადეს, რომ ისინი „მჭიდროდ“ მუშაობენ თბილისთან შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოებაზე, რუსეთის „მადესტაბილიზებელი ქმედებების“ საპასუხოდ.

დოკუმენტი კიდევ ერთხელ გამოხატავს მხარდაჭერას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ და მოუწოდებს რუსეთს, რომ საკუთარი ძალები ოკუპირებული აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან გაიყვანოს.

ნატოს ლიდერებმა მოუწოდეს მოსკოვს, რომ გააუქმოს ოკუპირებული რეგიონების დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარების შესახებ გადაწყვეტილება, შეასრულოს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება და „შეწყვიტოს ადამიანის უფლებათა დარღვევები, თვითნებური დაკავებები და საქართველოს მოქალაქეების დევნა“.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button