ახალი ამბები

ევროპარლამენტმა საქართველოს მიერ ასოცირების შეთანხმების შესრულებაზე ანგარიში მიიღო

16 სექტემბერს, ევროპარლამენტმა ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების შეთანხმების შესრულების თაობაზე ანგარიში მიიღო. ანგარიშს 552-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, 61-მა წინააღმდეგ მისცა ხმა, 78-მა კი თავი შეიკავა. დოკუმენტი დადებითად აფასებს ქვეყნის პროგრესს რეფორმებისა და ახალი კანონების მიღების კუთხით, ასევე პოლიტიკურ პარტიებს შორის 8 მარტს მიღწეულ შეთანხმებას; თუმცა, იმავდროულად, სასამართლო სისტემაში არსებულ ვითარებას „შემაშფოთებელს უწოდებს, მოსამართლეთა შერჩევის პროცედურებში არსებული ხარვეზებისა და ოპოზიციის წინააღმდეგ აღძრული რიგი საქმეების გამო, რომელთაც სამართლებრივი სისტემის მიუკერძოებასთან დაკავშირებით წუხილი გამოიწვია“. ანგარიშში ხაზი აქვს გასმული ოკუპირებულ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში გაუარესებული მდგომარეობას, ასევე რუსეთთან დაკავშირებული კიბერთავდასხმებს საქართველოს წინააღმდეგ.

ქვემოთ მოცემულია ძირითადი პუნქტები ანგარიშიდან:

ზოგადი საკითხები:

  • ევროპარლამენტი მიესალმება ევროკავშირსა და საქართველოს შორის ურთიერთობების გაღრმავებას და კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ასოცირების შეთანხმებისა და ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების ფარგლებში რეფორმების გაგრძელების საჭიროებას; ამასთან ადასტურებს საქართველოს სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას. პარლამენტი მიესალმება საქართველოს „საერთაშორისოდ აღიარებულ“ რეაგირებას კოვიდ-19-ის პანდემიაზე და ხაზს უსვამს საქართველოს, როგორც სანდო პარტნიორის როლს.
  • ევროპარლამენტი მიესალმება საქართველოს მოქალაქეების 900 000 უვიზო სტუმრობას ევროკავშირში, თუმცა საქართველოს მოქალაქეების მხრიდან ევროკავშირში თავშესაფრის „დაუსაბუთებელი“ მოთხოვნების გაზრდიდან გამომდინარე, მოუწოდებს წევრ სახელმწიფოებს საქართველო უსაფრთხო ქვეყნად აღიარონ, რათა მსგავს მოთხოვნათა  დამუშავების პროცესი დააჩქარონ.

პოლიტიკური დიალოგი და საპარლამენტო არჩევნები:

  • ევროპარლამენტი მიესალმება ქართულ პოლიტიკურ პარტიების მიერ 8 მარტის შეთანხმების ხელმოწერას, რამაც ხელი შეუწყო ვენეციის კომისიის რეკომენდაციების შესაბამისი საარჩევნო სისტემის ჩამოყალიბებას. პრეზიდენტი ზურაბიშვილის გადაწყვეტილება ორი ოპოზიციური ლიდერის შეწყალების თაობაზე ასევე შეფასდა, როგორც „დაძაბულობის შემცირებისკენ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯი“. ანგარიში მოუწოდებს ყველა მხარეს, „მოაგვარონ პოლიტიზირებული სასამართლო პროცესების ყველა საქმე“.
  • აღნიშნა რა, რომ ოქტომბრის არჩევნები საქართველოს დემოკრატიული კურსის დასამტკიცებლად გადამწყვეტია, ევროპარლამენტმა საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდა, სრულად გაიზიაროს OSCE/ODIHR-ის რეკომენდაციები და გადახედოს კანონმდებლობას, რათა აღმოფხვრას ხარვეზები და გამოწვევები, როგორებიცაა კამპანიისთვის ადმინისტრაციული რესურსების ბოროტად გამოყენება, კამპანიის დაფინანსების არასათანადო მეთოდები, დაუსჯელობა ძალადობისთვის, სიძულვილის ენის და ქსენოფობიის გავრცელება, ამომრჩეველთა მოსყიდვა. ანგარიში ხაზს უსვამს, რომ ამომრჩევლებს, განსაკუთრებით კი საჯარო მოხელეებს, უნდა შეეძლოთ ზეწოლისა და ანგარიშწორების შიშის გარეშე ხმის მიცემა.

კანონის უზენაესობა, კარგი მმართველობა და მედიის თავისუფლება

  • ევროპარლამენტმა შეშფოთება გამოხატა ოპოზიციური პოლიტიკოსების წინააღმდეგ ბოლო დროს მიმდინარე სასამართლო საქმეებთან დაკავშირებით, რამაც „მმართველ პარტიასა და ოპოზიციას შორის ნდობა შეარყია“. დოკუმენტის თანახმად, ამან „შესაძლოა უარყოფითი გავლენა იქონიოს ასოცირების შეთანხმებასა და თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებასთან დაკავშირებულ რეფორმებზე და წინააღმდეგობაში მოვიდეს ასოცირების შეთანხმების სულისკვეთებასთან“. ანგარიში მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას „თავი შეიკავოს პოლიტიკურად მოტივირებული საქმეების წარმოებისგან“.
  • ევროპარლამენტი ხაზს უსვამს, რომ მოსამართლეთა შერჩევის პროცედურები უნდა გადაიხედოს, რათა შესრულდეს ვენეციის კომისიის რეკომენდაციები. ევროპარლამენტის თქმით, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების „შერჩევის პროცედურები სრულად არ შეესაბამებოდა რეკომენდაციებს და სერიოზულ ხარვეზებს შეიცავდა“.
  • ანგარიშში გამოთქმულია მოწოდება, ქართველი სამართალდამცველების მიერ „მშვიდობიანი მომიტინგეებისა და ჟურნალისტების წინააღმდეგ, მათ შორის, 2019 წლის ივნისის მიტინგებისას“ „გადაჭარბებული ძალის გამოყენებასთან“ დაკავშირებულ ინციდენტებზე გამოძიება დაიწყოს.
  • ევროპარლამენტი ხაზს უსვამს, რომ საჭიროა „მკაფიო დებულებების“ არსებობა, რომლებიც ქართულ მედიაში უფასო და ფასიანი პოლიტიკური რეკლამების საკითხს დაარეგულირებს; იგი მოუწოდებს ხელისუფლებას, „თავი შეიკავოს მედიის თავისუფლებაში ჩარევისგან ან მედიის მფლობელების წინააღმდეგ პოლიტიკურად მოტივირებული საქმეების წარმოებისგან“.

დამიანის უფლებათა და ფუნდამენტური თავისუფლებების პატივისცემა

  • ევროპარლამენტი გმობს რუსეთის ფედერაციის მიერ – რომელიც ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონს აკონტროლებს – ადამიანის უფლებათა მუდმივ დარღვევას. პარლამენტის თქმით, ამ რეგიონების მოსახლეობას წართმეული აქვს ფუნდამენტური თავისუფლებები და ადამიანის უფლებები. ევროპარლამენტმა კიდევ ერთხელ დაუჭირა მხარი დევნილთა უსაფრთხო და ღირსეულ დაბრუნებას თავიანთ სახლებში. ანგარიში შეშფოთებას გამოხატავს საოკუპაციო ხაზებზე მიმდინარე „ბორდერიზაციის“ გამო.

ეკონომიკური და სავაჭრო ურთიერთობები

  • ევროპარლამენტი კმაყოფილებით აღნიშნავს, რომ საქართველოს მთლიანი ვაჭრობის 27% ევროკავშირზე მოდის და მოუწოდებს ევროკომისიას, რომ უფრო ღრმა ინტეგრაციისკენ მიმართული ინიციატივები გაააქტიუროს. ევროპარლამენტი ხაზს უსვამს სტრუქტურული რეფორმების მნიშვნელობას საქართველოში საინვესტიციო კლიმატის გასაუმჯობესებლად.

რეზოლუციაში განხილულ სხვა საკითხებს შორისაა დარგობრივი თანამშრომლობა და შრომის კანონმდებლობის რეფორმა, ასევე საქართველოს ძალისხმევა დისკრიმინაციის წინააღმდეგ.

ამ საკითხზე ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Back to top button