skip to content
ახალი ამბები

„რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“ მარნეულში ჟურნალისტებზე თავდასხმის გამოძიებას ითხოვს 

მედიის უფლებათა დამცველმა საერთაშორისო ორგანიზაციამ „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“ (RSF) 30 სექტემბერს განცხადება გამოაქვეყნა, სადაც მოუწოდა საქართველოს ხელისუფლებას „უზრუნველყოს ჟურნალისტების უსაფრთხოება“ და „გამჭირვალედ გამოიძიოს“ მარნეულში 29 სექტემბერს მომხდარი ინციდენტი, რომლის დროსაც, ჟურნალისტებსა და ოპერატორებს სცემეს, რომლებიც მარნეულში წინასაარჩევნო პროცესებს აშუქებდნენ.

ორგანიზაციის აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის განყოფილების ხელმძღვანელმა, ჟან კაველიემ საქართველოს ხელისუფლებას სრულყოფილი და გამჭირვალე გამოძიებისა და ყველა პასუხისმგებელი პირის იდენტიფიცირებისკენ მოუწოდა და აღნიშნა, რომ სახელმწიფო ვალდებულია, ჟურნალისტების დაცვა უზრუნველყოს. „ჟურნალისტებს უნდა შეეძლოთ საარჩევნო კამპანიის გაშუქება ისე, რომ თავად არ გახდნენ [თავდასხმის] სამიზნე“, – განაცხადა მან.

კაველიემ ასევე აღნიშნა, რომ ორგანიზაცია მოუწოდებს როგორც ქართულ ოცნებას, ისე ოპოზიციას, რომ უარი თქვან ამგვარ თავდასხმებზე.

„ამ მნიშვნელოვან არჩევნებამდე ოთხი კვირით ადრე, ბრძოლა ძალადობაში დამნაშავეთა დაუსჯელობის წინააღმდეგ აუცილებელია“, – დასძინა მან.

მარნეულში 29 სექტემბერს ტელეკომპანია „მთავარი არხის“ ორ ჟურნალისტს და ორ ოპერატორს, ასევე საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის ოპერატორს სცემეს. „მთავარი არხის“ ჟურნალისტის, ჯეიხუნ მუჰამედალის ჰოსპიტალიზება დასჭირდა. მან თავდამსხმელებს შორის ქართული ოცნების რამდენიმე აქტივისტი ამოიცნო.

ასევე წაიკითხეთ: 

 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button