ახალი ამბები

ირაკლი ღარიბაშვილმა მადრიდში ვიზიტი დაასრულა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 19-20 მაისს ოფიციალური ვიზიტით მადრიდს სტუმრობდა, სადაც იგი ესპანელ კოლეგას პედრო სანჩესს და ესპანეთის კონგრესის პრეზიდენტ მარიჩელ ბატეტს შეხვდა. პრემიერს დელეგაციის სხვა წევრებთან ერთად, თან საგარეო საქმეთა, ეკონომიკისა და გარემოს დაცვის მინისტრები – დავით ზალკალიანი, ნათია თურნავა და ლევან დავითაშვილიც ახლდა.

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ცნობით, 20 მაისს გამართულ შეხვედრაზე ორი ქვეყნის პრემიერ-მინისტრებმა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ასევე ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართ ესპანეთის „მკაფიო“ მხარდაჭერას გაუსვეს ხაზი.

პრემიერმა სანჩესმა საქართველოში მიმდინარე დემოკრატიული რეფორმების მიმართ მხარდაჭერა გამოხატა და აღნიშნა, რომ საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების ხელშეკრულებას რეგიონის სტაბილურობისა და ეკონომიკური განვითარებისთვის მნიშვნელოვანი წვლილის შეტანა შეუძლია. მანვე საქართველოში სხვადასხვა პროექტში ინვესტირების გაზრდის კუთხით ესპანეთის ინტერსს გაუსვა ხაზი, მათ შორის, ინფრასტრუქტურის, განახლებადი ენერგიისა და ტურიზმის სფეროებში.

მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, 19 მაისს, კონგრესის პრეზიდენტ ბატეტთან შეხვედრაზე მხარეებმა საპარლამენტო მიმართულებით ორ ქვეყანას შორის არსებულ ურთიერთობებზე იმსჯელეს და ორი ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოების ეკონომიკური კომიტეტების ერთობლივი ფორუმის ორგანიზების საკითხი განიხილეს.

ამასთან, შეხვედრისას, მხარეებმა ყურადღება ასევე გაამახვილეს საქართველოს როლზე რეგიონში და სამომავლო ნაბიჯებზე, რომლებიც ხელს შეუწყობს ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავებას.

ოფიციალურ შეხვედრებამდე, საქართველოს პრემიერმა ესპანეთის მეფე ფილიპე VI-თან და დედოფალ ლეტიციასთან ერთად, საერთაშორისო ტურისტული გამოფენა FITUR 2021 გახსნა. გახსნის ცერემონიალს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალური მდივანი ზურაბ პოლოლიკაშვილიც ესწრებოდა.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button