ახალი ამბები

თბილისი პანდემიის დროს აფხაზეთისა და ცხინვალისთვის გაწეულ დახმარებაზე საუბრობს 

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის 20 აგვისტოს განცხადებით, ცენტრალური ხელისუფლება პანდემიის ფონზე ოკუპირებულ აფხაზეთს კვლავ ეხმარება, ცხინვალის რეგიონის ხელისუფლება კი – თბილისთან თანამშრომლობაზე უარს აცხადებს.

უწყებამ განცხადება მას შემდეგ გაავრცელა, რაც არასამთავრობო ორგანიზაციებმა საქართველოს მთავრობას აფხაზეთის რეგიონის ჰუმანიტარული მხარდაჭერის გაძლიერებისკენ მოუწოდეს.

მინისტრის აპარატმა ხაზი გაუსვა, რომ მთავრობა და საერთაშორისო ორგანიზაციები აფხაზეთს დახმარებას რეგულარულად აწვდიან, მათ შორის, სამედიცინო აღჭურვილობას, მედიკამენტებსა და ჰიგიენურ საშუალებებს.

ამავე ინფორმაციით, ოკუპირებულ აფხაზეთში პანდემიის გავრცელების დღიდან, ცენტრალური ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე სამკურნალოდ 4 პაციენტი, მათ შორის, ორი სამედიცინო სფეროს წარმომადგენელი გადმოიყვანეს. მათგან ერთი უკვე გამოჯანმრთელდა, ხოლო სამის მკურნალობა გრძელდება.

მინისტრის აპარატმა ასევე აღნიშნა, რომ პანდემიისა და დაწესებული შეზღუდვების მიუხედავად, მთავრობას აფხაზეთში მცხოვრები ადამიანებისთვის სხვადასხვა სახის სამედიცინო მომსახურების გაწევა არ შეუჩერებია.

კერძოდ, 22 მარტიდან დღემდე, საქართველოს ოკუპირებული რეგიონებიდან ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე 1 000-მდე ადამიანი გადმოვიდა, აქედან 316 სასწრაფო სამედიცინო დახმარების საჭიროების მქონე პაციენტი სხვადასხვა დიაგნოზით პირდაპირ საავადმყოფოებში გადაიყვანეს, ხოლო 589 პირს საკარანტინო პერიოდის გავლის შემდეგ, შესაბამისი სამედიცინო დახმარება გაუწიეს.

ამავე ინფორმაციით, საქართველოს ხელისუფლებამ, საერთაშორისო პარტნიორებისა და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების დახმარებით, კოვიდ-ინფექციასთან გამკლავების მიზნით, რეკომენდაციებისა და პრევენციული ზომების შესახებ საინფორმაციო მასალა აფხაზურ და ოსურ ენებზე თარგმნა და გაავრცელა. ასევე, კორონავირუსის შესახებ ინფორმაცია აფხაზურ და ოსურ ენებზე ხელმისაწვდომი ოფიციალურ ვებგვერდ – www.stopcov.ge-ზეც გახდა.

რაც შეეხება ოკუპირებული ცხინვალის რეგიონს, მინისტრის აპარატმა სინანული გამოთქვა, რომ ცხინვალის ხელისუფლების მიერ 2019 წლის სექტემბერში ოძისის გამშვები პუნქტის დახურვის შემდეგ, რეგიონი „სრულიად ჩაკეტილი და ხელოვნურად იზოლირებული რჩება“.

აღნიშნა რა, რომ ცხინვალმა თბილისის დახმარების მზაობა უარყო, მინისტრის აპარატმა განაცხადა, რომ „წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტს – ადგილზე მოქმედ ერთადერთ საერთაშორისო ორგანიზაციას, ეთხოვა მოსახლეობის ჰუმანიტარული და სამედიცინო დახმარების გაზრდა, რასაც კონკრეტული შედეგები მოჰყვა“.

20 აგვისტოს მდგომარეობით, ოკუპირებულ აფხაზეთში კოვიდ-19-ის 224 შემთხვევაა დადასტურებული. სულ 82 პაციენტი უკვე გამოჯანმრთელდა, ხოლო 3 გარდაიცვალა. ბოლო თვის განმავლობაში, რეგიონში ვირუსის ახალი შემთხვევების მკვეთრი მატება დაფიქსირდა – მხოლოდ 22 ივლისის შემდეგ ოკუპირებულ რეგიონში კოვიდ-19-ის 196 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ოკუპირებულ ცხინვალში კოვიდ-19-ის სულ 89 დადასტურებული შემთხვევა ფიქსირდება. რეგიონის ინფორმაციით, უკვე ყველა პაციენტი გამოჯანმრთელდა.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button