skip to content
ახალი ამბები

სასამართლომ ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა

თბილისის საქალაქო სასამართლომ 28 იანვარს გამართულ წინასასამართლო სხდომაზე, ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა 20 000-20 000 ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა.

სასამართლომ სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციის ყოფილ ექსპერტებს პროკურატურის ნებართვის გარეშე საზღვრის დატოვებაც აუკრძალა. ამასთან, ივერი მელაშვილი საგარეო საქმეთა სამინისტროში საქართველოს სახელწმიფო საზღვრის დელიმიტაციის, დემარკაციის და სასაზღვრო ურთიერთობათა სამსახურის უფროსის თანამდებობიდან გაათავისუფლა.

„არსებითად არ ვეთანხმებოდი გირაოს იქიდან გამომდინარე, რომ არავითარი ბრალეულობა არ მიგვიძღვის არც მე და არც ნატალია [ილიჩოვას]“, – თქვა ივერი მელაშვილმა. მანვე წაყენებულ ბრალს „უსაზიზღრესი აბსურდი“ უწოდა და ხაზი გაუსვა, რომ „ეს ყველაფერი პოლიტიკური ნიშნით არის“.

მელაშვილი ადვოკატმა ედუარდ მარიკაშვილმა აღნიშნა, რომ ბრალდებულების მხარის მიმართ გირაოს გამოყენებაც არ იყო საჭირო და, შესაძლოა, დაცვის მხარემ მელაშვილის სამსახურიდან გათავისუფლებასთან ერთად, სასამართლოს ეს გადაწყვეტილებაც გაასაჩივროს, რადგანაც ის მისი დაცვის ქვეშ მყოფის ფინანსურ მდგომარეობასთან მიმართებით არაპროპორციულია.

გათავისუფლების შემდეგ, მედიასთან არ უსაუბრია ნატალია ილიჩოვას, მისმა ადვოკატმა კი – ხაზი გაუსვა, რომ იმის გათვალისწინებით, რომ, სამწუხაროდ, სასამართლო სწორ გადაწყვეტილებებს „იშვიათად იღებს“, მას ეს გადაწყვეტილება „უნდა დავუფასოთ“.

სხდომის პარალელურად, თბილისის საქალაქო სასამართლოს ეზოში  მელაშვილისა და ილიჩოვას მხარდასაჭერად ოპოზიციისა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენელები შეიკრიბნენ და კიდევ ერთხელ აღნიშნეს, რომ ისინი უკანონოდ იყვნენ დაკავებულნი. შეკრებილებმა გათავისუფლებულებისთვის გირაოს თანხის შეგროვებაში დასახმარებლად კამპანიის წამოწყების პირობაც დადეს.

მოგვიანებით, სამოქალაქო მოძრაოობა „სირცხვილიამ“ სოციალურ ქსელში ინფორმაცია გაავრცელა, რომ გათავისუფლებულების დასახმარებლად წამოწყებული კამპანიის ფარგლებში 2 საათში ორივე მათგანისთვის გირაოს სრული თანხა – 40 000 ლარი სრულად შეგროვდა.

პროკურატურამ სასამართლოს მათთვის პატიმრობის გირაოთი შეცვლის მოთხოვნით დღეს მიმართა. საგამოძიებო უწყება თითოეულისთვის 30 000-30 000 ლარიანი გირაოს შეფარდებას ითხოვდა. პროკურატრამ განმარტა, რომ ბრალდებულების მიერ „ჩადენილი ქმედებების გარშემო გამოძიება სრულად არის ამოწურული“, ამ ეტაპისთვის კი – გამოძიება მათთვის დავალების გამცემი პირების იდენტიფიცირებაზე მუშაობს.

ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა 2020 წლის 7 ოქტომბერს, საპარლამენტო არჩევნებამდე ერთი თვით ადრე დააკავეს. გამოძიება მათ „უცხო ქვეყნისთვის საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემისკენ მიმართულ მოქმედებას“ ედავება. ბრალდებულები ბრალს არ აღიარებენ და საქმეს პოლიტიკურად მოტივირებულად მიიჩნევენ.

მელაშვილი-ილიჩოვას საქმეს პოლიტიკურად მოტივირებულად აფასებს ოპოზიციისა და სამოქალაქო საზოგადოების დიდი ნაწილიც. ისინი მთელი ამ ხნის განმავლობაში ორი „პოლიტიკური პატიმრის“ გათავისუფლებას ითხოვდნენ.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button