skip to content
ახალი ამბები

აშშ-ის ელჩმა საქართველოში მაიკ პომპეოს ვიზიტი შეაჯამა

საქართველოში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა 19 ნოემბერს განაცხადა, რომ თბილისში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ვიზიტი ევროატლანტიკური კავშირების გაღრმავების კუთხით აშშ-ის მიერ საქართველოს არჩევნის „მტკიცე მხარდაჭერის“ გამოხატულება, ასევე „რუსეთის აგრესიის ფონზე“, საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის „ურყევი მხარდაჭერის“ კიდევ ერთი დადასტურება იყო.

აღნიშნა რა, რომ აშშ-ს საქართველოსთან „მტკიცე ორმხრივი დღის წესრიგი აქვს“, კელი დეგნანმა თქვა, რომ მაიკ პომპეომ ქვეყნის ლიდერებთან შეხვედრების დროს, სხვა საკითხებთან ერთად, განიხილა „საქართველოს ბრძოლა კორუფციის წინააღმდეგ, მისი ძალისხმევა, ხელი შეუწყოს ეკონომიკურ ზრდას და ააშენოს თანამედროვე სახელმწიფო ინსტიტუტები, და ჩვენი პარტნიორობა გლობალური უსაფრთხოების გასაძლიერებლად“.

დეგნანის განცხადებით, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან შეხვედრაზე იმაზე იმსჯელა, თუ რა კეთდება სასამართლო რეფორმის განსახორციელებლად და როგორია დამოუკიდებელი სასამართლოს როლი ჯანსაღ დემოკრატიულ სისტემაში. „სახელმწიფო მდივან პომპეოს ჰქონდა შესაძლებლობა, შეხვედრის მონაწილეებისაგან მოესმინა, თუ რას აკეთებენ ისინი იმისათვის, რომ ასრულდეს მათი ოცნება ძლიერ და აყვავებულ სახელმწიფოზე“, – დაამატა მან.

ელჩი დეგნანის თქმით, საქართლოს კათოლიკოს-პატრიარქთან, ილია მეორესთან შეხვედრაზე „სახელმწიფო მდივანმა ხაზი გაუსვა საქართველოს როლს რელიგიის თავისუფლების საერთაშორისო ალიანსში და აღნიშნა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია რელიგიის თავისუფლების ხელშეწყობა და დაცვა“, – რათა ყველას ჰქონდეს საკუთარი რელიგიის თუ რწმენის აღმსარებლობის თავისუფლება.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button