Placeholder canvas
ახალი ამბები

საქართველომ ავღანეთიდან სამხედრო ქვედანაყოფების გამოყვანა დაიწყო

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 21 მაისის განცხადებით, დასავლეთ სარდლობის მესამე ქვეითი ბრიგადის ნაკრები ასეული პირველი ქვედანაყოფია, რომელიც ავღანეთის ისლამური რესპუბლიკიდან სამშობლოში დაბრუნდა.

ქართული კონტინგენტი ნატოს ეგიდით მიმდინარე „მტკიცე მხარდაჭერის მისიას“ გერმანული სარდლობის დაქვემდებარებაში, მაზარ-ი-შარიფში, ბაზა „მარმალზე“ ასრულებდა.

ქართველი სამხედროების საერთაშორისო მისიიდან დაბრუნება ვაზიანში, მეოთხე მექანიზებული ბრიგადის ტერიტორიაზე საზეიმოდ აღნიშნეს. ღონისძიებას საქართველოს თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე, თავდაცვის ძალების მეთაური, გენერალ-მაიორი გიორგი მათიაშვილი და საქართველოში გერმანიის ელჩი ჰუბერტ ქნირში ესწრებოდნენ.

„ჩვენ ვამაყობთ, რომ საერთაშორისო მისიებში მსოფლიო მშვიდობის უზრუნველსაყოფად საქართველო მნიშვნელოვან კონტრიბუციას ეწეოდა“, – თქვა მინისტრმა ბურჭულაძემ და ხაზი გაუსვა, რომ ამისთვის ქვეყანა მომავალშიც „ყველა არსებულ ფორმატში გააგრძელებს ძალისხმევას“.

ნატოს მოკავშირეებმა მტკიცე მხარდაჭერის მისიის ფარგლებში ავღანეთში განთავსებული სამხედრო დანაყოფების გამოყვანის გადაწყვეტილება 2021 წლის აპრილში მიიღეს. ავღანეთიდან სამხედრო ძალებს სრულად მომდევნო რამდენიმე თვის განმავლობაში გამოიყვანენ.

საქართველო ნატოს წინამძღოლობით ავღანეთში მიმდინარე სამშვიდობო მისიაში სხვადასხვა როტაციის ფარგლებში 2004 წლიდან მონაწილეობს. სამხედრო დანაყოფების გამოყვანამდე ავღანეთში 860 ქართველი სამხედრო იმყოფებოდა, მთლიანობაში კი – ავღანეთის საერთაშორისო მისიებში 20 000-ზე მეტი ქართველი ჯარისკაცი მონაწილეობდა.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button