Placeholder canvas
ახალი ამბები

ხუთი ოპოზიციური პარტია ეკონომიკისა და განათლების სფეროებში რეფორმებზე შეთანხმდა 

ხუთმა ოპოზიციურმა პარტიამ, მათ შორის ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ, ევროპულმა საქართველომ, გირჩმა, სტრატეგია აღმაშენებელმა და დემოკრატიული მოძრაობა – ერთიანმა საქართველომ 28 სექტემბერს, ეკონომიკისა და განათლების სფეროებში რეფორმებზე შეთანხმებას მოაწერეს ხელი.

ოპოზიციურმა პარტიებმა განაცხადეს, რომ შეთანხმება ისეთ რიგ რეფორმებს ითვალისწინებს, რომლებიც იმ შემთხვევაში გატარდება, თუ ისინი 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ხელისუფლებაში მოვლენ.

შეთანხმების ფარგლებში, ოპოზიცია რეფორმების გატარებას მიწის საკუთრების, განათლების, ასევე მთავრობისა და ბიუროკრატიის შემცირების კუთხით გეგმავს.

მხარეები მიწის რესტიტუციის ზოგად ჩარჩოზეც შეთანხმდნენ, რომლის თანახმადაც, დაურეგისტრირებელი მიწის ნაკვეთები, რომელიც ადამიანების ფაქტობრივ მფლობელობაშია და არავინ ედავება, მფლობელის საკუთრებად უნდა დარეგისტრირდეს. შეთანხმების თანახმად, სახელმწიფო ქონება და წიაღისეული, გარდა განსაკუთრებული გამონაკლისი შემთხვევებისა, საქართველოს მოქალაქეებზე თანაბრად ნაწილდება.

ხუთი ოპოზიციური პარტია ასევე შეთანხმდა, რომ არაუგვიანეს 2024 წლის ბოლომდე, „მთავრობის ზომა“ მთლიანი შიდა პროდუქტის 20%-ს არ უნდა აღემატებოდეს და ხელისუფლებაში მოსვლის მომენტიდან 100 დღის ვადაში, ეროვნული ვალუტის გაუფასურების პრევენციის მექანიზმები უნდა შემუშავდეს.

შეთანხმება კერძო განათლების სფეროს სახელმწიფო რეგულაციებისგან გათავისუფლებასა და საჯარო სკოლების ფინანსური და მმართველობითი ავტონომიის უზრუნველყოფასაც ითვალისწინებს.

ეს უკვე მესამე შეთანხმებაა, რომელსაც ოპოზიციურმა პარტიებმა ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) შუამავლობით მოაწერეს ხელი. 13 მარტს ისინი სასამართლო სისტემის რეფორმაზე, 16 სექტემბერს კი – მართლმსაჯულების სისტემის რეფორმაზე შეთანხმდნენ.

ასევე წაიკითხეთ: 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button