skip to content
ახალი ამბები

თამარ ჟვანია თანამდებობას ტოვებს

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ, თამარ ჟვანიამ დღეს განაცხადა, რომ 1 ივლისიდან თანამდებობას ტოვებს, „რაც მისცემს საშუალებას პოლიტიკურ მხარეებს განახლებული საარჩევნო კოდექსის საფუძველზე აირჩიონ ცესკოს თავმჯდომარე“.

ჟვანიას განცხადებით, „შარლ მიშელის შეთანხმების საფუძველზე მიღებულმა საარჩევნო რეგულაციებმა ახალი რეალობა მოიტანა“ და „საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის ახალი წესით არჩევა იქნება დამატებითი, ხელშემწყობი ფაქტორი ფართო პოლიტიკური თანხმობისთვის“.

„დარწმუნებული ვარ, რომ ჩემი გადაწყვეტილება გაზრდის კონსტრუქციული ურთიერთობების შესაძლებლობას პოლიტიკურ ძალებს შორის, რაც თავის მხრივ წაადგება საარჩევნო ადმინისტრაციას, მომავალ საარჩევნო პროცესს და მთლიანად ჩვენს ქვეყანას“, – დასძინა მანვე.

საარჩევნო კოდექსის თანახმად, ახლა, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს ახალი კანდიდატის შესარჩევად კონკურსის გამოცხადებისთვის 2 დღე აქვს, რის შემდეგაც ცესკოს ახალ თავმჯდომარეს მომდევნო ხუთი წლის ვადით პარლამენტი ხმების 2/3-ით დაამტკიცებს.

იმ შემთხვევაში, თუკი კანდიდატი ხმების საჭირო რაოდენობას ვერ მიიღებს, მეორე ჯერზე მის დასამტკიცებლად დეპუტატების იგივე რაოდენობა იქნება საჭირო, მესამედ 3/5, ხოლო ბოლოჯერ უბრალო უმრავლესობა, ანუ 76 დეპუტატი. უბრალო უმრავლესობით არჩევის შემთხვევაში, ცესკოს ახალი თავმჯდომარე პოსტს დროებით, მხოლოდ 6 თვის ვადით დაიკავებს.

თამარ ჟვანია ცესკოს თავმჯდომარედ 2013 წელს დაინიშნა და 2018 წელს კი მან ეს თანამდებობა მეორე ვადით დაიკავა. 2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ჟვანიას გადადგომა ოპოზიციის ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა იყო. მათი მტკიცებით, არჩევნები „მნიშვნელოვანი დარღვევებით“ ჩატარდა და „გაყალბდა“.

არასამთავრობოების გამოხმაურება

არჩევნების თემაზე მომუშავე ოთხმა ძირითადმა არასამთავრობო ორგანიზაციამ განაცხადა, რომ თამარ ჟვანიას გადადგომამ „შეიძლება მნიშვნელოვნად შეუწყოს ხელი 2021 ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის საარჩევნო ადმინისტრაციისა და საარჩევნო პროცესების მიმართ ნდობის ამაღლებას“.

„სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ“, „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ“, „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველომ“ და „ღია საზოგადოების ფონდმა“ ერთობლივ განცხადებაში აღნიშნეს, რომ ცესკოს თავმჯდომარეობის ახალი კანდიდატი მაღალკვალიფიციური, გამოცდილი და მიუკერძოებელი უნდა იყოს და იგი საპარლამენტო პოლიტიკურ პარტიებს შორის „მაქსიმალური კონსესუსის საფუძველზე“ უნდა შეირჩეს.

მათივე თქმით, ახალი თავმჯდომარის არჩევის პროცესი მაქსიმალურად „ღია“ და „გამჭვირვალე“ უნდა იყოს, რამდენადაც „მომავალი არჩევნების შედეგების ლეგიტიმურობა სწორედ საარჩევნო კომისიების მიერ გაწეული სამუშაოს მიმართ არსებულ საზოგადოებრივ ნდობაზე იქნება დამოკიდებული“.

მასალა არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადების შესაბამისად განახლდა.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button