skip to content
ახალი ამბები

ეროვნულმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთი კვლავ 8%-ზე დატოვა

საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა 3 თებერვლის სხდომაზე რეფინანსირების განაკვეთი უკვე მეოთხედ, უცვლელად, 8%-ზე დატოვა და ამის მიზეზად ის ფაქტი დაასახელა, რომ კვლავ მაღალი რჩება გაურკვევლობა როგორც გლობალური ეკონომიკური აქტივობის აღდგენის დინამიკის, ისე ადგილობრივი დაკრედიტების ზრდის ტემპის შესახებ.

მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა განაცხადა, რომ „გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკის შენარჩუნების საჭიროება გამოიკვეთა. თუმცა, კომიტეტი მომავალში არც საპროცენტო განაკვეთის ზრდას გამორიცხავს“.

ეროვნული ბანკის თქმით, იანვარში წლიური ინფლაციის 2.8%-მდე შემცირება დროებითი ხასიათისაა და ის ბოლო ორი თვის განმავლობაში მთავრობის მიერ კომუნალური გადასახადების სუბსიდირებას უკავშირდება.

მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა განაცხადა, რომ ინფლაციის დინამიკაზე მოქმედ ფაქტორებს შორის აღსანიშნავია საერთაშორისო სასაქონლო ბაზრებზე ფასების მნიშვნელოვანი მატება. „ამასთან, ინფლაციაზე აღმავალი ზეწოლა ნარჩუნდება პანდემიასთან დაკავშირებული შეზღუდვების გახანგრძლივების ფონზე წარმოების ხარჯების ზრდისა და გაუფასურებული კურსის გამო“, – აცხადებს ეროვნული ბანკი.

ბანკის პროგნოზით, 2021 წელს ინფლაცია საშუალოდ 4 პროცენტის ფარგლებში შენარჩუნდება და შემდეგ მიზნობრივ 3%-იან მაჩვენებელს ეტაპობრივად დაუახლოვდება. სებ-ის განცხადებით, 2021 წელს ეკონომიკური ზრდა 4%-ის ფარგლებშია მოსალოდნელი და მისი მთავარი მამოძრავებელი ადგილობრივი მოთხოვნა იქნება.

მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის შემდეგი სხდომა 2021 წლის 17 მარტს ჩატარდება.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button