ახალი ამბები

NDI 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების ანგარიშს აქვეყნებს

აშშ-ის „ეროვნული დემოკრატიული ინსტიტუტის“ (NDI)  მიერ 2 ნოემბერს გამოქვეყნებული ანგარიშის თანახმად, შემაჯამებელ ოქმებში არსებულმა სავარაუდო უზუსტობებმა, ფართოდ გავრცელებულმა ცნობებმა საარჩევნო უბნებზე ან მის გარეთ დაშინების შესახებ, შედეგების დაგვიანებულმა გამოქვეყნებამ და წინასაარჩევნო პერიოდში ძალაუფლების ბოროტად გამოყენების განცდამ 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების წინ კანონმდებლობისა და ადმინისტრაციული პროცედურების გაუმჯობესების კუთხით მიღწეული პროგრესი გადაფარა.

ანგარიშის თანახმად, სანდო სადამკვირვებლო ჯგუფებმა ხაზი გაუსვეს საარჩევნო უბნების გარეთ ფიზიკური დაპირისპირების, ჟურნალისტებისა და დამკვირვებლების საქმიანობისთვის ხელის შეშლის, ამომრჩეველთა სავარაუდო მოსყიდვისა და ხმების გაყალბების, ასევე პარტიული კოორდინატორებისა და აქტივისტების მიერ უბნებზე ყოფნის შემთხვევებს.

ამავე დოკუმენტის თანახმად, ხელისუფლებისა და საარჩევნო კომისიების წარმომადგენლებს „განსაკუთრებული ნაბიჯების“ გადადგმა მოუწევთ არსებული წუხილების მოსაგვარებლად და საარჩევნო პროცესისა და საბოლოო შედეგების მიმართ საზოგადოების ნდობის უზრუნველსაყოფად.

„საარჩევნო პროცესის მკაფიო გაუმჯობესების გარეშე, დემოკრატიული ინსტიტუტების მიმართ საზოგადოების ნდობის შემცირება კვლავ გაგრძელდება“, – განაცხადა NDI-ის პრეზიდენტმა, დერეკ მიტჩელმა. „ახლა საჭიროა პოლიტიკური ნება, რომ პროცესის სამართლიანობა პარტიულ ინტერესებზე მაღლა დადგეს“, – დასძინა მან.

NDI-მ ასევე განაცხადა, რომ მართალია, საკანონმდებლო ჩარჩომ არჩევნების ჩატარებისთვის მყარი საფუძველი შექმნა, ოპოზიციურმა პარტიებმა და არასამთავრობო ორგანიზაციებმა საარჩევნო კომისიებში პარტიული ნიშნით მიკერძოების გამო პრეტენზიები გამოთქვეს და გასაჩივრების პროცესის მიმართ უნდობლობა გამოხატეს.

NDI-მ აღნიშნა, რომ არჩევნებთან დაკავშირებული სიახლეების პოლარიზებული გაშუქება და სატელევიზიო დებატებში შეზღუდული მონაწილეობა, ასევე წუხილები კამპანიის დაფინანსებასთან დაკავშირებით, კვლავ სერიოზულ პრობლემებად რჩება.

ასევე წაიკითხეთ: 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button