skip to content
ახალი ამბები

საგარეო პოლიტიკის, მედიისა და კოვიდის საკითხები IRI-ს კვლევაში   

„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის“ (IRI) მიერ 2 აგვისტოს გამოქვეყნებული კვლევის შედეგების თანახმად, რესპონდენტთა მხოლოდ 23% აფასებს დადებითად მოქმედი ხელისუფლების მიერ რუსეთთან ურთიერთობების მოგვარების საკითხს; 42% – ძალიან უარყოფითად (2021 წლის თებერვალში ეს რიცხვი 22% იყო), ხოლო 28% – გარკვეულწილად უარყოფითად.  

საზოგადოებრივი აზრის კვლევა 2021 წლის 15-30 ივნისის პერიოდში, „საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის“ დაკვეთით, ბალტიის კვლევებმა/გელაპმა (The Gallup) ჩაატარა და მის ფარგლებში, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული რეგიონების გარდა), საარჩევნო უფლების მქონე 1 500 ადამიანი გამოკითხა. კვლევის ავტორთა განმარტებით, შედეგების საშუალო ცდომილების ზღვარი +/- 2.5%-ია. კვლევა აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტომ (USAID) დააფინანსა.  

 საგარეო პოლიტიკური კურსი  

კითხვაზე, თუ რომელია საქართველოს ყველაზე მნიშვნელოვანი პოლიტიკური პარტნიორი, გამოკითხულთა 60%-მა ამერიკის შეერთებული შტატები დაასახელა; შემდეგ მოდის ევროკავშირი – 56%; უკრაინა – 32% და აზერბაიჯანი – 15%. რუსეთი და თურქეთი, შესაბამისად, 11%-მა და 10%-მა დაასახელა.  

კითხვაზე, თუ რომელია საქართველოს ყველაზე მნიშვნელოვანი ეკონომიკური პარტნიორი, რესპონდენტების 44-44%-მა ევროკავშირი და აშშ დაასახელა; შემდეგ მოდის უკრაინა – 23% და თურქეთი – 22%. აზერბაიჯანი და რუსეთი, შესაბამისად, მეხუთე და მეექვსე ადგილებს იკავებენ 19%-ით და 17%-ით.  

იმავდროულად, გამოკითხულთა 79%-მა განაცხადა, რომ ქვეყნისთვის ყველაზე დიდ პოლიტიკურ საფრთხეს საქართველოს რუსეთი უქმნის, ხოლო 15%-მა თურქეთი დაასახელა. შემდეგ მოდიან აზერბაიჯანი, ირანი და აშშ, თითოეული 5%-ით. გამოკითხულთა 71%-მა რუსეთი ყველაზე დიდ ეკონომიკურ საფრთხედაც დაასახელა. რუსეთს თურქეთი მოსდევს 12%-ით.  

კვლევის თანახმად, რესპონდენტთა 56%-მა განაცხადა, რომ ისინი სრულად უჭერენ მხარს რუსეთთან დიალოგს (2021 წლის თებერვალი – 36%), ხოლო 22%-მა აღნიშნა, რომ გარკვეულწილად უჭერენ მხარს.

გამოკითხულთა 80%-მა, რაც ყველაზე დიდი მაჩვენებელია სულ მცირე 2011 წლის მაისის შემდეგ, განაცხადა, რომ რუსული აგრესია საქართველოში კვლავ მიმდინარეობს. 

რესპონდენტების 83% მხარს უჭერს საქართველოს გაწევრიანებას ევროკავშირში (68% სრულად და 15% – გარკვეულწილად), ხოლო 77% ნატოში ინტეგრაციის მომხრეა (61% სრულად და 16% გარკვეულწილად).  

მედია და ინფორმაციის წყაროები  

კითხვაზე, თუ რომელი ტელეკომპანიის მიერ მოწოდებულ პოლიტიკურ ინფორმაციასა და სიახლეებს ენდობიან ყველაზე მეტად, რესპონდენდენტთა 32%-მა პირველ არჩევნად სახელისუფლებო ტელეკომპანია „იმედი“ დაასახელა (გამოკითხულებს სამამდე ტელეკომპანიის დასახელება შეეძლოთ); შემდეგ მოდის „მთავარი არხი“ – 14%; „რუსთავი 2“ – 10%; ტვ „პირველი“ – 10%; საზოგადოებრივი მაუწყებელი – 4% და „ფორმულა“ – 1%.  

რაც შეეხება სამივე არჩევანში ერთხელ მაინც მოხვედრილი ტელეკომპანიების რეიტინგს, პირველ ადგილზე ტელეკომპანია „იმედია“ 45%-ით; შემდეგ მოდის „რუსთავი 2“ – 36%; „მთავარი არხი“ – 29%;  ტვ „პირველი“ – 28%; საზოგადოებრივი მაუწყებელი – 13% და „ფორმულა“- 12%.  

კითხვაზე თავისუფალია თუ არა ქართული მედია სხვადასხვა პოლიტიკური შეხედულების გამოხატვისას, გამოკითხულთა 58%-მა განაცხადა, რომ გარკვეულწილად ან სრულად თავისუფალია (რაც ყველაზე დაბალი მაჩვენებელია 2012 წლის ნოემბრის შემდეგ). რესპონდენტების 31%-მა განაცხადა, რომ ქართული მედია არ არის თავისუფალი ან არც ისე თავისუფალი, რაც ყველაზე მაღალი მაჩვენებელია 2012 წლის ნოემბრის შემდეგ.  

კვლევის თანახმად, რესპონდენტების ნახევარმა განაცხადა, რომ შეცდომაში შემყვანი და ყალბი ინფორმაცია ძალიან პრობლემატურია საქართველოსთვის, ხოლო 32%-მა აღნიშნა, რომ გარკვეულწილად პრობლემატურია.  

რესპონდენტების 19%-მა განაცხადა, რომ ისინი შეცდომაში შემყვან ან ყალბ ინფორმაციას საქართველოში ყოველდღიურად ან თითქმის ყოველდღიურად აწყდებიან; 19%-მა კი აღნიშნა, რომ მცდარ ინფორმაციას კვირაში რამდენჯერმე ეყრებიან.  

ასევე, გამოკითხულთა 20%-მა განაცხადა, რომ ისინი ძალიან დაინტერესებულნი არიან პოლიტიკური ინფორმაციით და სიახლეებით; 43% გარკეულწილად დაინტერესებულია; 21% გარკვეულწილად არ არის დაინტერესებული, ხოლო 15% საერთოდ არ არის დაინტერესებული.  

კოვიდ-19-ის პანდემია  

რესპონდენტების 60%-მა განაცხადა, რომ ისინი კმაყოფილნი არიან მთავრობის რეაგირებით კოვიდ-19-ის პანდემიაზე (2021 წლის თებერვალი – 59%; 2020 წლის ივნისი – 77%).  

კვლევის თანახმად, ქვეყანაში ანტი-ვაქსერული დამოკიდებულებები მძლავრობს. გამოკითხულთა 45%-მა განაცხადა, რომ ისინი არ აიცრებიან (2021 წლის თებერვალში – 39%); 7%-მა განაცხადა, რომ აიცრებიან, თუ ამას კანონი ან დამსაქმებელი მოითხოვს (2021 წლის თებერვალი – 6%); 19%-მა აღნიშნა, რომ გარკვეული დროის შემდეგ აიცრებიან და 18%-მა განაცხადა, რომ მაშინვე აიცრებიან, როგორც კი ვაქცინა ხელმისაწვდომი გახდება.  

პარტიული პრეფერენციების ჭრილში, რესპონდენტების 54%, რომლებიც ნაციონალურ მოძრაობას ანიჭებენ უპირატესობას, სავარაუდოდ უარს იტყვიან ვაქცინაციაზე (54%); შემდეგ მოდიან ქართული ოცნების და პარტია „საქართველოსთვის“ მხარდამჭერები 40%-ით და 45%-ით.  

კითხვაზე, თუ რომელი ვაქცინაა ყველაზე სანდო, გამოკითხულთა 26%-მა ამერიკულ-გერმანული „ფაიზერი“ დაასახელა; შემდეგ მოდის ჩინური „სინოფარმი“ 8%-ით; შვედურ-ბრიტანული „ასტრაზენეკა“ – 7%; „სინოვაკი“ – 4%. 28%-მა განაცხადა, რომ არც ერთი, ხოლო 27%-მა უპასუხა, რომ არ იცის, ან უარი თქვა პასუხზე. 

 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button