skip to content
ახალი ამბები

ქართველი პოლიტიკოსები აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ვიზიტს აფასებენ   

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო 18 ნოემბერს თბილისში პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს, პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას, საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანს, ასევე სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებსა და საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ილია მეორეს შეხვდა.

თბილისიდან პომპეოს გამგზავრების შემდეგ, მმართველი გუნდისა და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმა ამერიკელი დიპლომატის ვიზიტი შეაფასეს.

19 ნოემბერს გამართულ მთავრობის სხდომაზე, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ აშშ-ის სახელმწიფო მდივანთან შეხვედრისას, მან საქართველოს დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებაზე, აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის გაღრმავებასა და მიმდინარე რეგიონულ მოვლენებში თბილისისა და ვაშინგტონის როლზე ისაუბრა.

„ყველაზე მთავარი გახლავთ ის, რომ სახელმწიფო მდივანმა ამერიკის ხალხის და მთავრობის სახელით საქართველოს ხალხს ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის, ჩვენი ქვეყნის ევროატლანტიკური განვითარების და რაც მთავარია სავაჭრო და ეკონომიკური ურთიერთობების შემდგომი გაღრმავების ურყევი მხარდაჭერა დაუდასტურა“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

დავით კირკიტაძემ ნაციონალური მოძრაობიდან მმართველი პარტია გააკრიტიკა და განაცხადა, რომ „ხელისუფლების მხრიდან არ იყო შეთავაზებები, ისეთი, როგორიც არის ამერიკის სამხედრო ბაზის განთავსება ჩვენს ქვეყანაში, უვიზო მიმოსვლა აშშ-თან“ და „მათ არც კი უხსენებით თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება ამერიკასთან“.

ევროპული საქართველოს წევრმა, სერგი კაპანაძემ განაცხადა, რომ „როდესაც ასეთი დიდი გამოწვევები არის რეგიონის წინაშე, უსაფრთხოების გამოწვევები, მათ შორის, პირდაპირ ომთან დაკავშირებული საფრთხეები, კიბერსაფრთხეები, ზოგადად რუსეთის აგრესიის საფრთხეები, ამ დროს, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ვიზიტი არის ძალიან მნიშვნელოვანი და კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს ამერიკის ამ რეგიონში ყოფნასა და ამერიკის ამ რეგიონში დარჩენას“.

„ასევე ძალიან კარგი და სწორი იყო, ის გზავნილი, რომელიც სამოქალაქო საზოგადოებამ გააჟღერა, საქართველოში ამერიკის მუდმივ სამხედრო ყოფნასთან დაკავშირებით. რა თქმა უნდა, ოპოზიციური ძალები მივესალმებით ასეთი ტიპის მიმართვას“, – დასძინა მან.

ლეიბორისტული პარტიის გენერალურმა მდივანმა, გიორგი გუგავამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ „მთავარი გზავნილი იყო საქართველოს სუვერენიტეტის, მისი ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა და არა ხელისუფლების მხარდაჭერა“. „თქვენ ნახეთ, რომ საჯარო ერთობლივი პრესკონფერენციაც კი არ მოუწყვიათ დღევანდელი ხელისუფლების წარმომადგენელთან“, – განაცხადა მან.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button