skip to content
ახალი ამბებიინტერვიუმოსაზრება

ქართველი ანალიტიკოსები საპარლამენტო არჩევნების შესახებ 

31 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები გაიმართება. ცოტა ხნის წინ მიღებული საკონსტიტუციო ცვლილებების თანახმად, მეათე მოწვევის პარლამენტში პროპორციული სიით 120 დეპუტატი და ერთმანდატიანი ოლქებიდან არჩეული 30 მაჟორიტარი შევა ( 77/73-ის ნაცვლად), საარჩევნო ბარიერი კი – 1% იქნება . ამასთან, პარტია, რომელიც ხმათა 40%-ზე ნაკლებს დააგროვებს, მთავრობის დამოუკიდებლად დაკომპლექტებას ვერ შეძლებს.

„სამოქალაქო საქართველომ“ მოახლოებული საპარლამენტო არჩევნებისა და არჩევნების შემდგომი პოლიტიკური გარემოს შეფასება კორნელი კაკაჩიასა და იაგო კაჭკაჭიშვილს სთხოვა.

კორნელი კაკაჩია – თსუ-ის პოლიტიკურ მეცნიერებათა მიმართულების პროფესორი, საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის დირექტორი:

„ეს საპარლამენტო არჩევნები მრავალმხრივ არის საინტერესო. უპირველეს ყოვლისა, საინტერესოა დაარღვევს თუ არა ქართველი ამომრჩეველი თავის მიერ დაწესებულ ტრადიციას, რომ არ აირჩიოს მმართველი პოლიტიკური პარტია მესამე ვადით. მიუხედავად იმისა, რომ პანდემიამ ამ კუთხით, შესაძლოა, გარკვეული კორექტივები შეიტანოს მმართველი პარტიის სასარგებლოდ და შეიძლება ითქვას, რომ არჩევნებმა ქართულ ოცნებას შედეგების თვალსაზრისით სულზე მოუსწრო, ბოლომდე გარანტირებული არაფერია. მითუმეტეს, თუ გავითვალისწინებთ, თუ როგორ ყოველდღიურად მძიმდება ეპიდემიოლოგიური სიტუაცია და ხელისუფლება, რომელიც აქამდე თავს იწონებდა პანდემიის წარმატებული მართვით, ბოლო პერიოდში, მთლად დამაჯერებლად ვერ გამოიყურება. ამ აღქმას კიდევ უფრო ამძაფრებს არსებული მძიმე სოციალურ-ეკონომიკური ფონი და კოვიდთან დაკავშირებული პიკის ფონზე არსებული მისმენჯმენტი.

მნიშვნელოვანია ფაქტორია ისიც, რომ საზოგადოებრივი კვლევის ბოლო შედეგებიდან იკვეთება, რომ არსებობს ამომრჩევლების საკმაოდ მნიშვნელოვანი ნაწილის დაკვეთა მრავალპარტიულ პარლამენტზე, რაც ამ სცენარის განხორციელების შემთხვევაში იქნება სწორი ნაბიჯი საქართველოში დემოკრატიული ფასეულობების კონსოლიდაციისთვის.

რაც შეეხება არჩევნების შემდგომ სიტუაციას, ბევრი რამ დამოკიდებული იქნება პარლამენტში არსებულ კონფიგურაციაზე. იმ შემთხვევაში, თუ მმართველმა პარტიამ ვერ შეძლო უმრავლესობის მიღება, მას მოუწევს პარტნიორობა სხვა (მათ შორის, მცირე) პარტიებთან, რაც აჩენს გარკვეულ მოლოდინებს, რომ ეს პროცესი, სწორად წარმართვის პირობებში, ხელს შეუწყობს კონსენსუსისკენ მიმართული პოლიტიკის წარმოებას. თუმცა, თუ გავითვალისწინებთ არსებული პოლიტიკური პოლარიზაციის მასშტაბებს, ძნელად წარმოსადგენია, თუ როგორ შეძლებენ ითანამშრომლონ ქართული ოცნება და ვთქვათ ნაციონალური მოძრაობა, ისევე, როგორც ბევრი სხვა პარტია. აქედან გამომდინარე, არაა გამორიცხული, რომ მომავალ პარლამენტში გაძნელდეს გარკვეული გადაწყვეტილებების მიღება, რამაც, შესაძლოა, გავლენა მოახდინოს სხვადასხვა სფეროს რეფორმების პროცესზე რომელიც ასე ჰაერივით სჭირდება დღეს ქვეყანას“.

იაგო კაჭკაჭიშვილი – თსუ-ის სოციოლოგიის მიმართულების პროფესორი, სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტის ხელმძღვანელი:

„ის, რაც ამ არჩევნებს გამოარჩევს წინა არჩევნებისაგან, 2016 წლის ან თუნდაც 2012 წლის არჩევნებისაგან არის, რომ ამ არჩევნებში გაჩნდა პოლიტიკური მიზიდულობის ახალი ცენტრი, თუ შეიძლება ასე რომ ითქვას, ანუ, სხვანაირად რომ ვთქვათ, ეს არჩევნები აღარ მიმდინარეობს ორპოლუსიანობის ნიშნით – როდესაც პოლუსის ერთ მხარეს იმყოფება ქართული ოცნება, ხოლო მეორე პოლუსზე იმყოფება ნაციონალური მოძრაობა.

მრავალი მცდელობის მიუხედავად, როგორც ხელისუფლების, ასევე ნაციონალური მოძრაობის მხრიდან, რომ ეს არჩევნები ისევ გადაეყვანათ ორპოლუსიანი დაპირისპირების რეჟიმში, არ გამოვიდა, ჩაიშალა და დღეს, ჩვენ ვხედავთ პოლიტიკურ ავანსცენაზე გამოსულ სხვადასხვა პოლიტიკურ პარტიას, რომელთაც აქვთ რეალური შანსი პარლამენტში მოხვდნენ და საპარლამენტო პროცესზე ან, ზოგადად, პოლიტიკურ პროცესზე საქართველოში გავლენა იქონიონ. ეს არის, ასე ვთქვათ, ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც ამ არჩევნებს გამოარჩევს.

შედეგად, ეს პარლამენტი იქნება გაცილებით უფრო მრავალფეროვანი, გაცილებით უფრო მეტი ხმა, განსხვავებული ხმა გაისმება ამ პარლამენტში, ვიდრე ეს იყო წინა პარლამენტში და, შესაბამისად, ერთპიროვნული ძალაუფლების მოპოვების პერსპექტივა ამ არჩევნების შედეგად, ფაქტობრივად, არ არსებობს. უკეთეს ვარიანტში, ახალი პარლამენტის დიზაინი იქნება კოალიციური მთავრობისგან შემდგარი, თუმცა, რომც არ შეიქმნას კოალიცია და, დავუშვათ, რომ ქართული ოცნება დამოუკიდებლად აყალიბებს მთავრობას, მაინც, მის მიერ მოპოვებული უმრავლესობა იქნება იმდენად მყიფე, რომ ქართულ ოცნებას მოუწევს, ანგარიში გაუწიოს პარლამენტში მოხვედრილი სხვა პოლიტიკური პარტიის შეხედულებებს, პოზიციებს, მოსაზრებებს, არჩევანს და ა. შ.

რომ შევაჯამოთ, მომავალი პარლამენტი აუცილებლად იქნება მრავალფეროვანი, ხოლო მრავალფეროვანი პარლამენტი სხვადასხვა პოლიტიკური სუბიექტისგან შემდგარი პარლამენტის პირობებში, დემოკრატია უფრო მეტად იმარჯვებს და ავტორიტარიზმი უფრო მეტად მარცხდება.

მე ვფიქრობ, რომ ჩვენ ამ არჩევნების შედეგად უნდა ველოდოთ პოლიტიკაში დემოკრატიული პროცესების გაღრმავების და გამყარების შესაძლებლობას, თუმცა, რასაკვირველია, ასეთ მრავალფეროვნებას თავისი, თუ შეიძლება ასე ითქვას, ჩრდილოვანი მხარეც აქვს. შეიძლება გაიწელოს რაღაც გადაწყვეტილებების მიღება, შეიძლება დროში გადაწყვეტილებების მიღების თვალსაზრისით ეს პარლამენტი არ იყოს ეფექტური, მაგრამ როდესაც სასწორზე დევს, გადაწყვეტილების მოკლე დროში მიღების ალბათობა და დემოკრატია, დემოკრატიული ატმოსფეროსა და დემოკრატიული გარემოს შექმნა, რასაკვირველია, ჩვენ არჩევანი უნდა გავაკეთოთ დემოკრატიის სასარგებლოდ, თუ გვინდა, რომ ვიყოთ მოდერნული საზოგადოება და თუ გვინდა, რომ ჩვენი პოლიტიკური ცხოვრება დაემსგავსოს ცივილიზებულ დემოკრატიულ ცხოვრებას“.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button