skip to content
ახალი ამბები

ევროკავშირის მედიაცია: დანიელსონი საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებს ხვდება

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი საქართველოში პოლიტიკური კრიზისის მედიაციის საკითხში, ქრისტიან დანიელსონი 12-14 მარტს თბილისს სტუმრობს. იგი უკვე შეხვდა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს და პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს.

საქართველოს პრეზიდენტმა განაცხადა, რომ მისი შეხვედრა ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელთან „ძალიან ნაყოფიერი“ იყო. მან კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ მხარეებმა საქართველო პირველ ადგილზე უნდა დააყენონ და „იბრძოლონ დეპოლარიზაციისა და სტაბილურობისთვის“.

მოგვიანებით, დანიელსონთან მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ ქართული ოცნება მზად არის მოლაპარაკებების დროს „შედეგზე ორიენტირებული“ მხარე იყოს.

„ძალიან დიდი მოლოდინი გვაქვს, რომ ეს პროცესი დასრულდება ძალიან მოკლე დროში და იმედი მაქვს კონსტრუქციული დიალოგის და ჩვენი ოპოზიციის კონსტრუქციულობის“, – აღნიშნა ღარიბაშვილმა.

მისი თქმით, მოლაპარაკებებზე ქართულ ოცნებას პარტიის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე და ვიცე-სპიკერი კახა კუჭავა წარმოადგენენ.

თავის მხრივ, ევროკავშირის სპეციალურმა წარმომადგენელმა, შეხვედრების შემდეგ განაცხადა, რომ ევროკავშირში „სერიოზული“ წუხილები არსებობს საქართველოს პოლიტიკურ კრიზისთან დაკავშირებით. მან ასევე აღნიშნა, რომ პოლიტიკურმა პარტიებმა კრიზისის მოსაგვარებლად საჭირო კომპრომისი უნად გამოძებნონ.

„მინდა ხაზი გავუსვა, რომ ჩემი როლი, გუნდის როლი, ელჩ დეგნანთან ერთად, არის დახმარება ამ ძალისხმევაში“, – განაცხადა მან და დასძინა, რომ „საბოლოო ჯამში“ პოლიტიკურ მოთამაშეებზეა დამოკიდებული, რომ წინსვლას მიაღწიონ.

ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი, რომელიც  საქართველოში დღეს დილით ჩამოვიდა, ვიზიტის ფარგლებში ოპოზიციის ლიდერებს და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებსაც შეხვდება.

ქრისტიან დანიელსონის დანიშვნას თბილისში მანამდე სტუმრად მყოფი ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის ძალისხმევით ქართული ოცნების ხელისუფლებისა და ოპოზიციის შორის დიალოგის განახლება უძღვოდა წინ.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button