skip to content
ახალი ამბები

ევროპარლამენტარები ასოცირების შეთანხმების შესრულებისა და ოქტომბერის არჩევნების შესახებ

ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტმა 19 მაისს საქართველოს მიერ ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების განხორციელების შესახებ ანგარიშის პროექტი განიხილა, რომელიც ევროპარლამენტარმა სვენ მიკსერმა მოამზადა.

მიესალმნენ რა საქართველოს როგორც ევროკავშირის მნიშვნელოვან პარტნიორს, ასევე იმ რეფორმებს, რომლებიც ქვეყანამ განახორციელა, ევროპარლამენტარებმა რამდენიმე პრობლემასაც გაუსვეს ხაზი, მათ შორის, „ხარვეზებს“ კანონის უზენაესობაში, მართლმსაჯულების რეფორმასა და კარგ მმართველობაში. ამ კონტექტსში, ევროპარლამენტარებმა 8 მარტის შეთანხმებით გათვალისწინებული საარჩევნო რეფორმის განხორციელებაზეც გაამახვილეს ყურადღება.

თავის შესავალ სიტყვაში, ევროპარლამენტარი სვენ მიკსეტი მიესალმა ოპოზიციის ლიდერების გიგი უგულავას და ირაკლი ოქრუაშვილის გათავისუფლებას და იმედი გამოთქვა, რომ საარჩევნო რეფორმის თაობაზე 8 მარტის შეთანხმება სრულად და დროულად შესრულდება.

ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ დევიდ მაკალისტერმა განაცხადა, რომ იგი მიესალმება იმ ფაქტს, რომ „15 მაისს პოლიტპატიმრები გაათავისუფლეს“.

მისი თქმით, 8 მარტის შეთანხმების შესასრულებლად მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაიდგა, თუმცა „კიდევ ერთი პოლიტპატიმარი – გიორგი რურუა – ჯერაც ელოდება გათავისუფლებას“.

მიესალმა რა უგულავას და ოქრუაშვილის გათავისუფლებას, პოლონელმა ევროპარლამენტარმა ანა ფოტიგამ ასევე ახსენა რურუა, „დამოუკიდებელი ბიზნესმენი“ და „დამოუკიდებელი მედიის მფლობელი“, რომელიც პატიმრობაში რჩება და აღნიშნა, რომ მის წინააღმდეგ წაყენებული ბრალდებები „უბრალოდ ყალბია“.

მან განაცხადა, რომ „საქართველო ჩვენი ძალიან მნიშვნელოვანი პარტნიორია“ და იმედი გამოთქვა, რომ წინასაარჩევნო პერიოდი მშვიდობიანად ჩაივლის.

ირლანდიელმა ევროპარლამენტარმა მიკ ვალასმა ასევე აღნიშნა, რომ მას სურს, რომ საქართველოში შემოდგომაზე „თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები“ იხილოს.

მიესალმა რა საქართველოს „შთამბეჭდავ რეფორმებს“, ესტონელმა ევროპარლამენტარმა მარინა კალიურანდმა, რომელიც ევროკავშირი-საქართველოს საპარლამენტო ასოცირების კომიტეტში ევროპარლამენტის დელეგაციის ხელმძღვანელია, განაცხადა, რომ „შემდგომი დაახლოებაა საჭირო რიგ სფეროებში, როგორიცაა შრომის კოდექსი, გარემოს დაცვა, მოწყვლადი ჯგუფების დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლა“.

კალიურანდის განაცხადებით, ქართული ოცნების დეპუტატმა ის დაარწმუნა, რომ საარჩევნო რეფორმის საპარლამენტო განხილვა მაშინვე განახლდება, როგორც კი ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა გაუქმდება.

გერმანელმა ევროპარლამენტარმა მიხაელ გალერმა იმედი გამოთქვა, რომ ივნისის ბოლომდე საკონსტიტუციო ცვლილების პროცესი დასრულდება. „ვფიქრობ, ეს ძალიან მნიშვნელოვანია და გვაძლევს შანსს და იმედს, განვაგრძოთ ჩვენი ძალიან ყოვლისმომცველი თანამშრომლობა“, – აღნიშნა მან.

ევროპარლამენტარმა რაფაელ გლუკსმანმა განაცხადა, რომ „შეთანხმება არ არის შესრულებული და უნდა მკაფიოდ ავუხსნათ საქართველოს ხელისუფლებას, რომ ეს არჩევნები იქნება ლაკმუსის ტესტი საქართველოს ევროპული გზისთვის და ის უნდა იყოს თავისუფალი და სამართლიანი და არ უნდა ხდებოდეს პოლიტიკოსების და ასევე მედიის სისხლის სამართლებრივი დევნა“.

„მოვუწოდებ საქართველოს ხელისუფლებას დაიწყოს სამართალდამცველების მიერ მომიტინგეებისა და ოპოზიციური პოლიტიკოსების წინააღმდეგ გამოყენებული ძალადობის სრული გამოძიება“, – განაცხადა ჩეხმა ევროპარლამენტარმა მარკეტა გრეგოროვამ.

მან ხაზი გაუსვა არასამთავრობო ორგანიზაციების მნიშვნელოვან როლს დემოკრატიული პროცესების ზედამხედველობის კუთხით და ევროკომისიას და ევროპულ საბჭოს მოუწოდა, მხარი დაუჭირონ ამ ძალისხმევას „პოლიტიკურად, ტექნიკურად და ფინანსურად“.

თავის გამოსვლაში ევროპარლამენტარმა ვიოლა ფონ კრამონ-ტაუბადელმა განაცხადა, რომ საქართველო ყოველთვის იყო დევიზი რეგიონში რეფორმების განხორციელების თვალსაზრისით და „მნიშვნელოვანია შევახსენოთ საქართველოს ხელისუფლებას, რომ ის რეფორმების განხორციელების მაგალითი უნდა გახდეს რეგიონში“.

მიულოცა რა საქართველოს „ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური რეაგირება, რომელიც მსოფლიოში გვინახავს“ კოვიდ-19-ის კრიზისზე, ევროკავშირის სამეზობლო პოლიტიკის გენერალური დირექტორატის, „აღმოსავლეთის სამეზობლო” პროგრამის ხელმძღვანელი ლორენს მერედითი მიესალმა ქვეყანაში განხორციელებულ ეკონომიკურ რეფორმებს. პოლიტიკური კუთხით, მან ორ საკითხს გაუსვა ხაზი – სასამართლო რეფორმას და არჩევნებს, რომლებიც, მისი თქმით, საქართველომ უნდა მოაგვაროს. ამ კონტექსტში, მან აღნიშნა, რომ „ყველა ნაბიჯი“ უნდა გადაიდგას 8 მარტის შეთანხმების „სრულად შესასრულებლად“.

რუსეთის, აღმოსავლეთ პარტნიორობის, ცენტრალური აზიის, რეგიონული თანამშრომლობისა და ეუთო-ს დირექტორატის ხელმძღვანელმა ლუკ დევინმა აღნიშნა, რომ მას ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების შეთანხმება წარმატებულად მიაჩნია. თუმცა, ხაზი გაუსვა, რომ საქართველოში „რიგი ხარვეზები“ არსებობს, მათ შორის, კარგი მმართველობისა და კანონის უზენაესობის სფეროებში.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button