skip to content
ახალი ამბები

ეროვნულმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთი 9.5%-მდე გაზარდა  

საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა 28 აპრილს რეფინანსირების განაკვეთი 1 პროცენტული პუნქტით, 9.5%-მდე გაზარდა, რაც ბოლო 13 წლის ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. ზრდის მიზეზად ბანკმა ინფლაციაზე ეკონომიკის მაღალი დოლარიზაციითა და ლარის გაუფასურებით გამოწვეული ზეწოლა დაასახელა.  

მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის თქმით, 2021 წელს ინფლაცია საშუალოდ 6.5%-ის ფარგლებში იქნება და შემდეგ კი მიზნობრივ 3%-იან მაჩვენებელს ეტაპობრივად დაუახლოვდება.  

სხვა ფაქტორებს შორის, რომლებიც ინფლაციაზე ზეწოლას ახდენს, კომიტეტმა ტურიზმის ინდუსტრიის პერსპექტივებთან დაკავშირებით მაღალი გაურკვევლობა, კოვიდ-19-ის გაუარესებული ეპიდემიოლოგიური სიტუაცია, ფისკალური დეფიციტი და სავაჭრო პარტნიორ ქვეყნებში ბოლო დროს განვითარებული მოვლენები დაასახელა.  

მაღალი დოლარიზაციიდან მომდინარე წნეხთან გასამკლავებლად, ივლისის თვიდან, უცხოური ვალუტით მოზიდული სახსრებისთვის მინიმალური სარეზერვო მოთხოვნების ნორმა ინდივიდუალურად, ცალკეული კომერციული ბანკისთვის, დეპოზიტების დოლარიზაციის მიხედვით განისაზღვრება. ბანკის თქმით, თუ დეპოზიტების დოლარიზაციის მაჩვენებელი 40 პროცენტს არ აღემატება, მაშინ სარეზერვო ნორმა 1 წლამდე ნარჩენი ვადიანობის მქონე უცხოური ვალუტით მოზიდული სახსრებისთვის 25-დან 10 პროცენტამდე მცირდება; თუ დოლარიზაცია 70 პროცენტი ან მეტია, ის კვლავ 25 პროცენტი იქნება; ხოლო 40-70 პროცენტის შუალედში სარეზერვო ნორმა, დეპოზიტების დოლარიზაციის კლებასთან ერთად, წრფივად შემცირდება.   

„აღნიშნული ცვლილება ხელს შეუწყობს ლარის დეპოზიტების ბაზარზე კონკურენციის გააქტიურებას, ეტაპობრივად ლარზე მოთხოვნის ზრდასა და სავალუტო ბაზარზე წნეხის შერბილებას“, – აცხადებს ეროვნული ბანკი.  

მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის მომდევნო შეხვედრა 23 ივნისს გაიმართება.  

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button