skip to content
ახალი ამბები

დედაქალაქის მერობის კანდიდატებს შორის დებატების ძირითადი აქცენტები

საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველმა არხმა 2 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის დედაქალაქის მერობის მსურველი 16 კანდიდატის პირველ სატელევიზიო დებატს უმასპინძლა.

დებატები, რომელიც ორსაათნახევარს გაგრძელდა, ოთხ ნაწილად იყო გაყოფილი. პირველ ნაწილში კანდიდატებმა მოქალაქეებს საკუთარი თავი წარუდგინეს, შემდეგ მათთვის სასურველ ერთ-ერთ მოწინააღმდეგეს კითხვებით მიმართეს. ამის შემდგომ, მერად არჩევის შემთხვევაში გეგმებსა და მიზნებზე ისაუბრეს, ბოლოს კი – მაყურებელს შემაჯამებელი სიტყვით მიმართეს.

საბოლოოდ, დებატი მხოლოდ 15 კანდიდატს შორის გაიმართა, რამდენადაც ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მერობის კანდიდატმა, ნიკა მელიამ მისასალმებელი სიტყვის შემდეგ სტუდია დატოვა, დებატის ფორმატი გააკრიტიკა და თქვა, რომ მას „კორუმპირებულ“ მოქმედ მერთან, კახა კალაძესთან ერთ სივრცეში ყოფნა არ სურდა.

ქვემოთ მერობის კანდიდატების დებატების მნიშვნელოვანი ნაწილებია მოცემული:

კანდიდატების მიმართვები

დედაქალაქის მოქმედმა მერმა და ქართული ოცნების მერობის კანდიდატმა ხაზი გაუსვა, რომ მას ქალაქისთვის განვითარების კონკრეტული ხედვა აქვს და საარჩევნო კამპანიის ექვსპუნქიანი გეგმა წარადგინა, რომელიც მოიცავს ურბანულ, გარემოსდაცვით, სატრანსპორტო, ჯანდაცვის, განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის და ინფრასტრუქტურის მიმართულებებს მოიცავს.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მერობის კანდიდატმა, რომელმაც საზოგადოებრივი მაუწყებელი დებატის ფორმატის გამო გააკრიტიკა, კახა კალაძეს „ამორალურობასა“ და „კორუფციაში“ დასდო ბრალი და თქვა, რომ მას „კორუმპირებულ“ მერთან ერთ სივრცეში ყოფნა არ სურს.

ყოფილმა პრემიერმა, გიორგი გახარიამ, რომელიც პარტია საქართველოსთვის სახელით ასევე დედაქალაქის მერობისთვის იბრძვის, ასევე გამოხატა უკმაყოფილება დებატის ფორმატის მიმართ. მანვე აღნიშნა, რომ წინასაარჩევნო კამპანია არათანაბარ და არათავისუფალ გარემოში მიმდინარებს. გიორგი გაახრიამ იმედი გამოთქვა, რომ თბილისის მერის არჩევნები ქვეყნის მასშტაბით მნიშვნელოვანი ცვლილებების დასაწყისი იქნება.

ის, რომ წინასაარჩევნო გარემო უსამართლოა, თავის შესავალ სიტყვაში პატრიოტთა ალიანსის მერობის კანდიდატმა, გიორგი ლომიამაც აღნიშნა.

ზოგმა მერობის კანდიდატმა ქართული ოცნება და ერთიანი ნაციონალური მოძრაობა ურთიერთდაპირისპირებისა და ძალადობის გამო გააკრიტიკა, რამაც ქვეყანა „დაღუპვის პირას მიიყვანა“. ლელოს თბილისის მერობის კანდიდატმა, ანა ბიბილაშვილმა თქვა, რომ ამ ორ პარტიას ადამიანები, მათი საჭიროებები და „რეალური“ პრობლემები დაავიწყდა. „ერთადერთი კანდიდატი ვარ, რომლის პროფესიაც არის ქალაქი, ქალაქის საჭიროებები“, – დასძინა ბიბილაშვილმა, რომელიც პროფესიით არქეოლოგი და ურბანისტია.

პარტია ხალხისთვის მერობის კანდიდატმა, ანა დოლიძემ ქართველი კლასიკოსის, ვაჟა ფშაველას შემოქმედება გაიხსენა და ოპონენტებს ურთიერთპატივისცემისკენ მოუწოდა. მანვე აღნიშნა, რომ იგი თბილისშია დაბადებული და გაზრდილი და რომ მას თბილისის უკეთესი და უარესი დღეებიც ახსოვს, თუმცა მისივე თქმით, დღეს დედაქალაქს „დაკარგული აქვს იდენტობა“. დოლიძის თქმით, მოახლოებულ არჩევნებზე მისი გუნდის მხარდაჭერა ცვლილების შესაძლებლობაა.

კითხვების ნაწილი

მერობის კანდიდატებმა კითხვებით ძირითადად მოქმედ მერს, კახა კალაძესა და ოცნების ყოფილ პრემიერ-მინისტრს, გიორგი გახარიას დაუსვეს.

ლეიბორისტული პარტიის მერობის კანდიდატმა მიხეილ ქუმსიშვილმა, რომელიც დებატების დროს, „ელიტიზმის“ პრობლემაზე ამახვილებდა“ ყურადღებას, აღნიშნა, რომ კახა კალაძისთვის რიგითი ადამიანის ყოფა და პრობლემები უცხოა, რადგანაც იგი ქალაქის ცხოვრებით არ ცხოვრობს. მისივე თქმით, დღეის მონაცემებით, უფასო სასადილოებით უკვე 40 000 თბილისელი სარგებლობს და მათი დაპურებისთვის დედაქალაქის მერია მხოლოდ 1.18 ლარს ხარჯავს. მანვე, იმის საილუსტრაციოდ, თუ როგორ კვებას მერია გაჭირვებულ თბილისელებს, სტუდიაში, სავარაუდოდ, ერთ-ერთი ასეთი სასადილოდან წამოღებული ნახევარი ქილა საკვებიც მიიტანა.

ქუმსიშვილმა სცადა, რომ ქილა მოქმედი მერის ტრიბუნაზე დაედო, თუმცა მას შემდეგ, რაც კალაძის მხრიდან წინააღმდეგობის შემდეგ, ქილა ძირს დავარდა, ქუმსიშვილმა თქვა – „აი, ასე ექცევა ბატონი კახი კალაძე ზოგადად თბილისის მოსახლეობას“. საპასუხოდ დედაქალაქის მერმა აღნიშნა, რომ უფასო სასადილოების პროდუქტების კალორაჟი შესაბამისი დარგის სპეციალისტების მიერ არის დათვლილი, თუმცა „ცხადია უფრო მეტის შესაძლებლობა რომ იყოს, რა თქმა უნდა, ეს აუცილებელი“.

ლელოს მერობის კანდიდატის, ანა ბიბილაშვილის კითხვას, დაესახელებინა განსხვავება მასსა და გიორგი გახარიას შორის, კახა კალაძემ მხოლოდ იუმორით უპასუხა და თქვა, რომ იგი მასზე გამხდარია.

კახა კალაძეს კითხვით გიორგი გახარიამაც მიმართა. ყოფილი პრემიერი ოცნების გენერალური მდივნისგან დაინტერესდა, ეთანხმებოდა თუ არა ისიც მმართველო გუნდის პოზიციას, რომ იგი გამყიდველი, ნარკოდამოკიდებული და სააკაშვილის მოკავშირეა.

„არავის დაუბრალებია და არავის უთქვამს ის, რომ გიორგი გახარია ნარკომანია“, – თქვა საპასუხოდ კახა კალაძემ. „ყოველთვის მაქსიმალურად ვცდილობ, ვიყო თავშეკავებული, როდესაც კითხვა ისმება გიორგი გახარიასთან დაკავშირებით“, – აღნიშნა მანვე და დასძინა – „მე პირველ რიგში ვარ კაცი და მერე ვარ პოლიტიკოსი“.

პარტია საქართველოს მერობის კანდიდატმა, გიორგი ქუთათელაძემ გიორგი გახარიას „ნამახვანჰესის“ სადავო პროექტის შესახებ ჰკითხა. მანვე აღნიშნა, რომ რიონის ხეობაში „ფრიალებს თურქეთის წითელი დროშა“ და დასძინა, რომ გიორგი გახარიამ და მისმა გუნდმა თურქეთს [მიწები] გადასცეს. საპასუხოდ, გიორგი გახარიამ თქვა, რომ თურქეთისთვის მიწების გადაცემის შესახებ მტკიცება „ტყუილია“ და ისინი იჯარით იმ დროს გაიცა, როდესაც იგი არა პრემიერი, არამედ შს მინისტრი იყო.

კითხვა არავის მისამართით დასვა ანა დოლიძემ. სანაცვლოდ, მან „ნამახვანჰესის“ შესახებ გიორგი გახარიას განცხადების საპასუხოდ, მან კომპანია „ენკასთვის“ მიწების გადაცემის შესახებ 2019 წლის ნოემბრის მთავრობის განკარგულება წარმოადგინა, რომელსაც ხელს იმდროინდელი პრემიერი გიორგი გახარია აწერს. „კარგია, რომ ამომრჩეველი კარგად გაერკვეს, კანდიდატებს შორის ვინ არის მართალი და ვინ არის მტყუანი“, – ხაზი გაუსვა მანვე.

სამომავლო გეგმები და შემაჯამებელი მიმართვები

დებატების დასასრულს დედაქალაქის მერობის კანდიდატებმა ამომრჩეველს შემაჯამებელი სიტყვით მიმართეს და ის პრიორიტეტები გაიმეორეს, რომლებზეც დებატების დროს იმსჯელეს.

დედაქალაქის მოქმედმა მერმა ხაზი გაუსვა, რომ ხელახლა არჩევის შემთხვევაში, იგი ყველას მერი იქნება და მისთვის „არ იარსებებს განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებები“. მისივე თქმით, „იმ სიკეთეებით, რაც განხორციელდება თქვენც ისარგებლებთ და თქვენი შვილიშვილებით“. „მე ასე წარმომიდგენია ჩვენი ქალაქის განვითარება, რომ ყველამ ერთად შევძლოთ ერთად ცხოვრება“, – დასძინა კახა კალაძემ.

გიორგი გახარიამ ხაზი გაუსვა, რომ უნდა მოხდეს თბილისის ბიუჯეტის თანაბარი გადანაწილება უბნებს შორის. „სანამ თბილისის ყველა უბანში მინიმალური საბაზისო მოთხოვნილება [ძირითადი სერვისების] არ იქნება გადანაწილებული, ფრთხილად უნდა მოვეკიდოთ გარკვეულ უბნებში ფუფუნების საგნების და პროექტების გაკეთებას“, – ხაზი გაუსვა მანვე.

მიხეილ ქუმსიშვილის თქმით, იგი შეცლის უფასო სასადილოების ბენეფიციართა მომსახურების წესს და ყველა ამ ადამიანს სასურსათო ვაუჩერებს დაურიგებს, რომელსაც ისინი სასადილოში „ღირსების შემლახველი კოლექტიური სადილის“ სანაცვლოდ გამოიყენებენ. გარდა ამისა, ტარიფების შემცირების მიზნით, ელექტროენერგიასთან დაკავშირებით არსებულ „ინოვაციურ“ გეგმებზე გაამახვილა ყურადღება.

პარტია ხალხისთვის მერობის კანდიდატის თქმით, ქვეყანაში ცვლილებების „რეალური“ შანსი 2 ოქტომბრის არჩევნებზე „ახალი ძალების არჩევაა. „[უნდა] დაინგრეს ის სისტემები, რომლებიც დასანგრევია… [მათ შორის“, ნეპოტიზმი, კორუფცია, გაუმჭვირვალობა და ის პრივილეგიები, რომლებიც დღეს ყველა მმართველობით სტრუქტურაშია“, – დასძინა მანვე.

This post is also available in: English (ინგლისური)

მსგავსი/Related

Back to top button