ახალი ამბები

სასამართლომ მარნეულისა და ბოლნისის ინციდენტზე დაკავებულებს გირაო შეუფარდა

ბოლნისის რაიონულმა სასამართლომ მარნეულსა და ბოლნისში ქართული ოცნებისა და ნაციონალური მოძრაობის აქტივისტებს შორის მომხდარი დაპირისპირების საქმეზე 4 დაკავებულს დღეს აღკვეთის ღონისძიების სახით გირაო შეუფარდა.

სასამართლომ 29 სექტემბერს, მარნეულში, ნაციონალური მოძრაობის აქტივისტების – ლაშა და გივი ქველაძეების, ასევე მათი თანმხლები პირის ცემის საქმეზე დაკავებულ გიორგი შალამბერიძესა და გიორგი ჯალაღონიას 4 000-4 000 ლარის ოდენობის გირაო შეუფარდა. პროკურატურა თითოეულისთვის 5 000 ლარიანი გირაოს შეფარდებას ითხოვდა.

დღესვე, ბოლნისის რაიონულმა სასამართლომ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის აქტივისტს ლაშა ქველაძეს, რომელიც თავის მხრივ მარნეულში მომხდარი დაპირისპირების საქმეზე დაზარალებულად არის ცნობილი, 3 000 ლარიანი გირაო შეუფარდა. გამოძიება მას 29 სექტემბერს ასევე მარნეულში საარჩევნო კომისიის თანამშრომლის ფიზიკურ შეურაცხყოფას ედავება.

სასამართლომ 4 000 ლარიანი გირაო შეუფარდა ნაციონალური მოძრაობის კიდევ ერთ აქტივსტს, არიფ იუსუფოვს, რომელიც 27 სექტემბერს ბოლნისის რაიონის სოფელ ნახიდურის ჩაიხანაში მომხდარი დაპირისპირების დროს ქართული ოცნების მხარდამჭერებისთვის „ბლაგვი საგნის გამოყენებით ჯანმრთელობის დაზიანებების მიყენების“ ფაქტზე იყო დაკავებული.

პროკურატურა ამ შემთხვევაშიც ორივე ბრალდებულისთვის 5 000-5 000 ლარიანი გირაოს შეფარდების შუამდგომლობას აყენებდა.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button