ახალი ამბები

საკონსტიტუციო სასამართლომ დაადგინა, რომ კოვიდ-19-თან დაკავშირებული შეზღუდვების უმეტესობა კონსტიტუციურია

საკონსტიტუციო სასამართლომ გუშინ დაადგინა, რომ კონსტიტუციურია იმ სამართლებრივი პროცედურის უმეტესობა, რომლებიც აღმასრულებელ ხელისუფლებას კოვიდ-19-ის პანდემიასთან დაკავშირებული შეზღუდვების შენარჩუნების საშუალებას აძლევს.

მოსარჩელეები, რომელთაც სასამართლოს გასული წლის მაისსა და ივნისში მიმართეს, ეჭვქვეშ აყენებდნენ საზოგადოებრივი ჯანდაცვის სისტემაში არსებული კრიზისის მართვის მიზნით მიღებული ყველა იმ კანონისა თუ განკარგულების კონსტიტუციურობას, რომლებიც საშუალებას აძლევს მთავრობას, შეზღუდოს საკუთრების უფლებები, გადაადგილების თავისუფლება, შეკრების თავისუფლება და შრომის თავისუფლება, ასევე არსებული კანონების დარღვევით ახალი რეგულაციები აამოქმედოს.

მოსარჩელეები აცხადებდნენ, რომ მიღებული კანონმდებლობა არ შეესაბამება ფუნდამენტური უფლებებისა და თავისუფლებების შეზღუდვის კონსტიტუციურ სტანდარტებს, ვინაიდან პარლამენტმა შესაბამისი უფლებამოსილების მთავრობისთვის გადასაცემად წინასწარ სათანადო პროცედურები არ განახორციელა. მოსარჩელეები აცხადებენ, რომ მთავრობას, ფაქტობრივად, შეექმნა თვითნებური გადაწყვეტილებების მიღების შესაძლებლობა, როგორიცაა ე.წ. „დე ფაქტო“ კომენდანტის საათი.

მოსარჩელეთა თქმით, პირის ფიზიკური თავისუფლების შეზღუდვა დასაშვებია მხოლოდ სასამართლო ხელისუფლების ჩართულობით. ამის საპირისპიროდ კი – სადავო ნორმები პირის იზოლაციაში/კარანტინში მოთავსების საკითხის გადაწყვეტას მიანდობს აღმასრულებელ ხელისუფლებას.

სასამართლომ მოსარჩელეთა არგუმენტების უმეტესობა არ გაიზიარა იმ მოტივით, რომ პირთა იზოლაცია, როგორც ამას მთავრობის 2020 მაისის განკარგულება ითვალისწინებს, არ წარმოადგენს კონსტიტუციით გარანტირებული ინდივიდუალური თავისუფლების შეზღუდვას. მოსამართლეთა არგუმენტების თანახმად, კარანტინში/იზოლაციაში მყოფ პირებს ნაკლებად ეზღუდებათ თავისუფლება, ვინაიდან მათ შეუძლიათ შეუზღუდავად გამოიყენონ ნებისმიერი ტიპის საკომუნიკაციო საშუალება და ინტერნეტი ნებისმიერი მიზნით.

თუმცა, სასამართლომ არაკონსტიტუციურად ცნო აღმასრულებელი ხელისუფლების მიერ შრომის უფლებების შეზღუდვა და განაცხადა, რომ ამგვარი ცვლილება ორგანულ კანონში (საქართველოს შრომის კოდექსში) ცვლილების შეტანის შედეგად უნდა განხორციელებულიყო.

რისკები დემოკრატიული პრინციპების წინააღმდეგ

მოსამართლე გიორგი კვერენჩხილაძემ განსხვავებული აზრი დააფიქსირა იმ ნაწილთან დაკავშირებით, სადაც სასამართლო საკუთრების უფლებების, ასევე გადაადგილებისა და შეკრების თავისუფლების შეზღუდვას კონსტიტუციურად ცნობს. მოსამართლემ განაცხადა, რომ ამგვარი უფლებამოსილების აღმასრულებელი ხელისუფლებისთვის დელეგირება კონსტიტუციას ეწინააღმდეგება, ვინაიდან „საქართველოს პარლამენტს თავად არ მიუღია გადაწყვეტილება უფლების შეზღუდვასთან დაკავშირებულ ისეთ პრინციპულ საკითხებზე, როგორებიცაა – უფლების შეზღუდვის შინაარსი და ფარგლები, მისი სახე და ინტენსივობა“.

მისივე თქმით, აღმასრულებელი ხელისუფლებისათვის ამგვარი უფლებამოსილების მინიჭება წარმოშობს „კონსტიტუციით განმტკიცებული დემოკრატიული მმართველობისა და ხელისუფლების დანაწილების პრინციპის უგულვებელყოფის რეალურ საფრთხეს და ქმნის ხელსაყრელ წინაპირობებს ერთპიროვნული/თვითნებური გადაწყვეტილებების მისაღებად“.

ედუარდ მარიკაშვილი, იურისტი და ერთ-ერთი მოსარჩელე, იზიარებს კვერენჩხილაძის არგუმენტებს და აღნიშნავს, რომ სასამართლომ შეცვალა ადრინდელი „მყარი, თანმიმდევრული პრაქტიკა“, რომელიც უფლებამოსილების დელეგირების სტანდარტს განსაზღვრავდა.

მისი თქმით, მოსამართლეთა კოლეგიის თავშეკავება, რომ მკაცრად შეეფასებინათ ხელისუფლების გადაწყვეტილება, ასევე აღძრავს ეჭვებს პოტენციური გავლენებისა და ლოიალობის შესახებ. მარიკაშვილმა „სამოქალაქო საქართველოს“ უთხრა, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება, შესაძლოა, უკავშირდებოდეს გასულ წელს კოლეგიის ორი წევრის – მოსამართლეების ვასილ როინიშვილისა და ხვიჩა კიკილაშვილის სადავო და გაუმჭირვალე პროცესებით დანიშვნას.

საქართველოს მთავრობამ კორონავირუსის გავრცელების შესაკავებლად შეზღუდვები 2020 წლის მარტში შემოიღო და ეპიდემიოლოგიური სიტუაციის მიხედვით, მათ დროდადრო ამსუბუქებს ან ამკაცრებს.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button