ახალი ამბები

8 თებერვლიდან ქვეყანაში შეზღუდვათა ნაწილი მოიხსნება

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, თბილისში, ქუთაისსა და რუსთავში მუნიციპალური ტრანსპორტი მუშაობა 1 მარტის ნაცვლად, 8 თებერვალს განაახლებს, აგრეთვე დაგეგმილზე ერთი კვირით ადრე გაიხსნება ბაზრობებიც.

ამასთან, 15 თებერვლიდან, ზემოთ დასახელებულ ქალაქებში მოსწავლეები საკლასო ოთახებს დაუბრუნდებიან, ასევე აჭარის შემდეგ, კვების ობიექტები ღია სივრცეში მუშაობის განახლებას უკვე საქართველოს მასშტაბით შეძლებენ.

დღეს, მთავრობის სხდომის დაწყებამდე, პრემიერმა გიორგი გახარიამ თქვა, რომ ამის შესაძლებლობას ვირუსის გავრცელების დადებითობის მაჩვენებელი იძლევა და დაამატა, რომ შეზღუდვები შაბათ-კვირას კვლავ ძალაში დარჩება.

მანვე შეზღუდვების შემსუბუქების პარალელურად, წესების დაცვის გამკაცრების მნიშვნელობაზეც გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ პირბადის ტარების წესის განმეორებით დარღვევის შემთხვევაში ჯარიმა გაორმაგდება (40 ლარი).

პრემიერმა ასევე ხაზი გაუსვა, რომ ნებისმიერი კომპანია, რომელიც წესებს დაარღვევს, ჯარიმასთან ერთად, სახელმწიფოს მხრიდან დახმარებითა და სუბსიდირებით ვეღარ ისარგებლებს და სამომავლოდ, ვერცერთ სახელმწიფო მხარდაჭერის პროგრამაში მიიღებს მონაწილეობას.

ამით პრემიერი, სავარაუდოდ, რესტორნების მფლობელთა მიერ დაგეგმილ საპროტესტო აქტს გამოეხმაურა. მათ ერთგვარი დაუმორჩილებლობა გამოაცხადეს და თქვეს, რომ შეზღუდვების მიუხედავად, ისინი 6 თებერვალს მუშაობას თვითნებურად განაახლებენ.

დღესვე, საქართველოს გასტრონომიის ასოციაციის დირექტორმა, ლევან ქოქიაშვილმა განაცხადა, რომ მთავრობის დღევანდელი გადაწყვეტილება „სტუმარ-მასპინძლობის სფეროს  გასაჭირიდან და კრიზისიდან“ გამოსვლის „პირველი ნაბიჯია“. მისივე თქმით, სექტორის წარმომადგენლები სამომავლო გეგმებზე სასაუბროდ დღეს შეიკრიბებიან.

ქვეყნის მასშტაბით, ორთვიანი მკაცრი შეზღუდვები 28 ნოემბერს ამოქმედდა. მაშინ მთავრობამ შეზღუდვების ეტაპობრივი შემსუბუქების პირობა დადო. 1 თებერვალს კი – ყველა შეზღუდვა სრულად, მათ შორის, კომენდანტის საათიც უნდა მოხსნილიყო. თუმცა, 22 იანვარს, ხელისუფლებამ შეზღუდვების მხოლოდ ნაწილის შემსუბუქების გადაწყვეტილება მიიღო, ნაწილი კი – 1 მარტამდე გადაავადა.

მთავრობის ამ გადაწყვეტილებას, ქვეყნის მასშტაბით, საზოგადოებისა და ბიზნესსექტორის წარმომადგენლების არაერთი პროტესტი მოჰყვა.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button