skip to content
ახალი ამბები

შსს-მ ბოლნისსა და მარნეულში მომხდარი დაპირისპირებების საქმეზე კიდევ 2 პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ 4 ოქტომბერს გავრცელებული განცხადებით, უწყების თანამშრომლებმა 27 და 29 სექტემბერს ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ ნახიდურსა და მარნეულში „მომხდარი ძალადობის ფაქტებზე“ ნაციონალური მოძრაობის ერთი აქტივისტი და პარტიის ერთი წევრი დააკავეს.

უწყების ცნობით, სამართალდამცველებმა 27 სექტემბერს ბოლნისის რაიონის სოფელ ნახიდურის ჩაიხანაში ქართული ოცნებისა და ნაციონალური მოძრაობის აქტივისტებს შორის მომხდარი დაპირისპირების დროს, ქართული ოცნების მხარდამჭერებისთვის „ბლაგვი საგნის გამოყენებით ჯანმრთელობის დაზიანებების მიყენების“ ფაქტზე ნაციონალური მოძრაობის 1 აქტივისტი დააკავეს.

ამასთან, უწყების თანამრომლებმა 29 სექტემბერს საარჩევნო კომისიის თანამშრომლისთვის ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტზე ნაციონალური მოძრაობის ერთი წევრიც დააკავეს.

შსს-ს ცნობით, ბრალდებულებს დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში 2 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.

უწყება 3 ოქტომებრს ნაციონალური მოძრაობის აქტივისტის დაკავების დროს პოლიციის საქმიანობისთვის ხელის შეშლის საქმესაც იძიებს.

შსს პოლიტიკურ პარტიებსა და მათ მხარდამჭერებს ძალადობრივი ქმედებებისგან თავის შეკავებისა და არჩევნების „მშვიდ, დემოკრატიულ და უსაფრთხო“ გარემოში ჩატარების უზრუნველყოფისკენ მოუწოდებს.

უწყებას წინასაარჩევნო კანპანიის დროს, მარნეულსა და ბოლნისში 27 და 29 სექტემბერს მომხდარი დაპირისპირებების საქმეზე ჯამში სულ 4 პირი ჰყავს დაკავებული. მათგან „ნაციონალური მოძრაობის აქტივისტებისა და მათი თანმხლები პირის“ ცემის საქმეზე ორის დაკავების შესახებ შსს-მ ინფორმაცია 3 ოქტომებრს გაავრცელა. დღეს უწყებაში დააზუსტეს, რომ მათგან ერთი ქართული ოცნების აქტივისტი, მეორე კი – „შპს მარნეულის მუნიციპალიტეტის ავტოპარკის ხელმძღვანელია“.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button