skip to content
ახალი ამბები

მთავრობამ კოვიდ-19-ის ვაქცინაციის ეროვნული გეგმა წარადგინა

დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ 21 იანვარს, მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ, კოვიდ-19-ის ვაქცინის დანერგვის ეროვნული გეგმის „ძირითადი ასპექტები“ წარადგინა. ვაქცინაციის გეგმა გუშინ მთავრობის სხდომაზე დამტკიცდა.

მინისტრის მოადგილის მიერ წარმოდგენილ გეგმაში ვაქცინაციის დაწყების კონკრეტული თარიღი და ვაქცინის დასახელება მითითებული არ არის, თუმცა იმუნიცაზიის პროგრამა წლის ბოლომდე 18 წელზე ზევით მოსახლეობის 60%-ის მოცვას გულისხმობს, რაც დაახლოებით 1.7 მლნ მოქალაქის ტოლია.

გეგმის მიხედვით, ვაქცინა, რომელსაც საქართველო გამოიყენებს, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ უნდა იყოს აღიარებული ან 37 ქვეყნის, მათ შორის, გაერთიანებული სამეფოს, იაპონიისა და ავსტრალიის გადაუდებელი გამოყენების ნებართვა ან ეროვნული რეგისტრაცია უნდა ჰქონდეს მიღებული. 14 იანვრის მდგომარეობით, ამგვარი ვაქცინებია – ფაიზერი, ასტრაზენეკა და მოდერნა.

პრიორიტეტული ჯგუფები

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის ინფორმაციით, ვაქცინაციის პირველ ეტაპზე, სამედიცინო პესონალის 65% (46 520 მუშაკი), ხანგრძლივი მოვლის დაწესებულებების ბენეფიციარების 60%-ის (1 560 მოქალაქე) და 75 წლისა და ზემოთ ასაკის მოქალაქეების 60%-ის (136 080 მოქალაქე) აცრა იგეგმება.

შემდეგ ეტაპზე ვაქცინას 65-74 წლის ასაკის მოქალაქეები (197 510) მიიღებენ.

მათ ძირითადი სერვისების მიმწოდებელი ჯგუფები (108 224) და 55-64 წლის ასაკის მოქალაქეები (287 040) მოჰყვებიან. ამ შემთხვევაშიც მათი მოცვის მაჩვენებელიც 60% იქნება. ჯანდაცვის უწყება 18-54 წლის ქრონიკული დაავადებების მქონე პირების ასევე 60%-ის (53 640) ვაქცინაციას გეგმავს.

ამის შემდეგ, კუთვნილ ვაქცინას მოსახლეობის სხვა ჯგუფების 60% (860 740 პირი) მიიღებს.

იმუნიზაციის პროგრამის ღირებულება

წინასწარი შეფასებით, ვაქცინაციის ეროვნული გეგმისთვის საჭირო ბიუჯეტის მინიმალური ღირებულება 64 333 622 ლარი, მაქსიმალური კი – 158 190 243 ლარი იქნება.

თამარ გაბუნიას თქმით, თანხებს შორის დიდი შუალედი ვაქცინის განსხვავებულ ღირებულებას უკავშირდება, რადგანაც ფასი სხვადასხვა დროს, სხვადასხვა გზით მიღების შემთხვევაში, შესაძლოა, განსხვავებული იყოს.

მისივე თქმით, ქვეყანამ უკვე მოახერხა ის, რომ ამ თანხის ნაწილი ბიუჯეტიდან Covax-ის პლატფორმაში გადაიხადა, რაც ქვეყანას მოსახლეობის 20%-ისთვის (700 000 პირი) ვაქცინის მიღების გარანტიას აძლევს.

ვაქცინაციის ქსელის გაფართოება

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ ხაზი გაუსვა, რომ ქვეყანას სამივე ტიპის ვაქცინის შენახვის შესაძლებლობა აქვს, რომელთა შესანახადაც -80, -20, ასევე 2-8 გრადუსიანი ტემპერატურულ რეჟიმი სჭირდებათ.

მიუხედავად ამისა, თამარ გაბუნიამ ის ფაქტორიც აღნიშნა, რომ -80 გრადუსიან ვაქცინას „მეტად კომპლექსური ცივი ჯაჭვი“ სჭირდება და მისი რაიონულ დონეზე მიტანა გართულდება.

„ამდენად, ჩვენი მიზანია, ამ ტიპის ვაქცინაცია განხორციელდეს დიდ საავადმყოფოებში, სამ ქალაქში – თბილისი, ბათუმი ქუთაისი“, – თქვა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ და დაამატა, რომ როდესაც 2-8 გრადუსიანი ვაქცინები გახდება ხელმისაწვდომი, ვაქცინაცია უკვე რეგიონულ და რაიონულ დონეზეც იქნება შესაძლებელი.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button