ახალი ამბები

ვენეციის კომისია: ელექტრონული კომუკაციების შესახებ ახალი კანონი საფრთხეებს შეიცავს

ვენეციის კომისიამ 20 მარტს გამოქვეყნებულ მოსაზრებაში განაცხადა, რომ ელექტრონული კომუკაციების შესახებ კანონში 2020 წლის ივლისში შეტანილი ცვლილებები, რომლითაც კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების მიმწოდებელ კომპანიებში სპეციალური მმართველის დანიშვნის უფლებამოსილება მიენიჭა, საკუთრების უფლებასა და მედიის თავისუფლებაზე, ასევე სამართლიანი სასამართლოს უფლებაზე უარყოფითად აისახება.

კომისიის თქმით, სპეციალური მმართველების ძალაუფლება „იმდენად ფართო და გადაჭარბებულია, რომ როგორც ჩანს, მათ ერთადერთ შეზღუდვად მხოლოდ აქციების გასხვისება რჩებათ იმ ფონზე, როდესაც აქციონერებს კომპანიის გადაწყვეტილების მიმღებ სტრუქტურებსა თუ პროცესებში ხმის უფლება ფაქტობრივად წართმეული აქვთ“.

ვენეციის კომისიამ განაცხადა, რომ ის არ იცნობს არცერთ ევროპულ მარეგულირებელ ორგანოს, რომლის ხელშიც ამხელა ძალაუფლება იყოს.

საქმე ეხება ელექტრონული კომუკაციების შესახებ კანონში შეტანილ ორ ახალ დებულებას. ერთ-ერთი მათგანი არის ახალი პუნქტი, რომელიც დაემატა მე-11 მუხლს „კომისიის ძირითადი ამოცანები და ფუნქციები ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში“ და რომელშიც ნათქვამია, რომ კომუნიკაციების კომისიის გადაწყვეტილებები დაუყონებლივ უნდა აღსრულდეს. ვენეციის კომისია რეკომენდაციას აძლევს პარლამენტს, რომ ეს დებულება გააუქმოს, რათა შესაძლებელი გახდეს მარეგულირებლის გადაწყვეტილების შეჩერების მექანიზმის ამოქმედება.

რაც შეეხება მეორე დებულებას, 46-ე მუხლს, რომელიც კომისიას კომპანიებში მის მიერვე მიღებული გადაწყვეტილების აღსრულებისთვის სპეციალური მმართველის დანიშვნის უფლებამოსილებას ანიჭებს, ვენეციის კომისიამ განაცხადა, რომ ის უნდა შეიცვალოს ყველა დაინტერესებულ მხარესთან კონსულტაციებისა და მის ფორმულირებაში გამოყენებული ტერმინების განმარტების გზით. ვენეციის კომისია ასევე აცხადებს, რომ შესწორებულ მუხლში „მკაფიოდ უნდა განიმარტოს, რომ დებულება არ ვრცელდება ელექტრონული კომუნიკაციების ოპერატორი კომპანიის სამაუწყებლო საქმიანობაზე“.

ცვლილებები საქართველოს პარლამენტმა 2020 წლის 17 ივლისს მიიღო,  რასაც არასამთავრობოებისა და სატელეკომუნიკაციო კომპანიების კრიტიკა მოჰყვა. ამ დრომდე, კომუნიკაციების კომისიამ მხოლოდ ერთხელ გამოიყენა საკუთარი უფლებამოსილება, როდესაც „კავკასუს ონლაინში“ სპეციალური მმართველი დანიშნა.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Back to top button