skip to content
ახალი ამბები

საქართველოს პირველმა პირებმა აგვისტოს ომში დაღუპულებს პატივი მიაგეს

2008 წლის აგვისტოს ომის 12 წლისთავთან დაკავშირებით, საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი და პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია 8 აგვისტოს მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოს ეწვივნენ და ომში დაღუპული სამხედროების ხსოვნას პატივი მიაგეს და მათი საფლავები ყვავილებით შეამკეს.

პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ხაზი გაუსვა, რომ ომმა ჩვენ ვერ დაგვამარცხა და ოკუპირებული ტერიტორიების მიუხედავად, „ჩვენ ვართ ძლიერი, დემოკრატიული, თავისუფალი და დამოუკიდებელი ქვეყანა“.

„ჩვენ წინ წარმატებით მივდივართ, ისე რომ არ ვეგუებით, არ ვუთმობთ რუსეთს, ქედს არ ვიხრით“, – თქვა პრეზიდენტმა და დასძინა: „[საერთაშორისო პარტნიორებს] არ ავიწყდებათ, რაც მოხდა [2008 წელს], არ ეგუებიან ისე, როგორც არ ვეგუებით ჩვენ და ეს არის ჩვენი მთავარი გამარჯვება!“.

„დღეს დუმილისა და დაფიქრების დღეა. ჩვენ დღეს პატივს ვცემთ ჩვენს გმირებს“, – თქვა პრეზიდენტმა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია, პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე და თბილისის მერი კახა კალაძე მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპულებს პატივს მიაგებენ, 8 აგვისტო, 2020 წელი, ფოტო: პრეზიდენტის ადმინისტრაცია

გიორგი გახარიამ, რომელსაც თან მთავრობის წევრებიც ახლდნენ, თქვა, რომ ქვეყნის დეოკუპაცია და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა ეს „თითოეული ქართველის მიზანი“ იქნება საბოლოო გამარჯვებამდე.

მისივე განცხადებით, ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის აუცილებელი წინაპირობა „ევროატლანტიკური ინტეგრაცია და მშვიდობიანი განვითარებაა“.

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი თეა ახვლედიანი, 8 აგვისტო, 2020 წელი, ფოტო: შერიგებისა და სამოქალაქო საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში ახლადდანიშნულმა მინისტრმა, თეა ახვლედიანმა ოკუპირებულ რეგიონებსა და გამყოფი ხაზების გასწვრივ მცხოვრები მოქალაქეების მძიმე სოციალურ-ეკონომიკურ და ადამიანის ფუნდამეტური უფლებების „უხეშ“ დარღვევებზე გაამახვილა ყურადღება.

„ჩვენ ვართ მოწოდებული დავასრულოთ ეს რეჟიმი იმ თვალსაზრისით, რომ ჰუმანიტარულ და ადამიანის უფლებების ჭრილში, შევამსუბუქოთ ამ ადამიანების მდგომარეობა კონფლიქტის სრულფასოვან პოლიტიკურ გადაწყვეტამდეც კი“, – თქვა მინისტრმა.

„არ დავიშურებთ ძალ-ღონეს, არ დავიშურებთ ძალისხმევას, რომ ომით გახლეჩილი საზოგადოება შერიგდეს რაც შეიძლება სწრაფად და დასრულდეს ადამიანების ტანჯვა, რომლებიც ყოველდღიურად განიცდიან ამ მოუგვარებელი კონფლიქტის შედეგების სიმძიმეს“, – დასძინა მანვე.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button