skip to content
ახალი ამბები

სერგეი ლავროვმა დაურ კოვეს მოსკოვში უმასპინძლა

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა 3 მარტს ოკუპირებული აფხაზეთის „საგარეო საქმეთა მინისტრს“, დაურ კოვეს მოსკოვში უმასპინძლა, სადაც მათ „2021-2022 წლების კონსულტაციების გეგმას“ მოაწერეს ხელი. გეგმა „საგარეო საქმეებში“ კოორდინირებულ თანამშრომლობას ისახავს მიზნად.

საინფორმაციო სააგენტო „აფსნიპრესი“სერგეი ლავროვის სიტყვებზე დაყრდნობით იტყობინება, რომ გეგმა ოკუპირებულ რეგიონთან „ეფექტიან და სისტემატურ ურთიერთქმედებას“ უზრუნველყოფს. ამავე ინფორმაციით, 2020 წელს სოხუმსა და მოსკოვს შორის სავაჭრო ბრუნვა გაიზარდა; ამას გარდა, მხარეები კორონავისურის წინააღმდეგ ბრძოლის საქმეშიც თანამშრომლობენ.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ხაზი გაუსვა, რომ მხარეებმა „თანამშრომლობის იმ ძირითადი მიმართულებით“ უნდა იხელმძღვანელონ, რომელიც აფხაზეთის ლიდერმა ასლან ბჟანიამ და რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა გასულ წელს სოჭში გამართულ შეხვედრაზე განსაზღვრეს.

თავის მხრივ, დაურ კოვე, აფხაზეთ-რუსეთის ურთიერთობების დინამიკას მიესალმა და მას „ოპტიმისტური“ უწოდა. მან ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების ფარგლებში მოსკოვთან თანამშრომლობის მნიშვნელობასაც გაუსვა ხაზი.

ოკუპირებული რეგიონის „საგარეო საქმეთა მინისტრი“ ასევე მიესალმა აფხაზეთსა და რუსეთს შორის „ფართო თანამშრომლობას“, რომელიც სოხუმსა და მოსკოვს შორის გასულ წელს „საერთო სოციალურ-ეკონომიკური სივრცის“ შესახებ  ხელმოწერილი შეთანხმების განხორციელებისკენაა მიმართული.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button