Placeholder canvas
ახალი ამბები

„TI საქართველო“ რურუას საქმის მოსამართლეს ორგანიზაციის „დისკრედიტაციის მცდელობისთვის“ აკრიტიკებს

14 სექტემბრის განცხადებაში „საერთაშორისო გამჭირვალობა – საქართველომ“ შეშფოთება გამოხატა გიორგი რურუას საქმის მოსამართლის, ვალერიან ბუგიანიშვილის მიერ ორგანიზაციის „დისკრედიტაციის მცდელობის“ გამო და თქვა, რომ ბუგიანიშვილი თავისი ქმედებით აგრძელებს „უკიდურესად სახიფათო ტენდენციას, როდესაც სასამართლო სისტემა იმეორებს მმართველი პარტიის გზავნილებს და უფლებადამცველი ორგანიზაციის ავტორიტეტის შელახვას ცდილობს“.

„საერთაშორისო გამჭირვალობა – საქართველოს“ განცხადებას წინ უძღოდა ბუგიანიშვილის უარი განეხილა ორგანიზაციის მიერ თბილისის საქალაქო სასამართლოსთვის იანვარში წარდგენილი სასამართლოს მეგობრის მოსაზრება (Amicus Curiae) იმ მოტივით, რომ იგი „მიკერძოებული და დაცვის მხარის მხარდამჭერი“ იყო.

ორგანიზაციის თქმით, „ეს კიდევ ერთხელ მიანიშნებს, რომ გიორგი რურუას საქმის მოსამართლე, სავარაუდოდ,  პოლიტიკური მოტივებით ხელმძღვანელობდა“.

აღნიშნა რა, რომ Amicus Curiae ყველა დემოკრატიულ ქვეყანაში გავრცელებული პრაქტიკაა და რომ მისი მიზანი სასამართლოსათვის სამართლებრივი საკითხების შეფასებასა და სამართლიანი გადაწყვეტილების მიღებაში დახმარებაა, „საერთაშორისო გამჭირვალობა – საქართველომ“ ბუგიანიშვილი ამ მექანიზმის მიმართ „ზოგადი შეფასებებისა“ და „ზედაპირული დამოკიდებულების“ გამო გააკრიტიკა.

სამართალდამცავებმა გიორგი რურუა, ოპოზიციური ტელეკომპანია „მთავარი არხის“ ერთ-ერთი მეწილე, 2019 წლის 18 ნოემბერს დააკავეს, ხოლო 30 ივლისს სასამართლომ მას ოთხწლიანი პატიმრობა შეუფარდა იარაღის უკანონო შეძენა, შენახვა, ტარების ბრალდებით. რურუას ადვოკატები და მხარდამჭერები გამოძიებას პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებენ. „საერთაშორისო გამჭირვალობა – საქართველომ“ სასამართლოს მეგობრის მოსაზრებაში განაცხადა, რომ „გიორგი რურუას, პირადი ჩხრეკისა და სხვადასხვა საპროცესო მოქმედებების ჩატარებისას, არამართლზომიერად შეეზღუდა საქართველოს კონსტიტუციითა და საერთაშორისო აქტებით გარანტირებული უფლებები და თავისუფლებები“.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button