skip to content
ახალი ამბები

პრეზიდენტთან შექმნილმა კომისიამ ცესკოს თავმჯდომარეობისა და წევრობის კანდიდატები შეარჩია

ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეობისა და წევრობის კანდიდატების შესარჩევად შექმნილმა კომისიამ საქართველოს პრეზიდენტს ღია კონკურსის წესით შერჩეული ცესკოს თავმჯდომარის პოზიციაზე ორი და წევრობის ორ ვაკანტურ ადგილზე 5 კანდიდატი წარუდგინა.

კომისიამ ცესკოს თავმჯდომარის ვაკანტურ თანამდებობაზე საარჩევნო ადმინისტრაციის მოქმედი თანამშრომლები – ადამიანური რესურსების მართვისა და შრომის უსაფრთხოების დეპარტამენტის ხელმძღვანელი გიორგი კალანდარიშვილი და იურიდიული დეპარტამენტის ხელმძღვანელი გიორგი სანტურიანი შეარჩია. გიორგი კალანდარიშვილი ცესკოში 2008 წლიდან მუშაობს და ამ პერიოდის განმავლობაში, საარჩევნო ადმინისტრაციაში სხვადასხვა თანამდებობა ეკავა. საარჩევნო ადმინისტრაციაში სამწლიანი მუშაობის გამოცდილება აქვს გიორგი სანტურიანსაც. მანამდე, 2011-2018 წლებში, იგი არასამთავრობო ორგანიზაცია „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ ქუთაისის ფილიალში მუშაობდა.

ცესკოს თავმჯდომარის პოსტი ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც თამარ ჟვანია, რომელსაც თანამდებობა 2013 წლიდან ეკავა, 1 ივლისს გადადგა და თქვა, რომ განახლებული საარჩევნო კოდექსის შესაბამისად შერჩეული ახალი თავმჯდომარე „დამატებითი, ხელშემწყობი ფაქტორი“ იქნებოდა „ფართო პოლიტიკური თანხმობისთვის“.

რაც შეეხება ცესკოს წევრობის კანდიდატებს, კომისიამ ცესკოს ყოფილი პრესსპიკერი ანა მიქელაძე, თამარა სართანია, ლელა ტალიური, მაია ზარიძე და გია ცაცაშვილი შეარჩია.

ცესკოში ორი ახალი წევრის შერჩევის საჭიროება დღის წესრიგში მაშინ დადგა, რაც განახლებული საარჩევნო კოდექსის თანახმად, მათი რაოდენობა 12-დან 17-მდე გაიზარდა, საიდანაც პროფესიული ნიშნით უკვე არა 6, არამედ 8 უნდა იყოს არჩეული. პროფესიული ნიშნით შერჩეულ წევრებში ასევე შედიან ცესკოს თავმჯდომარე, მისი ერთი მოადგილე და კომისიის მდივანი.

პრეზიდენტმა ცესკოს თავმჯდომარეობის ერთ და წევრობის ორ ვაკანტურ თანამდებობაზე მისთვის წარდგენილი კანდიდატებიდან მინიმუმ 2-2 პარლამენტს სამ დღეში უნდა გადაუგზავნოს. ამის შემდეგ, პარლამენტმა ისინი ხმების 2/3-ით ერთი კვირის ვადაში უნდა დაამტკიცოს. იმ შემთხვევაში, თუკი ისინი ხმების საჭირო რაოდენობას ვერ მიიღებენ, მეორე ჯერზე მათ დასამტკიცებლად დეპუტატების იგივე რაოდენობა იქნება საჭირო, მესამედ 3/5, ხოლო ბოლოჯერ უბრალო უმრავლესობა – 76 დეპუტატი. უბრალო უმრავლესობით არჩევის შემთხვევაში, ისინი პოსტებს დროებით, მხოლოდ 6 თვის ვადით დაიკავებენ.


საქართველოს პრეზიდენტმა ცესკოს თავმჯდომარეობისა და წევრობის კანდიდატთა შესარჩევი ღია კონკურსი 1 ივლისს გამოაცხადა. ცესკოს თავმჯდომარეობის სურვილი ჯამში 11-მა, ხოლო წევრობის სურვილი 17-მა კანდიდატმა გამოთქვა.


არასამთავრობო სექტორის შეფასება

ცესკოს თავმჯდომარეობისა და წევრობის შესარჩევ 11-წევრიან კომისიაში შემავალმა ოთხმა არასამთავრობო ორგანიზაციამ – „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა“, „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ“, „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ“ და „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ“ საარჩევნო ადმინისტრაციის თავმჯდომარეობის არცერთ კანდიდატს დაუჭირა მხარი.

„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარემ“, ნიკოლოზ სვიმონიშვილმა კომისიის გადაწყვეტილება დაიწუნა. მისი თქმით, „ბევრი მიზეზის“ გამო, შერჩეულ კანდიდატებს საზოგადოების „მაღალი სანდოობა“ არ ექნებათ. „კომისიამ გადაწყვეტილების მიღების დროს, ან გამოიყენა ძალიან დაბალი სტანდარტი ან აქ იყო წინასწარ შეთანხმებული მოქმედება“, – დასძინა მანვე.

კომისიის წინასწარ შეთანხმებულ პოზიციაზე გაამახვილა ყურადღება „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის“ აღმასრულებელმა დირექტორმა, გიორგი კლდიაშვილმაც, რომელიც ამავე კომისიის თავმჯდომარე იყო. „ვფიქრობ, რომ ეს ნამდვილად არასწორი არის“, – დასძინა მანვე.

ქართული ოცნების დეპუტატმა, შალვა პაპუაშვილმა, რომელიც ცოტა ხნის წინ მიღებულ საარჩევნო კოდექსზე მუშაობდა, არასამთავრობო ორგანიზაციები ცესკოს თავმჯდომარეობის არცერთი კანდიდატის მხარდაჭერის გამო კონკურსის ჩაშლის მცდელობაში დაადანაშაულა.

მანვე აღნიშნა, რომ არასამთავრობო ორგანიზაციები ცესკოს წევრობის კანდიდატებში „სამართლიანი არჩევნების“ გამგეობის თავმჯდომარის თამარა სართანიას მოხვედრისთვის „შეთანხმებით“ და „კოორდინირებულად“ მოქმედებდნენ.

აღსანიშნავია, რომ თავად „სამართლიანმა არჩევნებმა“ სართანიას კანდიდატურისთვის ხმის მიცემისგან თავი შეიკავა. ამ უკანასკნელს მხარი არასამთავრობო ორგანიზაციების გარდა კომისიის სხვა წევრებმაც დაუჭირეს.

დიდი ალბათობით, ცესკოს თავმჯდომარეობის კანდიდატებს არც საპარლამენტო ოპოზიციური პარტიების მხარდაჭერა ექნება, რაც იმას ნიშნავს, რომ ქართული ოცნების მმართველი გუნდი მის დამტკიცებას ხმების 2/3-ით ვერ შეძლებს და ახალი თავმჯდომარე პოსტს მხოლოდ 6 თვით დაიკავებს.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button