ახალი ამბები

ჟენევის დისკუსიების თანათავმჯდომარეები სოხუმს და ცხინვალს ესტუმრნენ

ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებმა ევროკავშირიდან, გაეროდან და ეუთოდან, ტოივო კლაარმა, ჯიჰან სულთანოღლუმ და რუდოლფ მიხალკამ, 25-26 ნოემბერს სოხუმსა და ცხინვალში დისკუსიების 51-ე რაუნდის მოსამზადებელი შეხვედრები გამართეს.

მანამდე, 23 ნოემბერს, ანალოგიური შეხვედრა თბილისში შედგა, რომელსაც ქართული მხრიდან საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ლაშა დარსალია ხელმძღვანელობდა. ამის შემდეგ, თანათავმჯდომარეები სოხუმსა და ცხინვალში გაემგზავრნენ, სადაც აფხაზეთის „პრეზიდენტ“ ასლან ბჟანიასა და ჟენევის დისკუსიებზე ცხინვალის წარმომადგენელს, მურატ ჯიოევს შეხვდნენ.

აფხაზური მედიის ცნობით, სოხუმში 25 ნოემბერს გამართული შეხვედრების დროს, მხარეებმა ჟენევის დისკუსიების მომდევნო რაუნდის დღის წესრიგი, ასევე პანდემიის პირობებში რეგიონული უსაფრთხოებისა და სტაბილურობის საკითხები განიხილეს.

აფხაზურმა მხარემ შეშფოთება გამოხატა „საქართველოს მილიტარიზაციის პროცესის“ გამო, კერძოდ კი – იმ სამხედრო წვრთნებთან დაკავშირებით, რომლებიც საქართველო-ნატოს პარტნიორობის ფარგლებში იმართება. ოკუპირებული აფხაზეთის ხელისუფლებამ აღნიშნა, რომ ამერიკული სამხედრო ხომალდის  USS Donald Cook-ის ცოტა ხნის წინანდელმა ვიზიტმა შავ ზღვაზე, შესაძლოა, „უარყოფილი გავლენა“ იქონიოს რეგიონულ უსაფრთხოებაზე.

აფხაზეთის „პრეზიდენტმა“, ასლან ბჟანიამ ჟენევის დისკუსიების თანათავმჯდომარეებს უთხრა, რომ სოხუმი ხელს შეუწყობს ისეთი გადაწყვეტილებების მიღებას, რომლებიც ხელსაყრელი იქნება არა მხოლოდ აფხაზეთისთვის, არამედ მთელი კავკასიისთვის. „ვიმედოვნებ, რომ დისკუსიების მოახლოებული რაუნდი სასარგებლო და პროდუქტიული იქნება“, – განაცხადა მან.

26 ნოემბერს, თანათავმჯდომარეები ცხინვალში მურატ ჯიოევს შეხვდნენ, რომელმაც აღნიშნა, რომ მიუხედავად კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებული სირთულეებისა, „არსებობს ბევრი უსაფრთხოებასთან დაკავშირებული და ჰუმანიტარული საკითხი, რომელთაც მოგვარება ესაჭიროებათ“.

ამ კუთხით, ჯიოევმა ხაზი გაუსვა დევნილთა პრობლემას და აღნიშნა, რომ ეს საკითხი ვერ გვარდება, ვინაიდან „2010 წლიდან მოყოლებული საქართველოს ყოველწლიურად გაეროში ლტოლვილთა შესახებ პოლიტიზირებული რეზოლუციები შეაქვს“.

უწოდა რა მას „დესტაბილიზაციის“ მუდმივი წყარო, ჯიოევმა განაცხადა, რომ ჩორჩანა-წნელისის ქართული საპოლიციო პოსტი უნდა გაუქმდეს. „სამხრეთ ოსეთის მხარემ აღნიშნა, რომ მიუხედავად პანდემიისა, ძალიან მნიშვნელოვანია ჟენევაში შეხვედრის გამართვა, კავკასიაში ბოლო დროს განვითარებული მოვლენების ფონზე“, – უთხრა ჯიოევმა ჟურნალისტებს შეხვედრის შემდეგ.

ჟენევის დისკუსიების 51-ე რაუნდი, რომელიც თავდაპირველად 31 მარტი – 1 აპრილს იგეგმებოდა, თანათავმჯდომარეებმა პანდემიის გამო გადადეს. დისკუსიების მორიგი რაუნდი 6-7 ოქტომბერს იყო დაგეგმილი, თუმცა უკვე მეორედ დეკემბრამდე გადაიდო, რადგანაც „დასწრების შესაძლებლობა მის ყველა მონაწილეს არ ჰქონდა“. თბილისმა მოსკოვი მოლაპარაკებების განზრახ ჩაშლაში დაადანაშაულა.

ასევე წაიკითხეთ: 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Back to top button