skip to content
ახალი ამბები

კომპანია „ენკა“ საქართველოსთან „ნამახვანჰესის“ მშენებლობაზე კონტრაქტს წყვეტს 

სტამბოლში მდებარე კომპანია ENKA Insaat-მა საქართველოს მთავრობას აცნობა, რომ „ნამახვანჰესის“ მშენებლობაზე დადებულ კონტრაქტს წყვეტს და ამის მიზეზად ხელშეკრულების დარღვევა და ფორსმაჟორი დაასახელა.

თურქულმა კონგლომერატმა, რომელიც დასავლეთ საქართველოში ჰესის პროექტის მთავარი ინვესტორი იყო, შესაბამისი განცხადება 20 სექტემბერს გამოაქვეყნა.

„ენკამ“ გადაწყვეტილება საქართველოში 2 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების წინ, 10 დღით ადრე მიიღო. თუმცა, კომპანიის გადაწყვეტილება იმას არ ნიშნავს, რომ პროექტი ავტომატურად გაუქმდება. შესაძლოა, მთავრობამ მის დასასრულებლად სხვა ინვესტორი მოიძიოს.

კომპანიის გადაწყვეტილებაში ნათელი არ იყო, თუ რომელმა ფორსმაჟორულმა პირობამ უბიძგა მას პროექტის დატოვებისკენ. 2019 წელს სახელმწიფოსა და „ენკას“ შორის გაფორმებულ კონტრაქტში, თორმეტზე მეტი ფორსაჟორული გარემოებაა ჩამოთვლილი, მათ შორის, ნებისმიერი პროტესტი, რომელიც ნებისმიერ ექვსთვიან პერიოდში პროექტის მშენებლობას 21 დღეზე მეტი ხნით შეაფერხებდა.

„ნამახვანჰესის“ პროექტიდან „ენკას“ გასვლის შესახებ ცნობა მას შემდეგ გავრცელდა, რაც რამდენიმე დღით ადრე, ჰესის საწინააღმდეგო პროტესტის ლიდერმა, ვარლამ გოლეთიანმა განაცხადა, რომ მოძრაობა „რიონის ხეობის გადარჩენისთვის“ ევროპის ენერგოთანამეგობრობის სამდივნოს ხელმძღვანელობით ხელისუფლებასთან მიმდინარე მედიაციის პროცესს ტოვებდა.

საგულისხმოა, რომ მედიაციის პროცესში თავად „ენკა“ ჩართული არ იყო და მედიაციის პირობების თანახმად, ჰესის მშენებლობის მოსამზადებელი სამუშაოები შეჩერებული ჰქონდა.

პარალელურად, მედიაციის პროცესი საქართველოს ხელისუფლებასა და პროექტის მოწინააღმდეგე არასამთავრო ორგანიზაციებს შორის გრძელდება. „სოციალური სამართლიანობის ცენტრმა“ განაცხადა, რომ გარემოზე ზემოქმედებისა და კომერციული სარგებლის შეფასების მიზნით, ისინი პროცესში მონაწილეობას განაგრძობდნენ. ორგანიზაციამ „ნამახვენჰესის“ მშენებლობის ნებართვა 16 სექტემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოშიც გაასაჩივრა.

ვარლამ გოლეთიანმა „რადიო თავისუფლებასთან“ ინტერვიუში განაცხადა, რომ აქტივისტები ჰესის მშენებლობის შეჩერებით კმაყოფილნი არიან. „არჩევნების შემდეგ ველოდით, რომ დაიძაბებოდა ვითარება და მოგვიწევდა იგივე გზით წასვლა – ვგულისხმობ პროტესტს… ყოველდღე მოდიოდა „ენკა“ და ჩვენ რომ არ ვუშვებდით, ამას იღებდა დრონით და ვვარაუდობდით, რომ ემზადებოდა საარბიტრაჟო დავისთვის და მტკიცებულებებს აგროვებდა – რომ არ მიეცათ მუშაობის შესაძლებლობა“, – განაცხადა მან.

კონტრაქტის პირობების მიხედვით, თუკი კომპანია და საქართველოს მთავრობასა მორიგებას ვერ შეძლებენ, დავას საერთაშორისო არბიტრაჟში განაგრძობენ.

პირობების თანახმად, მხარეებს კონფიდენციალობის დაცვაც ევალებათ, რაც იმას ნიშნავს, რომ საარბიტრაჟო პროცესის შესახებ ინფორმაცია ფართო საზოგადოებისთვის, შესაძლოა, უცნობი დარჩეს.

ამასთან, იმ შემთხვევაში, თუკი კომპანია ხელშეკრულებას მოსამზადებელი სამუშაოების ეტაპზე შეწყვეტს, მთავრობას, შესაძლოა, მისგან იმ აქტივების გამოსყიდვა საბაზრო ღირებულებით დაევალოს, რაც თავის დროზე სიმბოლურ ფასად გადასცა.

გაგრძელება იქნება

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button