ახალი ამბები

ევროპარლამენტარებმა საქართველოში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებზე იმსჯელეს

ევროკავშირსა და საქართველოს შორის ასოცირების შეთანხმების შესრულებასთან დაკავშირებით, 14 სექტემბერს ევროპარლამენტის პლენარულ სხდომაზე დებატები გაიმართა. შეფასებით ანგარიშს, რომელსაც ევროკავშირი წარადგენს, კენჭს 16 სექტემბერს უყრიან.  

ქვემოთ მოცემულია ევროპარლამენტარების განცხადებები:  

კატი პირმა (ნიდერლანდები, სოციალურ-დემოკრატები) პარლამენტს სვენ მიკსერის სახელით მიმართა: „ვინაიდან განვიხილავთ ანგარიშს, რომელიც ევროკავშირსა და საქართველოს შორის ასოცირების შეთანხმების განხორციელებას ეხება, მინდა შეგახსენოთ, რომ ასოცირების შეთანხმება არის ყოვლისმომცველი დოკუმენტი, რომელიც რიგ სფეროებს მოიცავს, დაწყებული პოლიტიკური დიალოგით, კანონის უზენაესობით, ადამიანის უფლებებით და ფუნდამენტური თავისუფლებებით და დამთავრებული ეკონომიკური და სავაჭრო ურთიერთობებით. ანგარიში ხაზს უსვამს, რომ გაფართოებული თანამშრომლობა და ევროკავშირის მიერ საქართველოს მხარდაჭერა „მეტი მეტისთვის“ პრინციპს ეფუძნება და ყველა სფეროში რეფორმების განხორციელებაზეა დამოკიდებული. საქართველომ ამბიციური რეფორმები განახორციელა და ბევრს მიაღწია. უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოს ევროპული მისწრაფებები თითქმის ყველა პოლიტიკური პარტიის, ასევე ქართველი ხალხის ფართო მხარდაჭერით სარგებლობს. ანგარიშში ასევე ნათქვამია, რომ ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების შეთანხმება და ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება ევროკავშირის ერთიან ბაზარზე ქვეყნის ეტაპობრივ ინტეგრაციას ისახავს მიზნად. როგორც ვიცით, პოლიტიკური ცხოვრება საქართველოში საკმაოდ აქტიური და დინამიკურია. შემაშფოთებელი ტენდენციაა პოლიტიკურ არენაზე გაზრდილი პოლარიზაცია. ეს ანგარიში პოლიტიკური დისკურსის დე-ესკალაციის და რეფორმების გაგრძელების საჭიროებას უსვამს ხაზს, რათა მედიის თავისუფლება და სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობა უზრუნველყოფილი იყოს… [ოქტომბრის] არჩევნების მოახლოებასთან ერთად, ანგარიში მედიის თავისუფლების მხარდაჭერისა და დაცვის, ასევე ყველა პოლიტიკური პარტიის მიერ ამ მნიშვნელოვანი საარჩევნო კამპანიის დროს მედიაზე თანასწორუფლებიანი წვდომის საჭიროებას უსვამს ხაზს.  

არჩევნები 31 ოქტომბერს გაიმართება და მიმაჩნია, რომ თუ კოვიდ-19-თან დაკავშირებული ვითარება ამის საშუალებას მოგვცემს, ევროპარლამენტიც გააგზავნის სადამკვირვებლო მისიას საქართველოში. ანგარიში მიესალმება საქართველოს რეაგირებას კორონავირუსის პანდემიაზე და მეც მინდა ხაზი გავუსვა ევროკავშირსა და საქართველოს შორის სამაგალითო თანამშრომლობას კრიზისზე რეაგირების ფარგლებში… ანგარიში მკაცრად გმობს პროვოკაციებს და „ბორდერიზაციის“ პროცესს ადმინისტრაციული სასაზღვრო ზოლის გასწვრივ…“  

ჟუზებ ბორელ ფონტელესი (ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში): „როგორც იცით, საქართველო ძალიან ახლო პარტნიორია ჩვენს სამეზობლოში და ამბიციური ასოცირების შეთანხმების და ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების ხელმომწერია, რომელიც საერთო ღირებულებებს, პასუხისმგებლობასა და მიზნებს ემყარება.  ჩვენი ურთიერთობები მოიცავს ადამიანის უფლებათა სფეროს, უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობას, ერასმუს პლუსის ფარგლებში გაცვლით პროგრამებს. ჩვენი ნორმები, ჩვენი სტანდარტები თანდათან ერთმანეთს თანხვდება, რაც მათი მოქალაქეების ცხოვრებას რეალურად აუმჯობესებს. ჩვენი სურვილია, რომ გავაგრძელოთ საქართველოსთან თანამშრომლობა, 2020 წლის შემდგომაც შევათანხმოთ ასოცირების დღის წესრიგის საერთო პრიორიტეტები… ნება მომეცით, ამ ქვეყნის შიდა გამოწვევებსა და შესაძლებლობებზე გავამახვილო ყურადღება. მინდა სამი მნიშვნელოვანი საკითხი გამოვყო: საარჩევნო კონტექსტი, სასამართლო რეფორმა და კონფლიქტები.  

ეს თვე ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებამდე ძალიან მნიშვნელოვანია. მარტში პოლიტიკურმა პარტიებმა ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელშეწყობით ისტორიულ შეთანხმებას მიაღწიეს; შეიქმნა ახალი საარჩევნო სისტემა, უფრო ინკლუზიური და გამჭვირვალე არჩევნები. ახლა ველოდებით ამ კანონის ეფექტურ განხორციელებასა და უმაღლესი დემოკრატიული სტანდარტების პატივისცემას.  

რაც შეეხება სასამართლო სისტემას, მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს პარლამენტმა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის პროცესს გადახედოს, რომელიც იმ გამჭვირვალე და ნამდვილ, დამსახურებაზე დაფუძნებულ დაწინაურების პროცესს ძირს უთხრის, როგორც ეს თქვენს ანგარიშში ახსენეთ. ძალიან მნიშვნელოვანია დაცული იქნას ეთიკისა და სამართლიანობის უმაღლესი სტანდარტი სასამართლო სისტემაში.  

დაბოლოს, ნება მომეცით კიდევ ერთხელ დავადასტურო ჩვენი ურყევი მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. გეთანხმებით, რომ მიმდინარე „ბორდერიზაცია“ სრულიად მიუღებელია, ვინაიდან უსაფრთხოების კუთხით სიტუაციის გაუარესება სამხრეთ ოსეთის ოკუპირებულ რეგიონთან ადმინისტრაციული-სასაზღვრო ზოლის გასწვრივ, კერძოდ  ჩორჩანა-ხურვალეთში უკვე ვიხილეთ. ასევე შეშფოთებული ვარ გამშვები პუნქტების დაკეტვის გამო, რაც სამედიცინო მკურნალობას, კონტაქტებს და საარსებო წყაროზე წვდომას ართულებს“.  

მარინა კალიურანდი (ესტონეთი, სოციალ-დემოკრატები): „მივესალმები ცოტა ხნის წინ გატარებულ საარჩევნო რეფორმას, რომელიც ODIHR-ის რეკომენდაციებს შეესაბამება, და ვიმედოვნებ, რომ ის ქართულ პოლიტიკურ და მედიაგარემოში არსებული პოლარიზაციის შემსუბუქებას დაეხმარება. ასევე მინდა მივესალმო ქალთა წარმომადგენლობის ზრდის წახალისების საკითხს. მოვუწოდებ ყველა პოლიტიკურ პარტიას, განსაკუთრებით და მათ შორის, ოპოზიციას, ყველაფერი გააკეთონ 31 ოქტომბერს მშვიდობიანი, სამართლიანი და თავისუფალი არჩევნების ჩატარებისთვის. ეს არჩევნები გადამწყვეტი იქნება მომდევნო წლებში საქართველოს მომავლის განსაზღვრისთვის. საქართველომ შთამბეჭდავი რეფორმები განახორციელა; რა თქმა უნდა, შემდგომი წინსვლა კვლავ საჭიროა ზოგიერთ სფეროში, როგორებიცაა გარემოს დაცვა და მოწყვლადი ჯგუფების დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლა“.  

ვიოლა ფონ კრამონ-ტაუბადელი (გერმანია, მწვანეები/ევროპული თავისუფალი ალიანსი): „ჩვენი და თქვენი მხარდაჭერით, ძირითადმა პოლიტიკურმა პარტიებმა მოახლოებული არჩევნებისთვის ახალ საარჩევნო სისტემაზე შეთანხმებას მიაღწიეს. ეს არჩევნები გადამწყვეტია საქართველოს დემოკრატიული კურსისთვის. საქართველომ მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწია კორონავირუსთან ბრძოლაში. ამ ბრძოლაში ევროკავშირი საქართველოს რამდენიმე ასეული მილიონი ევროთი დაეხმარა. მართალია [საქართველო] რეგიონის ლიდერია, თუმცა გარკვეული პრობლემები კვლავ გადასაჭრელი აქვს. ქვეყნის შიგნით მილიარდელი ივანიშვილის ჩრდილოვანი მმართველობა დემოკრატიას საფრთხეს უქმნის. ქვეყნის გარეთ რუსეთის მიერ წარმოებული ჰიბრიდული ომი, სამხედრო ოკუპაციის, მცოცავი ანექსიის და კიბერთავდასხმების გზით, ქვეყნის სუვერენიტეტს საფრთხეს უქმნის… ყველა პოლიტიკური აქტორისთვის თანაბარი პირობები უნდა შეიქმნას, ხოლო სასამართლო სისტემა უფრო გამჭვირვალე გახდეს“.  

ანა ფოტიგა (პოლონეთი, ევროპელი კონსერვატორები და რეფორმატორები): „საპარლამენტო არჩევნების მოახლოებასთან ერთად, მოვუწოდებ საქართველოს ხელისუფლებას, რომ უზრუნველყოს თავისუფალი, სამართლიანი და გამჭვირვალე არჩევნების ჩატარება. ასევე მოვუწოდებ, რომ გაათავისუფლოს გიორგი რურუა, რითიც ოპოზიციურ ლიდერებთან 8 მარტს მიღწეული შეთანხმება შესრულდება“.  

ნაჩო სანჩეს ამორი (ესპანეთი, სოციალ-დემოკრატების პროგრესული ალიანსი): „ძალიან კარგია, რომ საქართველო რეფორმების განხორციელებას განაგრძობს იმ სფეროში, რომელიც ევროპულ სტანდარტებთან ყველაზე ახლოსაა. ქვეყანამ ორმაგი კრიზისი გაიარა, რომელიც დიალოგის და მოლაპარაკებების გზით დაძლია. ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურმა და ელჩმა ბევრი რამ გააკეთეს ოპოზიციასთან შეთანხმებაში დახმარების კუთხით. ვწუხვართ, რომ ოპოზიციამ პარლამენტში მხარი არ დაუჭირა საკონსტიტუციო რეფორმას და საარჩევნო რეფორმას… ახლა ძალიან მომთხოვნები ვართ მთავრობის და მმართველი პარტიის მიმართ. ვფიქრობთ, რომ ოპოზიციას მხარი უნდა დაეჭირა რეფორმებისთვის და იმ პოლიტიკური შეთანხმების გაგრძელებისთვის, რომელსაც ევროკავშირმა შეუწყო ხელი და რომლიდანაც როგორც უმრავლესობა, ისე ოპოზიცია სარგებელს იღებს. ამრიგად, არჩევნები ამ ახალი ფორმატით გაიმართება და კითხვა შემდეგია – ვაპირებთ თუ არა ამ არჩევნებზე დაკვირვებას იმ ფონზე, როდესაც არის პანდემია? იმავე ტიპის მისიის გაგზავნასთან დაკავშირებით, ევროპარლამენტი სირთულეებს ეჩეხება. ეუთო ჩვეულ სადამკვირვებლო მისიას აგზავნის და ვფიქრობ, ევროპარლამენტმა და ევროკავშირმაც იგივე უნდა გააკეთონ; ჩვენ მხარი უნდა დავუჭიროთ ადგილობრივ მისიებს, რადგანაც ისინი შესანიშნავად მუშაობენ ქვეყანაში…“  

ჟუზებ ბორელ ფონტელესი: „მართალი ხართ, ახლა საქართველოსთვის გადამწყვეტი მომენტია, რათა საკუთარი დემოკრატიის სიმწიფე აჩვენოს. თავად მე საქართველოში რთულ დროს ვიყავი, ბევრად უფრო რთულ დროს, ვიდრე ახლაა. ქვეყანა აჩვენებს სიძლიერეს, დემოკრატიულ სიძლიერეს, ეკონომიკურ განვითარებას და ჩვენ მხოლოდ უნდა მივესალმოთ, თუკი ჩვენი პარლამენტი გააძლიერებს თანამშრომლობას საქართველოს პარლამენტთან არჩევნების შემდეგაც. ასევე არ მოგვერიდება საქართველოს შევახსენოთ, რომ საჭიროა რეფორმების დღის წესრიგის სრულად შესრულება. პრობლემები საზღვრებთან [რუსეთზე] ვერ გაამართლებს იმ პრობლემების გადაუჭრელობას, რომელთა მოგვარებაც მხოლოდ ქართველ ხალხს შეუძლია. ევროკავშირი, ჩვენი ასოცირების შეთანხმების გზით, კვლავ განაგრძობს საქართველოს მხარდაჭერას დღესაც და შემდეგაც“.  

კატი პირის დასკვნითი განცხადება: „ეს დებატები ნათლად ცხადჰყოფს, რომ საქართველომ თავის ევროპულ გზაზე მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია. ევროპარლამენტი აღიარებს საქართველოს ხელისუფლების მიერ განხორციელებულ რეფორმებს, რომლებიც აძლიერებს დემოკრატიას, კანონის უზენაესობას, ადამიანის უფლებებსა და ფუნდამენტურ თავისუფლებებს. რა თქმა უნდა, ყველამ ვიცით, რომ კვლავ რჩება გასაკეთებელი საქმე. ნება მომეცით ორ საკითხზე გავამახვილო ყურადღება, რომელიც საქართველოსგან შემდგომ ერთგულებას მოითხოვს. პირველი და მნიშვნელოვანი, ასოცირების შეთანხმება ავალდებულებს საქართველოს ხელისუფლებას, რომ კანონის უზენაესობა გააძლიეროს და განაგრძოს სასამართლო სისტემის რეფორმა. მეორე, რასაც ასოცირების შეთანხმება ითხოვს, საქართველომ უნდა უზრუნველყოს მედიის თავისუფლება. ჩვენ ყველამ ვიცით, რომ საქართველოს მედია გარემო ძლიერ პოლიტიზირებულია და ვინაიდან ჩვენ აქ საქართველოს მოახლოებულ არჩევნებზე ვსაუბრობთ, ასევე გვესმის ის დიდი პასუხისმგებლობა, რომელიც საქართველოში პოლიტიკურ პარტიებს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარების თვალსაზრისით აკისრიათ… ქვეყანამ გრძელი გზა გაიარა დემოკრატიის, თავისუფლებისა და კეთილდღეობისკენ და ეს მოხდა ძალიან რთულ გეოპოლიტიკურ გარემოში. ევროკავშირმა ეს უნდა აღიაროს და რეფორმების გაგრძელების მთავარი მოტივატორი იყოს. ვფიქრობ, ყველა ვთანხმდებით იმაზე, რომ ქართველი ხალხი ამაზე ნაკლებს არ იმსახურებს.“

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button