skip to content
ევროპამთავარი თემა

ამნისტია ირლანდიისთვის

ჭრილობების მოშუშება თუ დაუსჯელობის ზეიმი

ჩრდილოეთ ირლანდიაში 1968-1998 წლების კონფლიქტმა კათოლიკე ირლანდიელებსა და პროტესტანტ ბრიტანელებს შორის, რომელიც ისტორიამ „არეულობებად“ მონათლა, 3 500-მდე ადამიანის სიცოცხლე შეიწირა და რეგიონის ორად გაყოფილ საზოგადოებას უმძიმესი დაღი დაასვა. 1998 წლის ბელფასტის „დიდი პარასკევის“ შეთანხმებამ კონფლიქტი დაასრულა, მაგრამ მის მემკვიდრეობასთან გამკლავება რთული საქმეა. როგორც ნაციონალისტებმა, ისე ბრიტანეთის შეიარაღებული ძალებმა და მათმა მოკავშირე ლოიალისტმა დაჯგუფებებმა მრავალი დანაშაული ჩაიდინეს, თუმცა „დიდი პარასკევის“ შეთანხმების წყალობით, მრავალი დამნაშავე თემიდას გადაურჩა. ნაციონალისტების უმძიმეს ცოდვად ორგანიზაცია „ირლანდიური რესპუბლიკური არმიის“ (IRA) ტერორისტული საქმიანობაა მიჩნეული, ხოლო ბრიტანეთის შეიარაღებული ძალების მთავარ დანაშაულად აღიარებულია „სისხლიან კვირად“ შერაცხული 1972 წლის 30 იანვრის მოვლენები, რომლებსაც ჯამში 14 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

რა ხდება:

14 ივლისს ბრიტანეთის მთავრობამ ახალი გეგმა წარადგინა, რომლის თანახმად, გასული საუკუნის მეორე ნახევარში ჩრდილოეთ ირლანდიაში მომხდარი კონფლიქტის პერიოდში ჩადენილი დანაშაულების მიმართ გამოძიების ყველა მიმდინარე პროცესი უნდა შეწყდეს.

რატომ არის ეს მნიშვნელოვანი:

“დიდი პარასკევის” შეთანხმებით პირადი პასუხისმგებლობისგან ბევრი გათავისუფლდა, თუმცა საქმეების გამოძიება – ჭეშმარიტების დადგენის მიზნით – არ შეწყვეტილა. ბრიტანეთის მთავრობის გეგმამ, რომელიც საზოგადოების ნაწილის მხრიდან სრულ ამნისტიად არის მიჩნეული, ჩრდილოეთ ირლანდიის პოლიტიკური წრეებისა და კონფლიქტის დროს დაღუპულთა ოჯახების უკმაყოფილება გამოიწვია, რამაც შესაძლოა რეგიონში ვითარება კვლავ დაძაბოს. მეორე მხრივ, ლონდონის ნაბიჯი საინტერესია, როგორც რთული კონფლიქტის შემდგომი შერიგების პოტენციური პრეცედენტი.

რას უნდა მოველოდეთ:

  • ჩრდილოეთ ირლანდიელი პოლიტიკოსების, ირლანდიის მთავრობის, ოპოზიციისა და საზოგადოების ნაწილის წინააღმდეგობის მიუხედავად, ბრიტანეთის პარლამენტი შესაბამის კანონს მაინც მიიღებს.
  • კანონის მიღება ჩრდილოეთ ირლანდიაში ვითარებას კვლავ დაძაბავს, თუმცა დროებით და მცირე მასშტაბებში.
  • კონფლიქტის დროს დაღუპულთა ოჯახების ნაწილი კანონს სასამართლოში გაასაჩივრებს, ზოგმა შესაძლოა ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოსაც მიმართოს.

ანალიზი:

14 ივლისს ჩრდილოეთ ირლანდიის საკითხებში ბრიტანეთის სახელმწიფო მდივანმა ბრენდონ ლიუისმა გაერთიანებული სამეფოს პარლამენტის თემთა პალატას მისი უდიდებულესობის მთავრობის ახალი გეგმა წარუდგინა, რომელმაც მათი ხედვით, „არეულობების“ მტკივნეულ მემკვიდრეობას წერტილი უნდა დაუსვას. კერძოდ, გეგმის თანახმად, გასული საუკუნის მეორე ნახევარში ჩრდილოეთ ირლანდიაში მომხდარი კონფლიქტის პერიოდში ჩადენილი დანაშაულების მიმართ ხანდაზმულობის ვადა ამოქმედდება და გამოძიების ყველა მიმდინარე პროცესი შეწყდება.

მთავრობის ხედვა

მისი უდიდებულესობის მთავრობა მიიჩნევს, რომ „არეულობების“ დროს ჩადენილი დანაშაულების მიმართ ხანდაზმულობის ვადის ამოქმედება, რომელიც კონფლიქტის ყველა მხარეს შეეხება, ჩრდილოეთ ირლანდიაში შერიგებას აუცილებლად შეუწყობს ხელს. მთავრობის ხედვით, სისხლისსამართლებრივი მართლმსაჯულების გზით ჭეშმარიტების დადგენის მცდელობას შედეგი არავისთვის მოაქვს, დრო კი მიდის და მასთან ერთად – რაიმე შედეგის მიღწევის შანსიც. ბრენდონ ლიუისის განმარტებით, მტკიცებულებების სიმცირისა და მოწმეთა არარსებობის გამო გახსნილი საქმეები ვერასოდეს დაიხურება და ამიტომ ამ მიმართულებით სვლა უნდა შეწყდეს. მთავრობა ამბობს, ეს არ უნდა იყოს აღქმული ისე, თითქოს ლონდონს სახელმწიფოს დანაშაულების მიჩქმალვა ან ტერორისტების ამნისტია აქვს განზრახულიო.

ამის დასასაბუთებლად მთავრობა ახალი, დამოუკიდებელი ორგანოს შექმნასაც ითვალისწინებს, რომელსაც სისხლისსამართლებრივი დევნის დასრულების ფონზე ექნება იმგვარი უფლებამოსილებები და რესურსები, რაც „არეულობების“ მსხვერპლთათვის „ჭეშმარიტების დადგენისთვისაა საჭირო“. კერძოდ, ამ ორგანომ კონფლიქტის მსხვერპლთა შესახებ მაქსიმალური ინფორმაცია უნდა მოიძიოს და დაღუპულთა ოჯახებს გადასცეს, რაშიც მთავრობას დანაშაულის იმ ჩამდენთა ჩართულობის იმედი აქვს, რომლებსაც მათ მიმართ დევნის შიში აღარ ექნებათ. ბრენდონ ლიუისი საზოგადოებას არწმუნებს, სწორედ ეს არის საუკეთესო გზა ჩრდილოეთ ირლანდიაში შერიგების მიღწევისკენ.

თუმცა, ლონდონს სხვა მიზნებიც აქვს. ბრენდონ ლიუისის სიტყვებით, სახელმწიფომ კონფლიქტის დროინდელი მასალები არქივებში შემოინახა, ხოლო ირლანდიელმა ტერორისტებმა – არა. შესაბამისად, არსებული მასალების საფუძველზე „არეულობების“ დროს ჩადენილი დანაშაულების გამოძიების ობიექტები ძირითადად ყოფილი ბრიტანელი სამხედროები არიან და არა ირლანდიელი ნაციონალისტები. ამასთან, ხანდაზმულობის ვადის ამოქმედება მხოლოდ ბრიტანელი ვეტერანების მიმართ შეუძლებელია, კანონის წინაშე თანასწორობის პრინციპის გათვალისწინებით. შესაბამისად, ბრიტანეთის მთავრობა სისხლისსამართლებრივ დევნას ყველას მიმართ შეწყვეტს. თუმცა ჩრდილოეთ ირლანდიის მდივნის მტკიცებით, ეს იმგვარად არ უნდა გაიგოთ, რომ სამშობლოს წინაშე მოვალეობის – შესრულებისას ჩადენილი დანაშაული და ტერორისტულ საქმიანობაში ჩართულობა ერთი და იგივეაო.

„სთორმონთის“ უკმაყოფილება

ჩრდილოეთ ირლანდიის საკანონმდებლო ასამბლეა რეგიონში არსებული უთანხმოებებისა და სიმწრით მოპოვებული მშვიდობის მუდმივი სიმყიფის სიმბოლოა. პარტიათაშორისი თანხმობა აქ ჰალეის კომეტასავით იშვიათი მოვლენაა. თუმცა, „არეულობების ამნისტიის“ თაობაზე ბრიტანეთის მთავრობის გეგმა „სთორმონთში“, როგორც რეგიონის მთავრობას უწოდებენ, უჩვეულო ერთსულოვნების მიზეზად იქცა: მისით ყველა უკმაყოფილოა, როგორც ნაციონალისტები, ისე ლოიალისტები, თუმცა სხვადასხვა მიზეზებით.

ლონდონის მიერ გეგმის წარდგენას ბელფასტმა ადგილობრივი ასამბლეის რიგგარეშე სხდომის ჩატარებით უპასუხა. საზაფხულო არდადეგებისთვის მომზადებულ ასამბლეის წევრებს „სთორმონთში“ მისვლა 20 ივლისს მოუწიათ. აღსანიშნავია, რომ მანამდე გეგმის განსახილველად ბრენდონ ლიუისს ჩრდილოეთ ირლანდიის ხუთივე წამყვანი პარტიის ლიდერები შეხვდნენ, თუმცა უშედეგოდ. 20 ივლისის სხდომაზე ასამბლეის წევრებმა მემარცხენე-ნაციონალისტური „სოციალ-დემოკრატიული და ლეიბორისტული პარტიის“ (SDLP) მიერ წარდგენილი წინადადება განიხილეს, რომელიც „უაითჰოლის“ გეგმის უარყოფას ისახავდა მიზნად. დოკუმენტი ისე მიიღეს, წინააღმდეგ ხმა არავის მიუცია.

SDLP-ის ლიდერის მოადგილე ნიკოლა მელონის თქმით, „ამნისტია“ ბრიტანეთის მთავრობის ცალმხრივი ნაბიჯია და ამით ბრიტანეთის კონსერვატიული პარტია მის მიერვე შექმნილი პრობლემის მოგვარებას ცდილობს. მსგავს პოზიციაზეა აგრეთვე ნაციონალისტური პარტია „შინ ფეინის“ თავმჯდომარე და რეგიონის პირველი მინისტრის მოადგილე მიშელ ო’ნილიც, რომელიც მიიჩევს, რომ კონფლიქტის მსხვერპლთა ოჯახებს უფლებებს ართმევენ, ხოლო ბრიტანეთის პოლიტიკური სისტემა სიმართლეს ვერ ეგუება.

ლოიალისტური პარტიების უკმაყოფილება ძირითადად დაუსჯელობის მიუღებლობას უკავშირდება. „დემოკრატიული უნიონისტური პარტიის“ წევრი მერვინ სთორის განცხადებით, „არეულობების“ დროს ჩადენილი დანაშაულებების უკან ძირითადად IRA იდგა და ამნისტია სწორედ მათი ხელით დაღუპულების ბედის იგნორირებაა. დამნაშავეთა დასჯას მოითხოვს „ოლსტერის უნიონისტური პარტიის“ თავმჯდომარე დუგ ბითიც, რომლის თქმით, პასუხისგებაში უნდა მიეცეს ყველა, ჯარისკაციც, პოლიციელიც, ტერორისტიც, პოლიტიკოსიც და საზოგადოების სხვა წევრიც. „ალიანსის პარტიის“ ლიდერი ნაომი ლონგი კი მიიჩევს, რომ ლონდონის გეგმა „მსხვერპლზე ფოკუსირებული“ არ არის. 

ირლანდიის რესპუბლიკის პოზიცია

ლოგიკურია, რომ „ამნისტიის“ გეგმის გარშემო შექმნილმა დაძაბულობამ „დიდი პარასკევის“ შეთანხმების კიდევ ერთი მხარე – მეზობელი დუბლინიც შეძრა. ირლანდიის თიშეხი (მთავრობის მეთაური) მიჰოლ მარტინი გეგმას მალევე გამოეხმაურა. მან ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი გააფრთხილა, რომ ბრიტანელი ვეტერანების დაცვისკენ მიმართული „არეულობების“ ცალმხრივი ამნისტია „დიდი პარასკევის“ შეთანხმებისთვის რისკებს წარმოშობს.

დუბლინის პოზიციით, ლონდონის გეგმაში ძირითადი წინაღმდეგობრივი საკითხი „კონსენსუსზე დაფუძნებული მიდგომის“ არარსებობაა, რამაც შესაძლოა ჩრდილოეთ ირლანდიაში მშვიდობას ავნოს. „ჩვენი მყარი ხედვა ისაა, რომ ცალმხრივობა [„დიდი პარასკევის“ შეთანხმების] შესრულების მხრივ არ მუშაობს. სახეზე უნდა იყოს ჩართულობა და კონსენსუსის ჩამოყალიბება,“ – განაცხადა ირლანდიის თიშეხმა. 20 ივლისს, „სთორმონთში“ მიმდინარე განხილვების პარალელურად ბორის ჯონსონმა და მიჰოლ მარტინმა სატელეფონო საუბრისას გეგმასთან დაკავშირებით საკუთარი მოსაზრებები გაცვალეს.

მიჰოლ მარტინზე უფრო შორს ირლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრი, საიმონ ქოვენი წავიდა, რომლის მოსაზრებით, „ამნისტიის“ გეგმის განხორციელება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპულ კონვენციას ეწინააღმდეგება და აღნიშნული ნაბიჯი სასამართლოში აუცილებლად გასაჩივრდება. გავრცელებული ცნობებით, სტრასბურგში შესაძლო ჩივილის თაობაზე სამართლებრივი მოსაზრებები მთავრობის მრჩევლებმა ბრენდონ ლიუისს ჯერ კიდევ პარლამენტში გეგმის წარდგენამდე გაუზიარეს.

„დანაშაული და სასჯელი“

ამ საქმეში მთავარი სიტყვა, ალბათ, მაინც „არეულობების“ დროს დაღუპულთა ოჯახის წევრებს ეთქმით. „უაითჰოლის“ გეგმით იმედგაცრუებულია ინგლისის ქ. ბირმინგემში მცხოვრები ჯული ჰამბლთონი, რომელმაც 1974 წელს ქალაქის ერთ-ერთ პაბში IRA-ს მიერ განხორციელებული ტერაქტის შედეგად და დაკარგა. „ის, რასაც ეს წინადადება უშვებს, მკვლელებისთვის მოკვლის ლიცენზიის მიცემაა. ეს კანონი ისტორიიდან შლის იმას, რომ ჩვენი საყვარელი ადამიანები ოდესღაც არსებობდნენ“. – განაცხადა „ბრაზისგან გავარვარებულმა“ ჯული ჰამბლთონმა, რომლის ეს სიტყვებიც ბრიტანეთის ლეიბორისტული პარტიის ლიდერმა კირ სთარმერმა ბორის ჯონსონს პარლამენტში წაუკითხა.

იმედგაცრუებულები არიან „სისხლიანი კვირის“ მსხვერპლთა ახლობლებიც. ერთ-ერთი დაღუპულის ძმის თქმით, ამნისტია მხოლოდ ზრდის იმ ტრაგიკული დღით მიყენებულ ტკივილს. საგულისხმოა, რომ 1972 წლის 30 იანვრის მოვლენების საქმეზე მხოლოდ ერთი ბრიტანელი სამხედროა ბრალდებული და მასაც პატიება მოელის. ამასთან, საზოგადოების ნაწილის აზრით, არც ბრიტანელ ვეტერანებს ენდომებათ, რომ მათთან ერთად ამნისტია შეეხოთ იმ ტერორისტებს, ვისი ხელებიც მათი ამხანაგების სისხლშია გასვრილი.

დასკვნის სახით

ბორის ჯონსონის თქმით, „ამნისტიის“ გეგმამ „არეულობების“ მავნე მემკვიდრეობას „წერტილი უნდა დაუსვას“, რათა კონფლიქტთან დაკავშირებული საკითხებით თაობების მოწამვლა დასრულდეს. მაღალი ალბათობით, „სთორმონთის“ წინააღმდეგობის მიუხედავად, ლონდონის გეგმა კანონმდებლობად მაინც გადაიქცევა, რასაც შესაძლოა ჩრდილოეთ ირლანდიაში მორიგი, თუმცა არამასშტაბური დაძაბულობა მოჰყვეს. სავარაუდოდ, ხორცს შეისხამს ირლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრი საიმონ ქოვენის მუქარაც და კონფლიქტის მსხვერპლთა ახლობლების ნაწილი მაინც მიღებულ კანონს გაასაჩივრებს, შესაძლოა სტრასბურგშიც. ბრიტანეთის მთავრობის მიზანი კონფლიქტით მიყენებული ჭრილობების მოშუშებაა, თუმცა „ამნისტიის“ გეგმის აღსრულების შედეგად გაჩენილმა დაუსჯელობის განცდამ შესაძლოა საპირისპირო შედეგი გამოიღოს.

ოცდაათწლიანი „არეულობები“ ჩრდილოეთ ირლანდიისა და მთლიანად ბრიტანეთის კუნძულების უმძიმესი ტრაგედიაა და ცალსახა შავი ლაქაა ბრიტანეთის, როგორც დასავლური ცივილიზაციისა და დემოკრატიის ერთ-ერთი ბურჯის უახლეს ისტორიაში. ლოგიკურია, რომ მისი უდიდებულესობის მთავრობა ქვეყნის მატიანის ამ უარყოფითი ფურცლის გადაშლას ასე ესწრაფვის. რთულია, „უაითჰოლს“ არ დაეთანხმო იმაში, რომ „არეულობების“ დროს ჩადენილი დანაშაულების გამოძიებამ ჩრდილოეთ ირლანდიაში შერიგების ხელშეწყობის მხრივ არსებით შედეგებს ვერ მიაღწია, თუმცა საეჭვოა ისიც, თუ რამდენად წარმტებული იქნება ამ მხრივ „ამნისტიის“ გეგმა.

მსგავსი/Related

Back to top button